Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2017 წ., 10 მაისი


„ნეზავისიმაია გაზეტა“ რუსეთის ბალტიის ფლოტის სამხედრო აღლუმის გადადების მიზეზებზე წერს. ერთ-ერთი ვერსიით, 9 მაისის აღლუმი, რომელიც სანკტ-პეტერბურგში უნდა გამართულიყო, გადაიდო ბალტიის ზღვაში ნატოს ეგიდით დაწყებული მასშტაბური მანევრების - „გაზაფხულის შტორმის“ გამო. რუსეთის სამხედრო ფლოტის ხომალდებმა მაშინვე დატოვეს ნევის აკვატორია, როგორც კი ბალტიის ზღვაში გამოჩნდა ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი, რომლის შეიარაღებაშია „იჯისის“ სისტემის 90 ფრთოსანი რაკეტა, რომელთა ნაწილი შესაძლებელია იყოს „სტელსის“ ტექნოლოგიით მოდიფიცირებული „ტომაჰავკები“. გამოცემის მიხედვით, „გაზაფხულის შტორმში“ ჩართულია ცხრა ათასი სამხედრო მოსამსახურე ესტონეთიდან და ნატოს სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზაფხულის შტორმი“, პირველ რიგში, მიმართულია ქვეითთა ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისკენ, თუმცა სწავლებაში ასევე ჩართულია ფლოტი და ავიაცია. გარდა ამისა, ერთი კვირის წინ ესტონეთში ავიაბაზა ემარიში დაეშვა მეხუთე თაობის ორი ამერიკული თვითმფრინავი F-35, ლიეპაის პორტს კი სტუმრობს ნატოს ოთხი ხომალდი. გამოცემა იმის შესახებაც წერს, რომ ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა 9 მაისს რესპუბლიკის ტერიტორიული წყლების მახლობლად აღმოაჩინეს რუსეთის ორი მცირე სარაკეტო ხომალდი და ერთი დიდი სარაკეტო კატარღა, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ 9 მაისის აღლუმში.

გაზეთი „კომერსანტი“ კი რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის ზრდის შესახებ წერს. 2016 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე შეტანილი ქართული ღვინის მოცულობა 47 პროცენტით გაიზარდა და 20 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც ღვინის მთელი იმპორტის 11 პროცენტს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო მეოთხე ადგილზეა ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ. სტატიის მიხედვით, სულ უფრო მეტი რუსული კომპანია ცდილობს ქართული ღვინოების დისტრიბუციის დაწყებას. ასეთ კომპანიათა შორისაა „აბრაუ-დიურსო“, რომელიც ასევე განიხილავს საქართველოში ვენახებისა და ღვინის ქარხნების შეძენის შესაძლებლობას. „კომერსანტი“ წერს ასევე იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მსოფლიოში ღვინის წარმოებას აფერხებს. როგორც ირკვევა, ღვინის მსოფლიო წარმოება ყოველწლიურად კარგავს, დაახლოებით, 10 მილიარდ დოლარს ცუდი ამინდისა და ისეთი სტიქიური უბედურების გამო, როგორიცაა: გვალვა, ყინვა, სეტყვა და ქარიშხალი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებმაც რისკების გლობალური ინდექსი შეადგინეს 131 ქვეყნის შვიდი ათასი რეგიონის მონაცემებზე დაყრდნობით. მაღალი რისკის ქვეყნების სათავეში იმყოფებიან არგენტინა, საქართველო, მოლდავეთი და სლოვენია. მთლიანობაში, ყოველწლიურად ღვინის წარმოების მსოფლიო მოცულობა 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რუსეთში მცირეშვილიანობაზე შეიძლება გადასახადი დაწესდეს. გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა რუსეთის დემოგრაფიის, მიგრაციისა და რეგიონალური განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა იური კრუპნოვმა. კანონპროექტის მიხედვით, რომლის სათაურია „მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის შესახებ“, ბავშვების აღზრდა უნდა გაუთანაბრდეს შრომით საქმიანობას. მრავალშვილიან ოჯახებს უნდა გადაეცეთ მიწის ნაკვეთები, ხოლო მცირეშვილიანობაზე უნდა დაწესდეს გადასახადი. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, რუსეთში ოჯახების მხოლოდ 6,5 პროცენტი ითვლება მრავალშვილიანად და ამ ოჯახებში იზრდება მთელი ქვეყნის ბავშვების 20 პროცენტი. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ასევე ყოველთვიურ ფულად დახმარებას ბავშვების რაოდენობის მიხედვით: 25 ათას რუბლს მიიღებენ სამ-ოთხბავშვიანი ოჯახები, 45 ათასს - ხუთ-შვიდბავშვიანი ოჯახები და 100 ათასს -ოჯახები რვა და მეტი ბავშვით. კანონპროექტის ინიციატიორები იმედოვნებენ, რომ სიახლის წყალობით რუსეთი შეძლებს გადაჭრას დემოგრაფიული პრობლემები 2030 წლისთვის.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG