Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

28 იანვარს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება მიპყრობილი იყო საქართველოსთან დაკავშირებულ საინფორმაციო ანგარიშზე, რომლის ტექსტიც მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებში განიხილებოდა. კომიტეტის თანამომხსენებლებს საკუთარი შეფასებები და მიდგომები გააცნეს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ითქვა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შიდაპოლიტიკურ ჭიდილში არ ჩაერევა.

წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და მედიის თავისუფლება – წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას საინფორმაციო ანგარიში, რომელიც საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს, 2015 წლის ოქტომბერში, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების მიერ შეგროვილ ინფორმაციასა და შეფასებებს ეყრდნობა. წინასწარი ინფორმაციით, ანგარიშის ტექსტი მოიცავს „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ გახმაურებულ საქმეს, რომლის პოლიტიზების პროცესის შეჩერება საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ეს იყო გარკვეული წუხილის თემა, თუმცა შეცვლილია ვითარება, ისევე როგორც „რუსთავი 2“ აბსოლუტურად შეუზღუდავად აგრძელებს მაუწყებლობას...
მანანა კობახიძე

საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები წუხილს გამოხატავდნენ, უკეთესობისკენ არის შეცვლილი და ჩვენ მათ ამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ, – განაცხადა 28 იანვარს სტრასბურგში უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა მანანა კობახიძემ. ის კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:

„ეს ეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს თუ, მაგალითად, ახალგაზრდა დაკავებული აქტივისტების საქმეს, რომლებიც უკვე გათავისუფლებული არიან გირაოთი და მათ შეეცვალათ პატიმრობა. მე ვგულისხმობ (დეპუტატ) დავით ლორთქიფანიძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ ადამიანებს. ეს იყო გარკვეული წუხილის თემა, თუმცა შეცვლილია ვითარება, ისევე როგორც „რუსთავი 2“ აბსოლუტურად შეუზღუდავად აგრძელებს მაუწყებლობას“.

შესაბამისი განმარტებების კვალდაკვალ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა მოელის, რომ მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელთა საბოლოო ანგარიში დადებითი ასპექტების ამსახველი იქნება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები კი ვარაუდობენ, რომ ანგარიშში მწვავე კრიტიკული აქცენტები დაისმება. ასე ფიქრობს, მაგალითად, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი:

„მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოში იყვნენ სწორედ იმ დროს, როდესაც ხდებოდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული მოვლენები, როდესაც დააკავეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები. მათი შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ საქართველოში წინასწარი პატიმრობის უკანონო გამოყენება იყო და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო გამოყენება; ასევე, ზეწოლა მედიაზე და პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ოპონენტების და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ.

ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი

შესაბამისად, ყველა ეს საკითხი, ისევე როგორც უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით გაუარესებული მდგომარეობა და გამოუძიებელი საქმეები, იქნება საინფორმაციო ანგარიშის ნაწილი“.

28 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთელ რიგ საკითხებში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები შეხვდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე ხელისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს. საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელმა კირსტინ ლუნდგრენმა, კონკრეტული დეტალების დასახელების გარეშე, აღნიშნა, რომ მედიაპლურალიზმისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის თემა ყოველთვის ევროსაბჭოს ყურადღების ცენტრშია და ეს მაშინაც, როცა მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები არ იმყოფებიან საქართველოში.

28 იანვარს, დღის განმავლობაში, დეტალები მედიის წარმომადგენლებთან არც მეორე თანამომხსენებელს, ბორის ცილევიჩსს, დაუკონკრეტებია. მან, უბრალოდ, თქვა, რომ მონიტორინგის მისია არჩევნებამდე ჩამოვა საქართველოში, რათა ადგილზე გაეცნოს არსებულ ვითარებას, მაგრამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას არ მიიღებს არჩევნებამდე, რათა პოლიტიკურმა ოპონენტებმა მისი შინაარსი საკუთარი ინტერესებისთვის არ გამოიყენონ. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, ვიძლევით რეკომენდაციებს და ვცდილობთ ვითარების გაუმჯობესებას, – განაცხადა ბორის ცილევიჩსმა და დასძინა: „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებითო.

მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში ჩარევას არ აპირებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG