Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნების მხარდაჭერა


13 იანვარს საქართველოში ლიტვის საელჩოს ორგანიზებით „თავისუფლების დამცველთა დღისადმი“ ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქართველოსა და ლიტვის მეგობრობას მიეძღვნა. თბილისში, რიყის პარკში შეკრებილმა მოქალაქეებმა და ოფიციალურმა პირებმა ლიტვიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი 200-მეტრიანი დროშა გაშალეს.
13 იანვარს საქართველოში ლიტვის საელჩოს ორგანიზებით „თავისუფლების დამცველთა დღისადმი“ ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საქართველოსა და ლიტვის მეგობრობას მიეძღვნა. თბილისში, რიყის პარკში შეკრებილმა მოქალაქეებმა და ოფიციალურმა პირებმა ლიტვიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი 200-მეტრიანი დროშა გაშალეს.

ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოსთან საქართველოს საგანგებო მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რაც ბოლო დღეებში არაერთმა მოვლენამ დაადასტურა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის სტუმრობის პარალელურად, თბილისში ლიტვის „თავისუფლების დამცველთა დღე“ აღინიშნა, ხოლო რამდენიმე დღის წინ საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რიგაში შეხვედრები გამართა ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლატვიის, ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. საქართველოს ძირითადი იმედები ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავშირდება.

საქართველოსა და ესტონეთს შორის სამომავლო ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობათა გაღრმავების გეგმებზე 13 იანვარს ესტონელი და ქართველი ბიზნესმენები თბილისში, სასტუმრო „რედისონში“, მსჯელობდნენ. ითქვა, რომ არსებობს უდიდესი გამოუყენებელი პოტენციალი და რომ ახალი რესურსების ათვისებას ასოცირების შესახებ შეთანხმებამ და მისმა მნიშვნელოვანმა სეგმენტმა – ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა ვაჭრობამ - უნდა შეუწყოს ხელი. ბიზნესფორუმის მონაწილეებს თბილისში 2 დღით ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულმა ტაავი რიივასმა მიმართა. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს, როგორც თავად ამბობს, აყვავებასა და წინსვლას გულით უსურვებს და იმედი აქვს, რომ მეგობარ ქვეყანას აუცილებლად გამოადგება ევროკავშირსა და ნატოში მასზე ადრე შესული ესტონეთის გამოცდილება. ესტონეთი საქართველოს სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას ჰპირდება.

ესტონეთი, ისევე როგორც საქართველო, დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ ესტონეთმა მართლაც სასწაული მოახდინა – ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია ძალიან მოკლე დროში...
ირაკლი ღარიბაშვილი

სტრატეგიული პარტნიორის – ესტონეთის – გამოცდილება საქართველოს უსათუოდ რომ გამოადგება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ილაპარაკა, რომელიც ასევე გამოვიდა სიტყვით ბიზნესფორუმის მონაწილეთა წინაშე:

„ესტონეთი, ისევე როგორც საქართველო, დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ ესტონეთმა მართლაც სასწაული მოახდინა – ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია ძალიან მოკლე დროში. ესტონეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების კუთხით. და ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ასეთი დინამიკური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, როგორიც არის ესტონეთში“.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ესტონელ ბიზნესმენებს მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოში ინვესტირებით დაინტერესების შემთხვევაში და საქართველოს მიმზიდველობის დასტურად, მაგალითად, აღნიშნა, რომ ქვეყანაში „არსებობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო“ და რომ, „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2012-2014 წლებში საქართველოდან ექსპორტი 24 პროცენტით გაიზარდა“, ხოლო ევროკავშირთან ექსპორტის ჭრილში 70-პროცენტიანი ზრდა აღინიშნა.

სამშაბათს, ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ესტონეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ და ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.

