1 თებერვალს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ორგანიზებით, გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი "საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. ფორუმი ტარდება „სტრატეგიული გეგმა „საქართველო 2020“ - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის“ გაძლიერების ფარგლებში, ბრემენის უნივერსიტეტის პარტნიორობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. მისი მიზანი მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტის „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ,,საქართველო 2020“-ისა და მასში შემავალი მიზნების შესახებ საჯარო დისკუსიების წახალისებაა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI ) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, რომ ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო ფორუმზე დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლების, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წევრების, დამოუკიდებელი ექსპერტების დისკუსიის საგანი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული რეფორმები, როგორ მიდის საქართველო ამ გზაზე და მიჰყვება თუ არა ის სტრატეგიულ გეგმას „საქართველო 2020“.
ეს არის ევროპული მმართველობის სტილი, რაც ახალია ჩვენთვის და ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ სტილზე უნდა გადავიდეთ და ეს პროცესი ყველამ ერთად გავიაროთ - ხელისუფლებამაც, სამოქალაქო სექტორმაც და ხალხმაც...გიორგი კვირიკაშვილი
როგორც IDFI-ის წარმომადგენელი და ფორუმის ორგანიზატორი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, არის სფეროები, სადაც საქართველოს შესამჩნევი წარმატება აქვს, და სფეროები, სადაც გამოწვევები ისევ რჩება:
„მაგალითად, „Doing Business”-ის ინდექსის მხრივ საქართველოს ჰქონდა წარმატება, წლების განმავლობაში იყო იმ ქვეყნების ათეულში, სადაც ბიზნესის კეთება გამარტივებულია, მაგრამ დღეს უკუსვლა აქვს, თუმცა ეს განპირობებულია იმით, რომ შრომითი კანონმდებლობა დაიხვეწა და გამკაცრდა“.
წარმომადგენლობით ფორუმს 1 თებერვალს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მთავრობის პოლიტიკა გამოხატავდეს ხალხის ნებასა და ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. თქვა ისიც, რომ მთავრობის საქმიანობა არის ღია და გამჭვირვალე, ხოლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შემუშავების პროცესში ჩართულია როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტო, ასევე სამოქალაქო სექტორი და საექსპერტო წრეები:
„ეს არის ევროპული მმართველობის სტილი, რაც ახალია ჩვენთვის და ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამ სტილზე უნდა გადავიდეთ და ეს პროცესი ყველამ ერთად გავიაროთ - ხელისუფლებამაც, სამოქალაქო სექტორმაც და ხალხმაც. ჩვენ განუხრელად ვადგავართ დემოკრატიული განვითარების კურსს, რაც ევროკავშირთან დაახლოების მთავარი პირობაა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებას, ამ შეთანხმების განუყოფელი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაც, რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას“.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა კი განაცხადა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დიდი გზა გაიარა. დადგა დრო კიდევ უფრო წინ წასვლისა დემოკრატიული და ეკონომიკური პერსპექტივების თვალსაზრისით. ეს ადვილი არ იქნება, განაცხადა ელჩმა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო წარმატებულად გააგრძელებს დემოკრატიის შენების პროცესს:
„რომ საქართველო განაგრძობს რეფორმების გატარებას, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობას რეალურ სარგებელს მოუტანს. ცხადია, რომ დღეს ეკონომიკური განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რისი მიღწევაც უწყვეტ ძალისხმევას, სწორი პრიორიტეტების შერჩევას მოითხოვს, ასევე განვითარების სწორ სტრატეგიას, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შერწყმის სწორი გზების პოვნას და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნას“.
ს განცხადებით, DCFTA (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტია და, მისი შესრულების თვალსაზრისით, 14 თვის განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ელჩი იმედოვნებს, რომ მომავალში ამ შეთანხმებით გამოწვეული სიკეთეები გაიზრდება - იქნება ეს ექსპორტის თუ სამუშაო ადგილების გაჩენა.
2020 წლამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, თუმცა საქართველო შეეცდება ეს პერიოდი ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად გამოიყენოს, რაც მატერიალურ მაჩვენებლებშიც აისახება, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა. ეს შეიძლება იყოს სავაჭრო ბრუნვის ზრდა, ევროპული ინვესტიციების მოზიდვა, ადამიანებს შორის უფრო ღრმა კონტაქტის დამყარება თუ საგანმანათლებლო სისტემების დაახლოება. ოთხი წელი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის საკმარისი არ არის, თუმცა კახა გოგოლაშვილს იმედი აქვს, რომ გარკვეულ დინამიკას მაინც დავინახავთ:
„თუ, მაგალითად, საქართველოს ვაჭრობა 80%-ით იქნება ევროკავშირზე მიბმული, თუ ევროპული ინვესტიცია იქნება უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნების, ერთად აღებული, საქართველოს მოქალაქეები უფრო ხშირად ივლიან ევროპაში და მეტი ბიზნეს ან სხვა სახის კონტაქტი ექნებათ ევროპასთან, ხოლო ჩვენი ინსტიტუტები ევროპული წესებით იმუშავებენ, ეს უკვე ფუნქციონალური ინტეგრაციაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თავსებადი სივრცე ვართ და ყველა ის ფაქტორი მუშაობს, რაც ინტეგრაციას ახასიათებს“.
