2015 წლის პირველ დღეებშივე გაძვირებულმა სიგარეტმა არა მხოლოდ მწეველებს, არამედ მათ ოჯახის წევრებსაც აგრძნობინა თამბაქოზე აქციზის გაზრდის ხიბლი. შესაბამისი საგადასახადო ცვლილებები სწორედ 2015 წლიდან ამოქმედდა და წელს კიდევ ერთხელ განხორციელდება, რაც სიგარეტს კიდევ გააძვირებს, პარალელურად კი, იმედია, საბიუჯეტო შემოსავლების შესრულებას წააშველებს ხელს.
ასე მასობრივად საგრძნობი არა, თუმცა უდავოდ საინტერესოა სხვა საგადასახადო ცვლილებები, რომლებიც 2015 წლიდან ასევე ამოქმედდა და გადამხდელებს ამჯერად გარკვეულ შეღავათს მისცემს. კერძოდ:
2015 წლიდან ერთგვარი საგადასახადო ამნისტია ამოქმედდება. ადრეც გვითქვამს, რომ კანონპროექტში სიტყვა ამნისტია ნახსენები არ არის, თუმცა იგი სწორედ ამას გულისხმობს. კერძოდ, ჩამოწერას ექვემდებარება:
2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება;
2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით.
ორივე შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, რომ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდებოდეს, ანუ ამ თარიღის შემდეგ სამეწარმეო საქმიანობა აღარ ჰქონდეს განხორციელებული.
შედარებით უფრო ახალ სამართალდარღვევებს ეხება შემდეგი მუხლი:ჩამოიწერება საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული - დარიცხული და გადაუხდელი - ჯარიმა, რაც მცირე მეწარმეებისთვის, მართლაც, მნიშვნელოვანი შეღავათი შეიძლება იყოს.
გარდა ამისა, შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურება თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
ასევე საინტერესოა, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდა გადავადდება მათთვის, ვისი საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5 ათას ლარს. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე შეძლებს საგადასახადო დავალიანების გადავადებას ერთი წლით. შედეგად, მცირე ბიზნესი შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და საწარმოს განვითარებას.
მარტივდება ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმებიც, რამაც, ინიციატორის აზრით, ტურიზმის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.
ეტაპობრივად განხორციელდება საგადასახადო შემოწმების, გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადისა და სანქციის დარიცხვის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირება - 2017 წლისთვის ეს ვადა უკვე 3 წელი უნდა იყოს.
აქციზთან დაკავშირებული ცვლილებებისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელი ცვლილებები, თავისი შინაარსით, მეწარმეთა ხელშეწყობას ემსახურება. ნავარაუდევია, რომ ეს ცვლილებები ბიუჯეტს რეალური და განსაკუთრებით დიდი თანხების დანაკარგად არ დაუჯდება, სანაცვლოდ კი საქმიანი ადამიანები შეღავათების მიღებას შეძლებენ, რაც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას წაადგება.