7 ივლისს, 13: 00 საათზე დაიწყო თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. ბავშვების დარეგისტრირებას მშობლები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდის - kids.org.ge-ს - საშუალებით შეძლებენ.
პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, ასევე იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილები იმავე დაწესებულების მომსახურებით სარგებლობენ, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.
ამის გარეშეც, ჩვენი მონიტორინგების საფუძველზე ვხედავთ, რომ არ არის საკმარისი ბაღები ქალაქში. არ არის სწორი - გარკვეული რაოდენობის ბავშვები უნდა იყვნენ ჯგუფში და რეალურად ორჯერ მეტი თუ არა, ბევრად მეტი მაინც არის...მაია გედევანიშვილი
ყველა დანარჩენ ბავშვს მეორე ეტაპის რეგისტრაცია ეხება. ის 14 ივლისს, 13:00 საათზე, დაიწყება.
რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის გარეთ დარჩებიან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა ამბობს:
„იმ ბავშვების მიღებას, რომლებიც პირველ და მეორე ეტაპზე ვერ დარეგისტრირდებიან, შევძლებთ უკვე სექტემბერში საბავშვო ბაღებში არსებული იმ სათათბირო ორგანოების საშუალებით, რომელიც საბავშვო ბაღებს აქვთ“.
მაია გედევანიშვილი, რომელიც სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ თბილისში ბაგა-ბაღების ნაკლებობაა და მშობლებს სასურველ ბაღში შვილის დარეგისტრირება ძალიან უჭირთ. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც რეგისტრაცია დილის ცხრა საათზე დაიწყო და ათის ხუთ წუთზე კონკრეტულ ბაღებში ადგილები უკვე აღარ იძებნებოდა. მაია გედევანიშვილის თქმით, ამის მიზეზად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო იმას ასახელებს, რომ ბაღები გადატვირთულია:
„ამის გარეშეც, ჩვენი მონიტორინგების საფუძველზე ვხედავთ, რომ არ არის საკმარისი ბაღები ქალაქში. არ არის სწორი - გარკვეული რაოდენობის ბავშვები უნდა იყვნენ ჯგუფში და რეალურად ორჯერ მეტი თუ არა, ბევრად მეტი მაინც არის“.
თემურ თორდინავა ამბობს, რომ წელს ბაღებს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი დაემატა, რომლებიც 1 500-ზე მეტ ბავშვს მიიღებენ და ამიტომ:
„წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად ნაკლები იქნება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც რეგისტრაციის მიღმა დარჩნენ“.
რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის მიერ შერჩეულ მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში 2 წლის იქნება.