Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რის სათქმელად ჩამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი


ან ბრასორი, ირაკლი ღარიბაშვილი
ან ბრასორი, ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა წარმოადგენდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ დასმულ ძირითად აქცენტებს. ან ბრასორი საქართველოში შეხვედრებს მართავს ორდღიანი (7-8 მაისს) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

ხელისუფლების უმაღლესი პირების გარდა, 7 მაისს ის ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებსაც შეხვდა. სტუმარმა დევნილთა დასახლება და საოკუპაციო ზოლიც მოინახულა.

ტერიტორიული მთლიანობა ერთ-ერთია იმ პრინციპებიდან, რომლებთან მიმართებითაც ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ. არავის აქვს უფლება ხელყოს ეს პრინციპი. ეს შეეხება ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს...
ან ბრასორი

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ოკუპაციის პრობლემა 7 მაისს გამართული შეხვედრების ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენდა. როგორც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება, ირაკლი ღარიბაშვილმა შეშფოთება გამოთქვა იმ ე.წ. ხელშკრულებების გამო, რომლებიც რუსეთმა სოხუმსა და ცხინვალთან გააფორმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების ყველა პირობა, „მაშინ როდესაც რუსეთი კვლავ არღვევს საკვანძო დებულებათა უმრავლესობას“. გავიხსენოთ, რომ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები მოუწოდებენ რუსეთს, მაგალითად,შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმება, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება, დაუშვას საერთაშორისო მეთვალყურეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხელმისაწვდომი გახადოს ჰუმანიტარული დახმარება ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, 7 მაისს პრემიერმა თხოვნით მიმართა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გამოიყენოს „ყველა არსებული საშუალება და მოუწოდოს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებული ვალდებულებები“.

ვიდრე წეროვანში დევნილთა დასახლებას ესტუმრებოდა, საოკუპაციო ზოლს დაათვალიერდებდა და სოფელ ხურვალეთს მოინახულებდა, ოკუპაციის გამოწვევებზე 7 მაისს სტუმარს ესაუბრნენ ასევე საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ერთობლივი ბრიფინგი დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

სტუმარს რუსეთი ღიად არ გაუკრიტიკებია. ან ბრასორი სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ უკრაინაში კონფლიქტის გამო ხმის უფლების შეჩერების შემდეგ რუსეთმა საერთოდ შეწყვიტა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ეს პრობლემა დიალოგის გზით გადაიჭრება და რუსეთთან კვლავ აღდგება ძველებური ურთიერთობა, თუმცა ამ კონტექსტში უცვლელად მტკიცეა მიდგომა საზღვრების ურღვეობის საკითხის მიმართ:

„ტერიტორიული მთლიანობა ერთ–ერთია იმ პრინციპებიდან, რომლებთან მიმართებითაც ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ. არავის აქვს უფლება ხელყოს ეს პრინციპი. ეს შეეხება ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. პრინციპულად უნდა მივუდგეთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს“.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გარდა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეც ილაპარაკა. საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა და სასამართლო რეფორმა – ეს სამი სფერო ან ბრასორმა საქართველოსა და ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის ძირითად სამიზნე სფეროებადდაასახელა და განაცხადა, რომ წინსვლა უკვე შეინიშნება, თუმცა აქ არის ერთი „მაგრამ“:

„მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს დაუსჯელობა. ყველა, ვინც რაიმენაირად დაარღვევს კანონს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი თუ პოლიტიკოსი, შესაბამისად უნდა დაისაჯოს, ოღონდ ეს პროცესი უნდა იყოს მართლაც გამჭვირვალე და უნდა იყოს სისტემის სანდოობაზე დაფუძნებული“.

საუბარი იყო – ძალიან მკაფიოდ და ძალიან მკაცრად – იმაზე, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არის ოპონენტების პოლიტიკური დევნა. ეს პროცესი არათუ არ შეჩერდა, არამედ, პირიქით, უფრო მეტი ინტენსივობით გრძელდება...
თინა ბოკუჩავა

სასამართლო სისტემის პრობლემებსა და შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს 7 მაისს ოპოზიციის წარმომადგენლებიც ელაპარაკნენ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატი თინა ბოკუჩავა 2014 წლის 1 ოქტომბერს დამტკიცებულ რეზოლუციას იხსენებს:

„(რეზოლუციაში) საუბარი იყო – ძალიან მკაფიოდ და ძალიან მკაცრად – იმაზე, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არის ოპონენტების პოლიტიკური დევნა. ეს პროცესი არათუ არ შეჩერდა, არამედ, პირიქით, უფრო მეტი ინტენსივობით გრძელდება. რა თქმა უნდა, საუბარი იყო ამაზე და ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ძალადობა არ არის გამოსავალი, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ძალადობის წახალისება არ არის გამოსავალი“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, სახელწოდებით ”საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება” საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირებისა და კამათის საგნად იქცა. ის მართლაც მოიცავსმწვავედ კრიტიკულ აქცენტებს და მათ შორის არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირთა მასობრივი გასამართლების აქცენტიც, კონკრეტული გვარების მითითებით. მაგრამ

ტექსტის თანაავტორებმა, მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა ბორის ცილევიჩსმა და მიკაელ ასტრუპ იენსენმა რეზოლუციის საბოლოო ვარიანტს მხარი არ დაუჭირეს. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ არა რეზოლუციის ძირითად ტექსტს, არამედ ცვლილებებს, რომელთა ერთი ნაწილის ინიცირებასა და დამტკიცებაშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქტიურობდნენ. როგორც იენსენმა, ასევე ცილევიჩსმა 1 ოქტომბრის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები დაარღვევდა ბალანსს, რომლის იქითაც შესაძლოა პოლიტიკური დაძაბულობა გამწვავებულიყო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის 7 მაისის განრიგში იყო ასევე შეხვედრები, მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავასა და სტუდენტებთან, საჯარო ლექციის ფორმატში. 8 მაისს ან ბრასორი შეხვედრებს გამართავს ქუთაისში საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობასთან და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან. ან ბრასორი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 9 მაისს დილით დატოვებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG