თუ თქვენს პირად ბიბლიოთეკაში ეს წიგნი მოგეძევებათ, ჩათვალეთ, რომ ბიბლიოგრაფიული იშვიათობის მფლობელი ხართ. 1900 წელს, აკაკი წერეთლის 60 წლის იუბილეზე ქუთაისში მდებარე ღამბაშიძის სტამბამ დაბეჭდა „ბაში-აჩუკის“ ხუთი, სასაჩუქრე ეგზემპლარი. წიგნი მინიატურულია ზომით 8X10 სმ.
„ბაში-აჩუკზე“ მუშაობა აკაკი წერეთელმა 1896 წელს დაასრულა. მოთხრობა გამოქვეყნდა აკაკის ჟურნალ „კრებულში“. საქართველოს მწერალთა კავშირის არქივის გამგე, მწერალი ნანა კანდელაკი (1921-2008 წწ) თავის მოგონებებში იხსენებს ცნობილ პოეტთან და ბიბლიოგრაფთან, იოსებ გრიშაშვილთან საუბარს.
„ეს წიგნი ერთ-ერთი პირველი გამოცემაა ამ ისტორიული მოთხრობისა. ერთი ცალი მე მაქვს, ერთი შენა გქონია და დასანანია, რომ დანარჩენი სამი ცალის ბედი გაურკვეველია... ნუთუ დაიკარგა დანარჩენი სამი წიგნი აკაკის „ბაში-აჩუკისა“, რომელიც 1900 წელს ღამბაშიძის მეირ არის გამოცემული?“ - წუხდა წიგნების დიდი დამფასებელი და მრავალი ძვირფასი და იშვიათი გამოცემის შემგროვებელი.
თუმცა, როგორც ირკვევა იოსებ გრიშაშვილს მოგვიანებით კიდევ შეუძენია „ბაში-აჩუკის“ სასაჩუქრე გამოცემის ორი ეგზემპლარი, რომელთა ფორზაცებზე იკითხება წარწერები:
„ვ. მატარაძე“ (ყოფილი პატრონის ხელწერა); „იაკობ ელიაშვილისაგან. შურა“. იქვე ბეჭედი: Яков Георгиевич Элиашвили“
იოსებ გრიშაშვილის დის შვილიშვილი და პოეტის სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმის გამგე ნოდარ გრიგორაშვილი ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს პოეტის ამგვარ გადაწყვეტილებას.
„არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენ ცალს შეიძენდა. თუ წიგნი მოეწონებოდა, აუცილებლად შემატებდა თავის ბიბლიოთეკას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნოდარ გრიგორაშვილმა.
რაც შეეხება ნანა კანდელაკის ეგზემპლარს, მისი ისტორია ასეთია:
„პაპაჩემი - სოსო კანდელაკი თავის დროზე სახელგანთქმული მონადირე იყო. მას ხშირად იწვევდნენ დღეობებზე, ნათლობებზე, ქორწილში, სადაც ლხინის შემდეგ მეორე დღეს იმართებოდა საჩვენებელი ნადირობა, თავისებური შეჯიბრი სახელმოხვეჭილ მონადირეთა შორის. და აი, ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს სამეგრელოში თავად ჩიჩუას დაბადების დღისადმი მოწყობილ შეჯიბრში, პაპაჩემს პირველობა არავისთვის დაუთმია და მასპინძელს გამარჯვებულისთვის თეთრ ჩოხასთან, ვერცხლის ქამარ-ხანჯალთან და საუცხოო თოფთან ერთად, მიურთმევია იმ ხანად ქალაქ ქუთაისში, ღამბაშიძის სტამბაში დაბეჭდილი აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ მინიატურული გამოცემა... პაპას მამაჩემისთვის - არჩილ კანდელაკისთვის უსახსოვრია ეს წიგნი, როცა იგი ჩაირიცხა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, მამამ კი მე მაჩუქა, როცა დავამთავრე დედაქალაქის მესამე საცდელ-საჩვენებელი საშუალო სკოლა. ასე გახდა ეს ისტორიული და უნიკალური წიგნი, ჩვენი ოჯახის რელიკვია“.
ამგვარად, ცნობილია 1900 წელს ღამბაშიძის სტამბაში დაბეჭდილი „ბაში-აჩუკის“ ხუთიდან ოთხი ეგზემპლარის ბედი. საკითხავია, სად არის მეხუთე „ბაში-აჩუკი“?