დროშის პატივისცემის ცერემონიით, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენი ერთობის მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების ერთობის მნიშვნელობას...
იონას პასლაუსკასი

13 იანვარს თბილისში, ყურადღების ცენტრში, იყო ბალტიისპირეთის კიდევ ერთი სახელმწიფო, ლიტვა, რომელმაც საქართველოს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი იმით, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება ვილნიუსის სამიტზე მოხდა. ლიტვასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, „თავისუფლების დამცველთა დღის აღნიშვნის ფარგლებში, სამშაბათს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფიგურირებდა.„თავისუფლების დამცველთა დღე“ ლიტვისთვის იგივეა, რაც საქართველოსთვის 9 აპრილი. რიყის პარკში ლიტვის 200–მეტრიანი დროშა აფრიალდა, როგორც სიმბოლო ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრობისა. საგანგებო მეგობრობაზე ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმაც ილაპარაკა:

„დროშის პატივისცემის ცერემონიით, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენი ერთობის მნიშვნელობას, ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების ერთობის მნიშვნელობას და ჩვენი ერთობის მნიშვნელობას ნამდვილ მეგობრებთან საზღვარგარეთ“.

რიყის პარკში შეკრებილ ადამიანებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა და საბჭოთა მარწუხებიდან დაღწევის პროცესშითავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მოწყურებული ქვეყნების ერთნაირ ხვედრზე ილაპარაკა:

„ამ დამოუკიდებლობას ჩვენ ვქმნიდით ერთად 20-25 წლის წინ, როდესაც ერთად ვამტკიცებდით, რომ ლიტვაც, საქართველოც და სხვა ქვეყნებიც, რომლებიც იყვნენ ნაწილი აბსოლუტურად ძალადობაზე დამყარებული იმპერიისა, უნდა გამხდარიყვნენ დამოუკიდებლები. მას შემდეგ ჩვენ განვვლეთ გრძელი გზა. ამ გრძელი გზის განმავლობაში ჩვენ ერთად ვიდექით, – ლიტველი და ქართველი ხალხი, – ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით, ისევე როგორც ვეხმარებით დღეს“.

ევროკავშირისა და ლატვიის შეფასებით, მიდგომა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ უნდა იყოს ინდივიდუალური, ინდივიდუალური საჭიროებებისა და მათი პროგრესის გათვალისწინებით, რეფორმების განხორციელების გზაზე ...
ლაიმდოტა სტრაუიუმი

დახმარების იმედი საქართველოს ლატვიასთან მიმართებითაც აქვს და ეს კარგად გამოჩნდა გასულ კვირაში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია რიგას. დასამალი არ არის, რომ საქართველო მაისში დაგეგმილ რიგის სამიტზე მოელის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე ხელშესახები პირველი შედეგის – უვიზო მიმოსვლის პერსპექტივის - დადასტურებას. როგორც ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა მისმა ლატვიელმა კოლეგამ ლაიმდოტა სტრაუიუმამ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული:

„ევროკავშირისა და ლატვიის შეფასებით, მიდგომა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მიმართ უნდა იყოს ინდივიდუალური, ინდივიდუალური საჭიროებებისა და მათი პროგრესის გათვალისწინებით, რეფორმების განხორციელების გზაზე. რაც შეეხება საქართველოს, ვიმედოვნებთ, რომ წელს წარმატებით განხორციელდება ვიზების ლიბერალიზაციისთვის აუცილებელი რეფორმები. ეს დამოკიდებულია თავად საქართველოზე, თუ რამდენად მზად იქნება ის უვიზო რეჟიმისთვის“.

იმისათვის, რომ საქართველომ ისარგებლოს აღმოსავლეთის პარტნიორებისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული პრინციპით – „მეტი მეტის სანაცვლოდ“ და რიგის სამიტზეც სასურველი შედეგები მიიღოს, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ქვეყანას გააგრძელოს რეფორმების გატარება; ხაზი გაესვა იმის აუცილებლობას, რომსაქართველოში მართლმსაჯულება იყოს გამჭვირვალე, იტყობინება ლატვიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ საქართველოს დახმარება აღუთქვა რეფორმების წარმატებით განხორციელების გზაზე.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი შენიშნავს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს ყველაზე ერთგული მხარდამჭერები სწორედ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები არიან. ამ აზრისაა პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროკავშირისა თუ ნატოს წიაღში კონსენსუსის მისაღწევად, გადამწყვეტია თითოეული ქვეყნის და, ცხადია, მათ შორის, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ხმები.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG