საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კონსტიტუციური სარჩელი. სარჩელის თანახმად,რომ არა საარჩევნო კოდექსის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, პარტიას მეცხრე მოწვევის პარლამენტში 6-ის ნაცვლად 10 მანდატი ექნებოდა. რას ეფუძნება „პატრიოტთა ალიანსის“ არითმეტიკა და იზიარებენ თუ არა მის შეხედულებას ექსპერტები?
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პროპორციული წესით მანდატების გადანაწილების მოქმედ პრინციპს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი, რომელმაც გადალახა 5-პროცენტიანი ბარიერი, გადაუნაწილებელი მანდატების მისაღებად არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ და ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი წესი მათ მანდატების განაწილების პროცესიდან გამორიცხავს, იგი დისკრიმინაციულია მათ მიმართ (მოქმედი წესით, კანონი მანდატებს არგუნებს არა პარლამენტში მოხვედრილ ყველა სუბიექტს, არამედ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც საერთო ხმების 8 პროცენტზე მეტი მოიპოვეს). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის“ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიჩნია, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ეტაპზე არ გაითვალისწინა „პატრიოტთა ალიანსის“, კერძოდ, მისი ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის მოთხოვნა, სარჩელი დაჩქარებული წესით განეხილათ:
“გვინდა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვუწოდოთ იმისკენ, რომ ამ საქმის განხილვა მოხდეს, აი, ამ დღეებში დაჩქარებული წესით, იმიტომ რომ იკრიბება პარლამენტის პირველი სხდომა და ძალიან მნიშვნელოვანია, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს საკონსტიტუციო სასამართლო, იმიტომ რომ საქმე ეხება მნიშვნელოვან საკითხს - „პატრიოტთა ალიანსის“ 4 დეპუტატს არ აქვს საშუალება ამ არასწორი, არამართებული, მახინჯი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიიღოს სადეპუტატო უფლებამოსილება“.
„პატრიოტთა ალიანსი“ საკონსტიტუციო სარჩელში ასაჩივრებს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისობას კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რომელიც თანასწორობის პრინციპს შეეხება და ამბობს, რომ პროპორციული კენჭისყრის შედეგებით გადაუნაწილებელი მანდატები მხოლოდ იმ პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს პარლამენტის დეპუტატის 6 მანდატი, „პატრიოტთა ალიანსი“ კი ასეთი არ არის-პარტიას, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელის, ლევან ნატროშვილის თანახმად, 3 მანდატი დაემატა. თავად საკონსტიტუციო სარჩელის შეფასებისას იგი ამბობს, რომ დარჩენილი მანდატების გადანაწილების წესში კონსტიტუციასთან შესაბამისობის პრობლემა ნამდვილად არის, თუმცა ეს არ ეხება იმას, რასაც „პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს. მაგალითად, მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნებში პროპორციული კენჭისყრის შედეგად გადაუნაწილებელი დარჩა 14 მანდატი, რომელიც ამ შემთხვევაში თანაბრად ერგო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“. ლევან ნატროშვილი კი ფიქრობს, რომ გადაუნაწილებელი მანდატებიც მიღებული ხმების პროპორციულად უნდა გაყოფილიყო:
“არგუმენტი იმის შესახებ, რომ არსებული წესი მანდატების განაწილებისა, აი, კონკრეტულად ის ნაწილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის შეუსაბამო კონსტიტუციასთან, ვიზიარებთ ჩვენ ამ არგუმენტს, მაგრამ იმ სცენარს, რომ არსებული კანონმდებლობით 10 მანდატი უნდა შეხვედროდა „პატრიოტთა ალიანსს“, ამას არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ ესეც არ იქნებოდა სამართლიანი, კანონიდან არც ეს არ გამომდინარეობს, ცალსახად წერია კანონში. არ არის სამართლიანი ეს კანონი, მაგრამ ის სცენარი, რომ 10 უნდა შეხვედროდა მათ, ესეც არ იქნებოდა სამართლიანი“.
აქვე ლევან ნატროშვილი შენიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელს დააკმაყოფილებს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტაციაში ცვლილებები არ მოხდება. საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი მრჩევლის, გიორგი ლომთაძის, განმარტებით კი, საკითხების არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა:
“ამ ეტაპზე დადგენილია მიმართება მოსარჩელის მიერ დადგენილ პრობლემასა და კონსტიტუციის მე-14 მუხლს შორის. რაც შეეხება არსებით საკითხებს, ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს“.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ექვსი თვის ვადა აქვს.