Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახედრიდან მერნამდე


რუსუდან კაიშაურის ახალი პოეტური კრებული ,,სახედრიდან მერნამდე“ შარშან დასტამბა გამომცემლობა ,,კავკასიურმა სახლმა“. ვინც ამ პოეტის შემოქმედებას თვალს გადაავლებს, მიხვდება, როგორ საოცრად იზრდება იგი შემოქმედებითად კრებულიდან კრებულამდე, როგორ მუდმივად ეძებს და ზუსტად პოულობს მხოლოდ თავისთვის საჭირო და დამახასიათებელ მხატვრულ ხერხებს, რაც, საბოლოოდ, მას ძალზე თვითმყოფად და ორიგინალურ პოეტად აყალიბებს.

საერთოდ, თანამედროვე პოეზიას ერთი დიდი საფრთხე ემუქრება: ხშირად ისე განზოგადდება ხოლმე პოეტის განცდები, რომ მისი პიროვნული, ცხოვრებისეული თავისებურებები ამით თითქმის მთლიანად გადაიფარება.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეიძლება ათასი ლექსი დაიწეროს გაზაფხულზე, სიყვარულზე ან მარტოობაზე და ათასივე ერთ თარგზე მოჭრილი ზოგადი კლიშე გამოვიდეს. იგულისხმება, რომ ეს ზოგადი კლიშე შეიძლება სულაც არ იყოს ურიგო, მაგრამ არსად ჩანდეს პოეტი, თავისი ცხოვრებით, ყოფითა და აქედან გამომდინარე ინდივიდუალური სათქმელით.

ამ ზოგადი ტენდენციისგან განსხვავებით, რუსუდან კაიშაური მუდმივად თავის ცხოვრებას წერს. ხუთი შვილის დედას, რომელსაც შვილების აღზრდა მარტოს მოუხდა, თითქოს როგორ უნდა მოეცალა ლექსის საწერად, ან რა ისეთი ყოფა უნდა ჰქონოდა, რომ ზედ მნიშვნელოვანი პოეტური სამყარო დაეშენებინა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ პოეზია თვითონ ამოირჩევს ხოლმე თავისთვის სასურველ ადამიანებს და კიდევ იმიტომაც, რომ რუსუდანს ერთგვარი შემოქმედებითი სიჯიუტეც აღმოაჩნდა, მან უმძიმეს სოციალურ პირობებშიც მოახერხა თანამედროვე ქართული ლიტერატურული სივრცის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოეტად შემდგარიყო.

რუსუდან კაიშაური
რუსუდან კაიშაური
მესმის, რომ ამ თემაზე ყურადღების გამახვილება დელიკატური საკითხია, სხვათა შორის, იმ მიზეზითაც, რომ ზოგი საგანგებოდაც სპეკულირებს მატერიალური გაჭირვებით, მაგრამ რუსუდან კაიშაურის შემთხვევაში ამის აღნიშვნა საჩოთიროდ სრულებითაც არ მეჩვენება სწორედ იმის გამო, რომ ვინც მას პირადად იცნობს, იცის, როგორ ღირსეულად უჭირავს თავი ყველანაირ სიტუაციაში, როგორ გაზარდა ხუთი შვილი ისე, რომ არც შვილებისთვის და არც ლექსისათვის არაფერი დაუკლია.

მისი ეს თავგანწირული მცდელობა ეგებ მაგალითიც იყოს ბევრისათვის, ვინც მუდმივად პირობების უქონლობაზე წუწუნებს და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გასაფურჩქნად უკეთეს მომავალს ელოდება, ის კი ავიწყდება, რომ ადამიანმა თვითონვე უნდა შექმნას თავისი მომავალი.

ამ თვალსაზრისით, რუსუდან კაიშაური არა მხოლოდ პოეტის, არამედ მოქალაქის ნიმუშადაც გამოდგება. ის თავისთავად მონუმენტური ფიგურაა, რომელიც, ცხადია, პიროვნული მოკრძალების გამო, არავის თავს არ ახვევს საკუთარ პრობლემებს და, პირიქით, სხვებზე, გარშემომყოფებზე ზრუნავს, მუდმივად იხარჯება ადამიანურად და პოეზია, ერთი შეხედვით, უკანა პლანზე აქვს გადატანილი, მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან საკმარისია ზერელედ მაინც გადაავლოთ თვალი თუნდაც მის ბოლო კრებულს, რომ დარწმუნდეთ, ამ შემოქმედებითი ნაივურობის, პოეტური სისადავის მიღმა რამხელა შრომა, საკუთარ თავზე როგორი მუშაობა იმალება.