რატომ აქვს საქართველოს ასეთი პოზიცია, რომ ენერგოთანამეგობრობაში შესასვლელად კიდევ არის სექტემბრამდე დარჩენილი დრო? როდესაც შენ გეუბნებიან, შემოდი იქ, სადაც მე ვარ, სადაც არის გამჭირვალობა და ის წესები, რომლებიც შენ მოგეხმარება, შენ კი მიზეზად დროის ქონას იშველიებ, ასეთ პასუხს ახსნა სჭირდება...გიორგი ვაშაყმაძე
ცხადია, წინასწარ ძნელია იმის თქმა, როგორი იქნება სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან ან რამდენი ადამიანი ჩავა იქ, თუმცა კახა გოგოლაშვილი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, კერძოდ, სერბიის მაგალითის გათვალისწინებით, ვარაუდობს, რომ ვითარება საქართველოსთვის სასიკეთოდ შეიცვლება:
„ოთხ-ხუთ წელიწადში გამოჩნდება, რომ ჩვენ ევროკავშირთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება გამოჩნდეს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაც. ეს არის მნიშვნელოვანი. 2020 წელს ველი, რომ ასეთი პერსპექტივა გამოჩნდება და რაღაც დოკუმენტურადაც გაფორმდება“.
„საქართველოს გარკვეულ სფეროებში კვლავაც რჩება გასატარებელი არაერთი სერიოზული რეფორმა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კასპიის გაზსადენის კომპანია „ლიმითიდის" დირექტორმა გიორგი ვაშაყმაძემ. მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ფოკუსირება გააკეთოს იმ რეალურ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, რაც მას გააჩნია. „საქართველო არ არის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ ის ბუნებრივად აღმოჩნდა იმ გზაზე, რომელიც აერთებს ამ პლანეტაზე გაზით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანას, თურქმენეთს, გაზის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მომხმარებელ ევროპასთან. მაშ, რატომ არ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ ეს შესაძლებლობა?“ - კითხულობს გიორგი ვაშაყმაძე და ტრანსკასპიურ გაზსადენს გულისხმობს:
„თუ ჩვენმა პარტნიორებმა იმედი დაკარგეს, თუ დაინახეს, რომ საქართველო უპასუხოდ ტოვებს შეკითხვებს ამ საკითხის თაობაზე, არ ჩქარობს ენერგოთანამეგობრობაში შესვლას და აცხადებს, რომ მისთვის რეგიონალური პროექტები უფრო საინტერესოა, ვიდრე სტრატეგიული, ეს, ცხადია, მათ საგონებელში ჩააგდებს და უფრო აქტიურად დაიწყებენ ალტერნატივების ძებნას“.
როგორც ცნობილია, ტრანსკასპიური გაზსადენი (TCP) 2011 წელს ევროკომისიამ განსაკუთრებული სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში ჩასვა, მსოფლიო ბანკთან ერთად წინსწრებით დააფინანსა ტრანსკასპიური გაზსადენის გარემოსდაცვითი კვლევებიც, ხოლო 28 წევრმა ქვეყანამ ევროკომისიას გადასცა მანდატი გაზის იმპორტის თაობაზე თურქმენეთთან მოლაპარაკებების დაწყებისა. „თუმცა საქართველო რატომღაც არ აქტიურობს“, - გვითხრა გიორგი ვაშაყმაძემ. მკაფიო პასუხი, მისი თქმით, არც იმაზე არსებობს, თუ რატომ არ ჩქარობს საქართველო მსოფლიო ენერგოთანამეგობრობაში შესვლას:
„რატომ აქვს საქართველოს ასეთი პოზიცია, რომ ენერგოთანამეგობრობაში შესასვლელად კიდევ არის სექტემბრამდე დარჩენილი დრო? როდესაც შენ გეუბნებიან, შემოდი იქ, სადაც მე ვარ, სადაც არის გამჭირვალობა და ის წესები, რომლებიც შენ მოგეხმარება, შენ კი მიზეზად დროის ქონას იშველიებ, ასეთ პასუხს ახსნა სჭირდება. ვფიქრობ, ეს საკითხი ფართო განხილვის საგანი უნდა გახდეს. პასუხები კითხვებზე იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენ ჩვენი მომავალი უზრუნველვყოთ“.
საერთაშორისო ფორუმზე საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან არაერთ საკითხზე დისკუსიაა დაგეგმილი. ფორუმი 2 თებერვალს დაიხურება.