Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წლის 4 თებერვალი


„საქართველოს ჰიბრიდული ომის ეშინია“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ინტერნეტგამოცემა „გაზეტა რუ“ იუწყება, რომ, უკრაინაში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ, ნატო საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებას აპირებს. კერძოდ, ნატოს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, გაზეთი აცხადებს, რომ საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებით ალიანსი აპირებს ხელი შეუშალოს რუსეთს განახორციელოს „რევიზიონისტული“ პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში. აღნიშნულია რა, რომ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობები ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება, წყარო შენიშნავს,რომ უკრაინის მოვლენებმა აიძულა ალიანსი უფრო დაკვირვებით და სხვა თვალით შეეხედა საქართველოსთვის. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილს აქვს იმის შიში, რომ საქართველო შესაძლოა სამხედრო დარტყმის სამიზნე გახდეს.

ამავე სტატიის თანახმად, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საბაბად იქცა ასევე რუსეთის გადაწყვეტილება, მჭიდროდ ითანამშრომლოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო სტრუქტურებთან.

ამ საკითხს, თავის მხრივ, ეხება გაზეთი „ ვზგლიადიც“. სტატიაში, სახელწოდებით “ნატომ გადაწყვიტა არ აღიაროს სამხედრო შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის“, მოყვანილია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განმარტება. განმარტებაში ნათქვამია, რომ ალიანსი არ აღიარებს არც ამგვარ ხელშეკრულებას და არც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, თუმცა არ შესწევს ძალა ხელი შეუშალოს რუსეთს.

რუსული პრესის ყურადღების ცენტრშია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გადაწყვეტილებაც, მონაწილეობა მიიღოს უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში. მიხეილ სააკაშვილის განაცხადის შესახებ ინფორმაცია გაზეთმა „კომერსანტმა“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაამოწმა და დადებითი პასუხი მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაზეთს განუცხადეს, რომ, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს მოუწევს უკრაინის მოქალაქეობა მიიღოს, რასაც ოფიციალური კიევი მიესალმება. კომერსანტი წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს იმასაც, რომ კანდიდატისგან უკრაინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ქართული გამოცდილების დანერგვას მოელის. სტატიაში მოყვანილია თავად მიხეილ სააკაშვილის განმარტებაც, რომელიც მან თავისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ გააკეთა. „კომერსანტში“ ვკითხულობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის თანახმად, საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ფრონტი დღეს გადის უკრაინაზე, კორუფცია კი ქვეყნისთვის ტანკებსა და ჯარებზე ნაკლები მტერი არ არის. სააკაშვილი უკრაინას, „კომერსანტის“ თანახმად, უცხოეთიდან იმ აქტივების დაბრუნებას დაჰპირდა, რომელიც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, გუნდს ეკუთვნოდა. კორუფციის დამარცხების გარდა, გაზეთი აქვე უკრაინის მთავრობაში ყოფილი ქართველი ჩინოვნიკების დანიშვნით საქართველოს ხელისუფლებაში გამოხატული უკმაყოფილების საკითხსაც განიხილავს და, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით, შენიშნავს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილება ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე აისახება.

გაზეთი „კომერსანტი“ საქართველო-ბელორუსიის მომავალი ურთიერთობების საკითხსაც ეხება. აპრილში ალექსანდრ ლუკაშენკო, გაზეთის თანახმად, პირველად ეწვევა საქართველოს, რასაც თბილისში სავსებით ბუნებრივად მიიჩნევენ არაღიარების იმ პოზიციის გათვალისწინებით, რომელსაც ბელორუსიის პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან დაკავშირებით გამოხატავს.

გაზეთ „იზვესტიას“ ყურადღების ცენტრში კი დღეს, სხვა საკითხებთან ერთად, აღმოჩნდა საკითხი იმის შესახებ, თუ რაში ხარჯავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფულს, ანუ შენატანებს. გაზეთის თანახმად, რუსეთის დუმის ზედა პალატა მიიჩნევს, რომ რუსეთის შენატანები შესაძლოა ანტირუსულ დელეგაციებსაც კი ხმარდებოდეს. გაზეთის თანახმად, ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კორსაჩევი იხსენებს 2008 წელს, როდესაც იგი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით „ქართულ დოსიეს“ გაეცნო და გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ევროსასამართლოში საქართველოს მოსამართლის ხელფასი აღემატებოდა იმ თანხას, რომელიც ევროსაბჭოს ბიუჯეტში შეაქვს საქართველოს. კორსაჩევი ვარაუდობს, რომ არაერთი მსგავსი შემთხვევა არსებობს, როდესაც რუსული ფულით სარგებლობენ ის ნაციონალური დელეგაციები, რომლებიც ძირითადად რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებენ.

XS
SM
MD
LG