მე, ვინც რუსუდანის შემოქმედებას თვალყურს 80-იანი წლებიდან ვადევნებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რუსუდან კაიშაურმა თავისი თავი ქვისმთლელის სიჯიუტით და დაუღალაობით გამოაქანდაკა იმ ლოდიდან, რომელიც ბედისწერამ, თავისივე ყოფის სახით, როგორც სიზიფეს, ისე აჰკიდა მხრებზე და პოეზიის ციცაბოზე გაუშვა...
მან ქართულ პოეზიაში სრულიად ახალი სექტორი, თავისი ნიშა შექმნა იმით, რომ ყველდღიურობაზე გამარჯვებული ქალის სახე გამოკვეთა. ასეთია ჩემთვის რუსიკო...
მარიამ წიკლაური

რუსუდანმა კი ის ყველაფერი, რაც, თითქოსდა, პოეზიის მკვლელად და ჩახშობად უნდა მოგვვლენოდა, ლექსის სასარგებლოდ შემოატრიალა. ასე გაცოცხლდნენ მის ლექსებში ჩვეულებრივი კოვზები და ტაფები, თოკზე გაფენილი სარეცხი აფრებად იქცა, ხოლო, მისი წინა კრებულის სათაურს რომ დავესესხოთ, ,,ცოცხების გადაფრენა“ ნამდვილ ჩიტების გადაფრენას დაემსგავსა.

პოეტი მარიამ წიკლაური რუსუდან კაიშაურის პოეზიაზე საუბრისას სწორედ ამავე საკითხს შეეხო:

"ახლა გამახსენდა, რეზო ინანიშვილის მიმართ გამოიყენეს თვითონ ინანიშვილისვე შექმნილი სიტყვა ,,მეშრომე“. რუსიკოსაც ასევე დავარქმევდი, თვითონ ისეთი პოეტია: შრომობს, რაღაც განსაკუთრებული ბედისწერა არგუნა ღმერთმა და ყველაფერი გააკეთა რუსიკომ იმისათვის, რომ არც როგორც პოეტი არ გაჩერებულიყო, არ შესწირვოდა იმ ყოველდღიურობას, რასაც ის თავის პოეზიაში ასახავს, ამარცხებს და იმარჯვებს. და მან ქართულ პოეზიაში სრულიად ახალი სექტორი, თავისი ნიშა შექმნა იმით, რომ ყველდღიურობაზე გამარჯვებული ქალის სახე გამოკვეთა. ასეთია ჩემთვის რუსიკო“.

ქართულ პოეზიას აღარ უკვირს ქალისაგან პირად გრძნობებზე თამამი ლაპარაკი: თავის დროზე, ამ მხრივ, იზა ორჯონიკიძემ ჩვენში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. არც რელიგიურ-აღმსარებლობითი კილოს ნაკლებობას ვუჩივით: ანა კალანდაძე ამ მიმართულების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნაირა გელაშვილის ლირიკის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო ლირიკის ხარვეზიც ასე თუ ისე ამოივსო, მაგრამ შეიძლება ასევე თამამად ითქვას, რომ საყოფაცხოვრებო საგნების ასეთი პოეტური გააზრება, საერთოდ, ჩვეულებრივი ყოველდღიურობის ასეთ პოეტურ პრიზმაში გადატეხა, რასაც რუსუდან კაიშაურის ლექსებში ვხედავთ, ქართველ პოეტებში თითქმის დიდი იშვიათობაა. კაიშაური კონკრეტულიდან მიდის ზოგადისკენ, პირადი გამოცდილებიდან ემპირიულ ჭშმარიტებამდე და არა - პირიქით, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე პოეზიაში. აზრისა და ემოციის განვითარების ამ მრუდს ასახავს სწორედ კრებულის არაჩვეულებრივი სათაური - "სახედრიდან მერნამდე“, რომელიც ამქვეყნიური საფიქრალიდან ზეციურ საფიქრალზე გადანაცვლებასთან ერთად ორ უმნიშვნელოვანეს ეპისტემასაც გულისხმობს:
ეს არის ჩემი ყოფითი და პოეტური ბიოგრაფიის ერთ-ერთი მონაკვეთი, გაგრძელება იმ პირველი და მეორე წიგნიდან დაწყებული და აქ უფრო გამოკვეთილად გამოვხატე ჩემი მდგომარეობა და ჩემი არსი...
რუსუდან კაიშაური
სახედრის, როგორც მორჩილი პირუტყვის, მეტაფორას და მერნის, როგორც ბედისადმი დაუმორჩილებელი ბედაურის, კარგად ნაცნობ ხატებას, რომლის განწირულის სულისკვეთება ცუდად არ ჩაივლის... სახედრიდან მერნამდე - აი, რა გზას გადის ყველა პოეტი ლექსის წერისას... უფრო სწორად, ლექსი სწორედ მაშინ იწერება, როცა სახედარი თავის თავში მერანს აღმოაჩენს...

