Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები


სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების არამომგებიანობის თემა საკმაოდ ცნობილი თემაა. ეს თემა დროდადრო აქტუალობას იძენს, სტატისტიკა კი მუდმივად ადასტურებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ხშირად წამგებიანია.

რამდენიმე დღის წინ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული სახელმწიფო საწარმოების შესახებ ორგანიზაციებმა IDFI-მ და გადასახადის გადამხდელთა კავშირმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბალანსზე არსებული აგრარული პროფილის 71 საწარმოდან მხოლოდ 15 ფუნქციონირებს. საწარმოებს ფლობს და მათ ზედამხედველობას უწევს 3 უწყება, აქედან უმრავლესობა - 59 საწარმო - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშაა.

2012 წელს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული 8 მოქმედი მსხვილი საწარმოს საერთო ზარალმა 25 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს იმ პირობებში, როცა სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო ყოველწლიურად სუბსიდირებას ახორციელებს, კერძოდ, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარგის განვითარებისთვის 170 მილიონი გამოიყო, 2014 წელს კი 187 მილიონ ლარზე მეტის გამოყოფაა დაგეგმილი.

სახელმწიფო საწარმოთა არაეფექტურობის საკითხი საკმაოდ მწვავედ დაისვა რამდენიმე წლის წინაც, როცა საქართველოს კონტროლის პალატამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომ 2009 წლის 1 ოქტომბრისათვის მხოლოდ სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს კონტროლის ქვეშ 1426 საწარმო იყო. იმავე დასკვნის მიხედვით, 2008 წელს 1426 საწარმოდან 317 საწარმო დაფიქსირდა მომგებიანად, ხოლო საერთო მოგების 98 პროცენტი მხოლოდ 15 საწარმოს ჰქონდა და ეს თანხა დაახლოებით 114 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2010 წელს, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ხელისუფლებამ ახალი ცვლილებებიც განახორციელა კანონმდებლობაში, რაც საწარმოების გაერთიანებას და მათ „მსხვილ პაკეტებად“ გაყიდვას უწყობდა ხელს. მას შემდეგ ასეთი საწარმოების რაოდენობა შემცირდა, თუმცა არ გაზრდილი მათი ეფექტურობა.

ბოლო წლების მონაცემებით, - მაგალითად, 2012 წლის მონაცემებით, - ქონების მართვის სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოებიდან ფინანსური ანგარიში წარადგინა 103-მა საწარმომ. აქედან 2012 წელი მოგებით დაასრულა მათმა ნახევარმა - 51-მა საწარმომ.

დღეისთვის საწარმოთა მართვის სააგენტოს მართვაში 340 საწარმოა, საიდანაც მხოლოდ 1/3-ია მომგებიანი. თუმცა ეს არ არის სრული მონაცემი და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების ნაწილი სხვა უწყებების ბალანსზეცაა, რაც, ზოგადად, შეუძლებელს ხდის მათ სრულფასოვან აღრიცხვასა და გაანალიზებას. იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების ნუსხაც კი არ არის ბოლომდე ცნობილი, საკმაოდ ძნელია საუბარი ამ საწარმოების ფინანსურ გამჭვირვალობაზე. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ გამჭვირვალობის პრობლემის დაძლევაა. შემდგომი და მნიშვნელოვანი ეტაპია ამ საწარმოების განსახელმწიფოებრიობის გაგრძელება და მათი ნუსხის გონივრულ მინიმუმამდე დაყვანა.

XS
SM
MD
LG