Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავალუტო ფონდის ეკონომიკური მიმოხილვა


მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი კლების, რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურებისა და ევროკავშირის ქვეყნებში შენელებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები შეაჯამა.

ანგარიშის თანახმად, 2014 წლის სექტემბრის შემდეგ 55 პროცენტით გაიაფებული ნავთობი 2015 წლის განმავლობაში ბარელზე საშუალოდ 57 აშშ დოლარად გაიყიდება და 2019 წლისთვის 72 აშშ დოლარს მიაღწევს. ფასების მკვეთრი კლება განპირობებულია მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებით: აშშ-დან ნავარაუდევზე უფრო მაღალი მიწოდება არ იყო განეიტრალებული ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) წევრი ქვეყნების მიერ წარმოების შენელებით. ამას დაერთო მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის კლება (განსაკუთრებით, იაპონიის, ჩინეთისა და ევროზონის მხრიდან). ნავთობის გარდა, ფასები შემცირდა სხვა საქონელზეც - მაგალითად, ფასები მეტალზე 2015-2019 წლებში ნავარაუდევზე 13 პროცენტით ნაკლები იქნება, რაც მეტალის ექსპორტიორ ქვეყნებსაც დააზარალებს.

ნავთობზე ფასების კლება დადებითად აისახება ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაზე. 2015 წელს აღნიშნული ტენდენციის დადებითი ეფექტი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებისთვის მშპ-ის 2 პროცენტული პუნქტია. საქართველოსთვის აღნიშნული დადებითი ეფექტი კიდევ უფრო მაღალია და მშპ-ის 2,5 პროცენტულ პუნქტს უტოლდება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონის ქვეყნებში ნავთობზე ფასების კლება დაგვიანებით აისახება, რადგან რიგ შემთხვევებში ნავთობზე ფასები რამდენიმე წლის განმავლობაში ფიქსირებულია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რიგ შემთხვევებში ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების ეკონომიკა სავაჭრო თუ სხვა არხებით დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკაზე, შედეგად ნავთობზე ფასების კლება ერთმნიშვნელოვნად დადებით ეფექტს ვერ იქონიებს ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებზე.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს, პროგნოზი შემცირდა ევროზონის ქვეყნებისთვის, იაპონიისა და სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით - ჩინეთისა და რუსეთისთვის. ნავარაუდევია 2015 წელს რუსეთის ეკონომიკის 3 პროცენტით შემცირება. რუსეთის ეკონომიკის ერთპროცენტიანი შემცირება ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებში საშუალოდ 0,4-პროცენტიან კლებას იწვევს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ, რუსული რუბლის გაუფასურებასთან ერთად, რეგიონის ნავთობიმპორტიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გაუფასურდა შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი, საქართველო, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ყველაზე მეტად გაუფასურდა თურქმენული მანათი - 23 პროცენტით. რეგიონის ქვეყნებში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ზრდის საკრედიტო და პრობლემური სესხების მაჩვენებლის ზრდის რისკებს.

სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს, ნავთობის ფასების კლების ფონზე, შესაძლებლობა აქვთ მოახდინონ დამატებითი სახსრების მობილიზაცია და მიმართონ ეს სახსრები სტრუქტურულ რეფორმებზე, განათლებასა და სავაჭრო ინტეგრაციაზე.

XS
SM
MD
LG