რუსუდან კაიშაურმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას თავისი პოეტური თვითდადგენის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა:

"როდესაც ლექსების წერა დავიწყე, როგორც მახსოვს, ვიყავი ძალიან პატარა და ეს ჩემი ახალი სივრცე - პოეზიის სივრცე - იმიტომ ავირჩიე, რომ იქ თავს ვგრძნობდი ყველაზე უფრო უკეთესად, იმიტომ რომ ყოფით ცხოვრებაში ცოტა მიჭირდა, ბევრი მიზეზის გამო. შემდეგ, როდესაც უფრო გავიზარდე და მოვხვდი ,,კავკასიურ სახლში”, იქ გამოდიოდა ძალიან ბევრი ლიტერატურული ჟურნალი, გაზეთი, ძალიან საინტერესო ლიტერატურული ცხოვრება იყო: დუღდა და გადმოდიოდა, როგორც იტყვიან, და გამორჩეული ეს ლიტერატურული ცხოვრება სხვა ჟურნალებისა და გაზეთებისგან და ლიტერატურული სივრცეებისაგან იმით იყო, რომ იყო ახალი, პროგრესული, თანამედროვე და სადღაც მოდერნისტულიც და მე ეს ძალიან მომწონდა“.

რაც შეეხება ამ ახალ კრებულს, თუნდაც კრებულის სათაურის ამ გააზრებიდანაც კარგად ჩანს, სინამდვილეში რამდენ რამეს გულისხმობს რუსუდან კაიშაურის ერთი ჩვეულებრივი ფრაზა და რამხელა სიღრმე სჭირდება მკითხველს მისი ლექსების გასააზრებლად, სჭირდება, თორემ პოეტი მკითხველისაგან არაფერს მოითხოვს. ის ძალზე უპრეტენზიოდ ჰყვება თავის თავზე, თავის ცხოვრებაზე და თითქოს არც ადარდებს, რომ ან საერთოდ ვერ, ანდა არასწორად გაუგებენ.

თვითონ რუსუდან კაიშაური თავისი წიგნის შესახებ ამბობს: "ეს არის ჩემი ყოფითი და პოეტური ბიოგრაფიის ერთ-ერთი მონაკვეთი, გაგრძელება იმ პირველი და მეორე წიგნიდან დაწყებული და აქ უფრო გამოკვეთილად გამოვხატე ჩემი მდგომარეობა და ჩემი არსი“.

არსისეულად შეიძლება ისიც ითქვას, რომ გზა სახედრიდან მერნამდე ზოგჯერ სამზარეულოზეც გადის. მთავარია, ამ სამზარეულოში ვინ იტრიალებს, თორემ ისე, ჩვეულებრივი ჯამ-ჭურჭელიც, კოვზები, ჩანგლები, დანები და ტაფებიც შეიძლება ღვთაებრივ მუსიკად აწკრიალდნენ: ყოფაში გამოტანჯულებმა სიმართლის ენა გამოიბან და უამრავი რამ გვითხრან ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, სინამდვილეში კი, სრულიად განსაკუთრებული ქალების შესახებ. სწორედ ასეთი ქალი და ასეთი პოეტია რუსუდან კაიშაური.
XS
SM
MD
LG