Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზედამხედველობის სააგენტო გაუფასურებული ლარის პირისპირ


ლარის გაცვლითი კურსი
ლარის გაცვლითი კურსი

21 სექტემბერს მუშაობა დაიწყო საბანკო ზედამხედველობის სააგენტომ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს უწყება ეროვნული ვალუტის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად. კონკრეტულად რა შეიძლება მოიმოქმედოს სააგენტომ ლარზე ზემოქმედეგბის კუთხით? - პასუხი ამ კითხვაზე დარგის ექსპერტებსაც არა აქვთ.

1 ივლისიდან ეროვნული ბანკის კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია გამოეყო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ჩამოყალიბდა.

ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი 7 წლის ვადით კოტე სულამანიძე გახდა, ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის საბჭოს თავმჯდომარედ კი ირაკლი კოვზანაძე აირჩიეს. სააგენტოს საბჭო შვიდი წევრისგან შედგება.

ამ ცვლილებას დღემდე ეწინააღმდეგებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ხოლო სამთავრობო პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბება, სხვა ყველაფერთან ერთად, ლარის სტაბილურობასაც შეუწყობს ხელს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი მიანიშნებს, რომ ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო ბიძინა ივანიშვილის გუნდით არის დაკომპლექტებული და, შესაბამისად, ლარის მომავალ ბედზეც დღეიდან მხოლოდ მან უნდა აგოს პასუხი:

„მთავრობამ, იმის გამო, რომ მას უნდოდა ბანკების გაკონტროლება, თავისდაუნებურად ისრები თავისკენ გადმოხარა. დღეის იქით ყველამ იცის, რომ ლარის გაუფასურებაზე ზოგადად მთავრობას, ღარიბაშვილს და ივანიშვილს კი არა აქვს პასუხისმგებლობა, არამედ იმ ჯგუფს, რომელიც შედგება „ქართუ ბანკის“ და „პროგრესბანკის“ (რომელიც არის ივანიშვილისა და კალაძის) წარმომადგენლებისაგან“.

არც ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება ლარის კურსზე ზემოქმედება, არ გააჩნია საზედამხედველო ორგანოს. ეს არის მონეტარული ინსტრუმენტები, მინიმალური რეზერვები, ფინანსირების განაკვეთი, სადეპოზიტო სერტიფიკატები... ყველაფერ ამას ეროვნული ბანკი განკარგავს...
გოჩა თუთბერიძე

ჯერჯერობით უცნობია რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს ზედამხედველობის სააგენტო ეროვნული ვალუტის გაუფასურების თავიდან ასაცილებლად. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ ჩასაფრებულ მდგომარეობაში ყოფნა არ ღირს და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ:

„დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ამოქმედდეს ეს საბჭო, დაიწყოს მუშაობა...“

ეკონომიკის ექსპერტმა ნინო ევგენიძემ რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცვლილებები ასე შეაჯამა:

„ხელისუფლება ამ საბჭოზე დიდ იმედებს, თავად ლარის დასტაბილურების იმედსაც კი ამყარებს. საპირისპიროდ არის ლაპარაკი იმაზე, რომ საბჭოს დამოუკიდებლობა ეჭვქვეშაა, რაც სავალუტო და, ზოგადად, საბანკო სისტემაზე შეიძლება მძიმედ აისახოს. რომელი პროგნოზი გამართლდება, ამას უკვე მომავალი თვეები გვიჩვენებს“.

კიდევ ერთი ექსპერტი საბანკო სფეროში, გოჩა თუთბერიძე, აცხადებს, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ვალუტაზე ზემოქმედების არანაირი საშუალება არა აქვს, ამიტომ გაუგებარია, რას ეყრდნობა ლარის გამყარებასთან არსებული მოლოდინი:

„არა, მე არ ვიცი რას ეყრდნობიან, ეს წარმოუდგენელია. არც ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც შეიძლება ლარის კურსზე ზემოქმედება, არ გააჩნია საზედამხედველო ორგანოს. ეს არის მონეტარული ინსტრუმენტები, მინიმალური რეზერვები, ფინანსირების განაკვეთი, სადეპოზიტო სერტიფიკატები... ყველაფერ ამას ეროვნული ბანკი განკარგავს, ამიტომ რანაირად შეიძლება ზედამხედველობის ორგანომ იმოქმედოს ვალუტის კურსზე? ხშირ შემთხვევაში ეს არის საკითხის უცოდინარობა“.

ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც. მისი თქმით, გაცვლით კურსზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები ამოწურულია და მომავალში ლარის გამყარებას ელოდებიან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG