Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 18 იანვარი, 2017 წ.


რედაქტორის სვეტით გამოეხმაურა გაზეთი „ვედომოსტი“ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის განცხადებას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის პირობების თაობაზე. გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ დონალდ ტრამპი შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ბირთვული პოტენციალის მნიშვნელოვანი შემცირების სანაცვლოდ. გაზეთი შენიშნავს, რომ ეს განცხადება სავსებით შეესაბამება ტრამპის მოსალოდნელ პოლიტიკას, გაჟღენთილს ბიზნესსტილით, თუმცა საეჭვოა, რომ მისი რეალიზება მოხერხდეს. სანქციები ხომ სულ სხვა რამის გამო დაუწესდა რუსეთს. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, რომ სანქციების რეჟიმი შეიცვალოს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში.

თუმცა „ვედომოსტი“ არ გამორიცხავს, რომ სანქციები და განიარაღების საკითხები იყოს ნაწილი „დიდი გარიგებისა“, რომლის შესახებაც, რუსული გამოცემის მიხედვით, ტრამპის გარემოცვაში საუბრობენ. „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სტატიაში რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სამხედრო აკადემიის მეცნიერი თანამშრომელი ვასილ ლატი ამბობს, რომ რუსეთი მეტად ვეღარ შეამცირებს თავის ბირთვულ პოტენციალს, რაც მშვენივრად ესმით ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ამიტომაც წამოაყენეს ამგვარი წინადადება. ამავე თემას ეხმიანება „ნოვაია გაზეტა“, რომელშიც ვკითხულობთ: „თუ ვილაპარაკებთ სანქციების გაუქმებისა და ბირთვული შეიარაღების შემცირების გაცვლის ალბათობაზე, მოსკოვი ამაზე არასოდეს დათანხმდება. რუსეთის ბირთვული უსაფრთხოება და ეკონომიკური სანქციები - ორი განსხვავებული, არათანაზომიერი რამაა“.

„სასჯელის გამორიცხული ზომა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციაში კვლავ განახლდა დისკუსია სიკვდილით დასჯის შენარჩუნებისა და გამოყენების თაობაზე. პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კანონმდებლობისა და სახელმწიფომშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარე პაველ კრაშენინნიკოვი გამოვიდა ინიციატივით, ამოღებულ იქნეს სისხლის სამართლის კოდექსიდან სასჯელის უმაღლესი ზომა, რომელიც არათუ არ გამოიყენება პრაქტიკულად, არამედ ამ მუხლის შესაბამისი სასჯელიც კი არ გამოაქვთ მოსამართლეებს, თუმცა რუსეთის დუმაში უფრო მეტია ისეთი დეპუტატი, რომელიც მომხრეა შეინარჩუნოს უმაღლესი ზომა, როგორც პრევენციული ზომა. სოციოლოგებიც შენიშნავენ, რომ რუსეთში სიკვდილით დასჯის მომხრეები უმრავლესობაში არიან, თუმცა მათი წილი სტაბილურად მცირდება. „ლევადას ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა რუსეთის მოსახლეობის 41 პროცენტი, მომხრე კი - 44 პროცენტი. „კომერსანტი“ ციტირებს საერთაშორისო ორგანიზაცია „მემორიალის“ მმართველობის თავმჯდომარის, არსენი როგინსკის, განცხადებას: „სიკვდილით დასჯის მომხრეები ყოველთვის იქნებიან, ისინი არიან იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სასჯელის ეს ზომა დიდი ხნის წინაა გაუქმებული, ამიტომ ხელისუფლებას შეუძლია არ მიაქციოს ყურადღება საზოგადეობის განწყობას და დღესვე განთავისუფლდეს ამ არქაიზმისგან“.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ კი გამოეხმაურა საერთაშორისო გაერთიანება Oxfam-ის გამოკვლევას მსოფლიოში ღარიბებისა და მდიდრების განაწილების თაობაზე. სტატიის მიხედვით, რუსეთში ღარიბების რაოდენობა კვლავინდებურად იზრდება. 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, რუსეთში სიღარიბის მიღმა ცხოვრობს 20,3 მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 13,9 პროცენტი. ამავე თემაზე აქვეყნებს სტატიას „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომელიც Credit Suisse-ის გამოკვლევაზე დაყრდნობით იმის შესახებ წერს, რომ რუსეთი იმყოფება პირველ ადგილზე ყველაზე არათანაბარი ეკონომიკების მსოფლიო რეიტინგში: რუსეთის მოსახლეობის 1 პროცენტი ფლობს მთელი ქვეყნის სიმდიდრის 74,5 პროცენტს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG