Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულება


საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში. ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით მიმოვიხილოთ საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლები.

შემოსულობების მხრივ, მობილიზებულია 6,504,502 ლარი, რაც 9 თვის გეგმის 99,5 პროცენტია. ამ მაჩვენებლით, შემოსულობების სახით სახელმწიფო ბიუჯეტს 33 მილიონ 209,300 ლარი დააკლდა. გეგმის ჩამორჩენით იქნა მობილიზებული მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსავლები, კერძოდ, შესრულდა გეგმის 89,6 პროცენტი. მცირედი დანაკლისით შესრულდა სხვა გადასახადებიდან მისაღები შემოსავლებიც - გეგმის 92,8 პროცენტი. წინა წლისა და კვარტალების მსგავსად, დანაკლისით შესრულდა სხვა შემოსავლების მუხლი - გეგმის 71,6 პროცენტი. უფრო კონკრეტულად, ყველაზე დიდი დანაკლისით შესრულდა შემოსავლები საკუთრებიდან - 26,5 პროცენტი. 2014 წლიდან მოყოლებული, ვერ ხერხდება საგარეო ფინანსური ვალდებულებების მიღება, კერძოდ, საინვესტიციო გრძელვადიანიშეღავათიანი კრედიტების მიღება - 9 თვის მონაცემებით, მობილიზებულია გეგმის მხოლოდ 55,5 პროცენტი. უფრო კონკრეტულად, 205 მილიონამდე ლარის ჩამორიცხვა არ მოხდა ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევის კუთხით, გეგმით განსაზღვრული გადასახდელებიდან დაიხარჯა 91,6 პროცენტი, რაც ნიშნავს დაუხარჯავ დაახლოებით 565 მილიონ ლარს. ფუნქციონალურ ჭრილში, არც ერთი მუხლით არ შესრულდა გადასახდელები სრულად. ყველაზე დაბალი მაჩვენებლით - გეგმის 71,8 პროცენტით - შესრულდა არაფინანსური აქტივების ზრდის (კაპიტალური დანახარჯების) მუხლი. 81,1 პროცენტით შესრულდა დაგეგმილი საშინაო ვალდებულებების კლების, ე.ი. საშინაო ვალის გასტუმრების, მუხლი. გეგმასთან ყველაზე ახლოს შესრულდა შრომის ანაზღაურების, სოციალური უზრუნველყოფის მუხლებით დასაფინანსებელი გადასახდელები.

ორგანიზაციულ ჭრილში: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - შესრულებულია დაგეგმილი გადასახდელების 87 პროცენტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 60 პროცენტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 91 პროცენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - 82 პროცენტი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო - 86 პროცენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო - 95 პროცენტი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები - 96 პროცენტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 87 პროცენტი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის - 88 პროცენტი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - 30 პროცენტი, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის - 98 პროცენტი, ენერგეტიკის - 63 პროცენტი, სოფლის მეურნეობის - 84 პროცენტი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების - 82 პროცენტი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა - 95 პროცენტი.

დღეს არსებული ფორმატით ბიუჯეტის ანგარიშგებისას ქვეყნდება მხოლოდ ფინანსური ინფორმაცია, ნაკლებად მოიპოვება ინფორმაცია შესაბამისი სამინისტროების მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგებისა და მათი ხარისხის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს საჯარო ფინანსების რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებულია მომდევნო წლებში ბიუჯეტის ანგარიშგების სრულყოფა და განხორციელებული პროგრამების შედეგების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

XS
SM
MD
LG