რუსთავში გაიმართა საჯარო დისკუსია, რომლის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეების ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირებისა და სხვა სიახლეების შესახებ.
პარმენ შენგელია, რუსთაველი ინდმეწარმე, დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მგზავრთა გადაყვანით არის დაკავებული. მისი იტალიური წარმოების ავტობუსი რეგულარულ მარშრუტზე მოძრაობს. პარმენ შენგელია ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში საქმიანობა უფრო მომგებიანია, რადგან შედარებით დიდია მგზავრთა ნაკადი, თუმცა კონკურენციაც მაღალია და, ამავე დროს, არასამართლიანი. ინდმეწარმის თქმით, რეგალურ მარშრუტზე ავტობუსებს კონკურენციას უწევენ მიკროავტობუსები, ძირითადად გადაკეთებული მანქანები, რაც რისკია უსაფრთხო მგზავრობისთვის. კონკურენტულია მინივენის ტიპის ავტომობილებიც, უმეტესწილად, ე.წ. „ხიშნიკები“, რომლებიც საგადასახადო ორგანოებში გადამზიდავებად არ რეგისტრირდებიან, გადასახადებს არ იხდიან და, შესაბამისად, მგზავრებიც იაფად გადაჰყავთ:
„არის მინივენები, მარჯვენასაჭიანი, რომლებსაც არავინ აკონტროლებს, ქაოსია. გადაჰყავს ვიღაცები...მესმის, რომ სარჩო უნდა იმ ადამიანს, ოჯახის შენახვა უნდა, მაგრამ ვიღაცის სიცოცხლის ხარჯზე ეს არ უნდა ხდებოდეს. სახელმწიფო ვალდებულია დაგვიცვას ჩვენც, გადამხდელები, რომლებიც ვიხდით გადასახადებს...ჯერ ერთი, ჩვენი ავტობუსები სადგურებში იბეგრებიან, პლუს წლიური გადასახადი...“
პარმენ შენგელიას მტკიცებით, რაც საკუთარი თვალით აქვს ნანახი, ევროპის არც ერთ ქვეყანაში მიკროავტობუსები საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მგზავრებს არ ემსახურებიან, ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. სხვათა შორის, ქვემო ქართლის ქალაქებს შორის მგზავრები ავტობუსებს არ გადაჰყავთ, მოძრაობენ ტაქსები, მინივენის ტიპის ავტომობილები, არაკომფორტული მიკროავტობუსები.
საგულისხმოა, რომ სწორედ გზებზე უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამ სფეროში რეგულირების საკითხებს მიეძღვნა ღია დისკუსია, რომელიც რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გასულ კვირაში გაიმართა.
გიორგი ბაბუნაშვილმა, "საქართველოს კვლევითი რესურსების ცენტრის" წარმომადგენელმა, ორგანიზაციის მიერ გასულ წელს გზებსა და გადამზიდავ ტრანსპორტზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მასში, სხვასთან ერთად, ბაზრის ცვლილებებია მიმოხილული.
„როგორც ბაზარმა თანდათან მოკლა F3 კატეგორიის დიდი ავტობუსები საქალაქთაშორისო ტრასებიდან, M2 კატეგორიის საშუალებებს კლავს მინივენი, მინივენს კლავს მსუბუქი ავტომობილი და მალე, ალბათ, მივალთ მოტოციკლამდე. მძღოლები პირდაპირ ამბობენ ჩვენთან საუბარში: ჩვენ ვართ იძულებული მათ გადავასწროთ და ტრასებზე ავიყვანოთ მგზავრები, ანუ არის შეჯიბრებითობის რეჟიმი, რაც იწვევს სიჩქარის გადაჭარბებას“.
ანგარიშში გადმოცემულია ავტომანქანების ტექნიკური გაუმართაობის უამრავი მაგალითი, ასევე, ავარიის რისკის შემცველი დარღვევები, რომელსაც მძღოლები მონიტორინგის პერიოდში სჩადიოდნენ:
„კვლევა ახალი დამთავრებული იყო, როცა, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ავარია მსხვერპლით დასრულდა, როცა მძღოლს ჩაეძინა გადაღლილობის გამო და შეეჯახა გამყოფ ზოლს. ტელეფონის გამოყენება, სიგარეტის მოწევა - ეს საერთოდ არ აღიქმება პრობლემად, [მძღოლებისთვის] ბუნებრივ პრაქტიკად არის ქცეული. საქალაქთაშორისო გადაზიდვებზე მგზავრები დგანან ფეხზე. წარმოიდგინეთ, რა მოუვა ასეთ მგზავრს, რომ მოხდეს არათუ ავტოსაგზაო შემთხვევა, მკვეთრი დამუხრუჭებაც კი“.
გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, ცალკე თემაა საწვავის ხარისხი, რომლის გამონაბოლქვი კიდევ უფრო საშიშია მოძველებული და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების გამო.
კვლევა 2016 წლის შემოდგომაზე ჩატარდა საქართველოში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა და ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, (EWMI) ACCESS-ის, პროექტის ფარგლებში.
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ წარმომადგენელმა დავით სიხარულიძემ დისკუსიის შემდეგ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ, ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული გარემოს უსაფრთხოებისა და უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით. ეს ვალდებულება მოიცავს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე სატრანსპორტო ინდუსტრიაში გარკვეული რეგულაციების დაწესებას, მათ შორის, ავტომობილების ტესტირებას, რომელიც 2004 წელს გაუქმდა, მაგრამ ახალი არ შექმნილა. მისი თქმით, სახელმწიფომ თითქოს დაიწყო ამ თემებზე მუშაობა, მაგრამ ხელშესახები ჯერ არაფერი ჩანს და პროცესიც გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.
„დროულად უნდა გამოქვეყნდეს, რა იგეგმება, რა კეთდება. საწვავის ხარისხზე არ ვიცით, რა ტიპის საწვავი შემოდის ქვეყანაში. ჩვენი ინფორმაციით, ის არ შეესაბამება სტანდარტებს. ყველა ეს პრობლემა არის ღია, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფომ, რომელმაც აიღო ეს [რეფორმის] ვალდებულება, რომ პირველ იანვარს უნდა დაიწყოს, ამ დროს ტესტცენტრები მზად არ არის, არ ვიცით სტანდარტები, რის მიხედვით უნდა შემოწმდეს [ავტომობილები], მძღოლებს არა აქვთ ინფორმაცია, რომ მოაწესრიგონ საკუთარი ავტომობილები“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დავით სიხარულიძე ეჭვობს, რომ ხელისუფლებამ 2018 წლის პირველი იანვრიდან შეძლოს გადაზიდვების სფეროში რეფორმების დაწყება.