პირველი აპრილიდან სადაზღვევო კომპანიებს უმწეოთა დაზღვევა ჩამოერთვათ, რამაც სექტორისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პრემია 40%-ით შეამცირა. 2014 წლის სექტემბრისთვის კი კერძო სადაზღვევო კომპანიები მთლიანად გამოეთიშნენ სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესს.
ეს ფაქტი, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს სადაზღვევო კომპანიების შემოსავალს, მეორე მხრივ კი,ისინი გადაჰყავს თვისებრივად ახალ რეჟიმში და ორიენტირებულს ხდის კერძო კომერციული პაკეტების განვითარებაზე.
2014 წლის სტატისტიკური შედეგები ცნობილს გახდის, რამდენად მოახერხეს კომპანიებმა ახალ რეალობასთან ადაპტირება.
სადაზღვევო ასოციაციის მონაცემებით, რომელიც 2013 წლის აგვისტოსა და 2014 წლის სექტემბრის მონაცემებს ეხება, 165-ე დადგენილების ფარგლებში, რომელიცსტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაზღვევას ითვალისწინებს, კომპანიების ზარალმა 92% შეადგინა.
ასოციაციის მონაცემებით, ყველაზე ზარალიანი „არქიმედე" გამოდგა, რომლის ზარალი 108% იყო (ამ დროისთვის „არქიმედე" გაკოტრებულია); 97% იყო ზარალი „ჯიპიაი ჰოლდინგისა" და „ირაოსთვის", 94%კი - „ალფასთვის", „ალდაგი ბისიას" ზარალი 87%,ხოლო „აისი ჯგუფისა" 82% იყო. სადაზღვევო კომპანიებისთვის ზარალიანი იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის,იძულებით გადაადგილებულ პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევა, რომელმაც, სადაზღვევო ასოციაციის 2013 წლის იანვარ-2014 წლის სექტემბრის მონაცემებით, 97% შეადგინა.
სახელმწიფო და სოციალური პროგრამების ჯამური წილი სადაზღვევო კომპანიების პრემიებში გასულ წლებში დაახლოებით 50/50-ზე იყო.
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიების მიერ გასული წლის მანძილზე მოზიდულმა პრემიამ, სახელმწიფო სოციალური პროგრამების ჩათვლით,417,150,341 ლარი შეადგინა, სახელმწიფო სოციალურიპროგრამების გარეშე - 252,697,325 ლარი. ამ 252 მილიონიდან უმსხვილესი წილი ჯანდაცვაზე მოდის- მას ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის პორტფელში 72,46%-იანი წილი უჭირავს.
სადაზღვევო ბაზარზე 14 კომპანიაა. აქედან 2013 წელს მომხმარებელს სამედიცინო დაზღვევის პროდუქტს 12 კომპანია სთავაზობდა. სახელმწიფო პროგრამების გარეშე, მოზიდული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიების პირველი ხუთეული ასე გამოიყურებოდა: „ალდაგი“ - 91,509,443 36%; „ჯიპიაი ჰოლდინგი“ - 58,469,356 23%; „არდი“ - 22,064,022 9%; „ირაო“ - 20,305,792 8%; „აისი ჯგუფი“ - 12,591,686 5%.
2014 წლის სტატისტიკური შედეგები ცნობილს გახდის იმასაც, რამდენად შეიცვალა სადაზღვევო ბაზარზე ლიდერ კომპანიათა ვინაობა.