Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი პატრუშევი - რუსეთის "ახალი წარჩინებული" და პუტინის შესაძლო მემკვიდრე


ვიცე-პრემიერი დმიტრი პატრუშევი მთავრობის სხდომაზე. მოსკოვი, 2 ივლისი, 2024.
ვიცე-პრემიერი დმიტრი პატრუშევი მთავრობის სხდომაზე. მოსკოვი, 2 ივლისი, 2024.

2017 წელს კვიპროსში დაფუძნებულმა ოფშორულმა კომპანია Pimodo-მ 3 მილიონი ევრო (3,25 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიცია ჩადო 10 რეზიდენციაში ხუთვარსკვლავიან Salinas Sea Resort-ში, ატლანტის ოკეანის კუნძულოვან ქვეყანა კაბო-ვერდეში. ინვესტიციისთვის თანხა უზრუნველყო რუსულმა სასოფლო-სამეურნეო-სავაჭრო ფირმა Agrotorg Tulsky-მ, რუსეთის აგრარულ ბანკ „როსსელხოზბანკთან“ დაკავშირებულმა კომპანიამ. „როსსელხოზბანკი“ რუსეთის მთავრობამ 2000 წელს შექმნა სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერისთვის.

მოგვიანებით, 2018 წლის აპრილში, Agrotorg Tulsky-მ თავად შეისყიდა Pimodo, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი, რომელიც შეიქმნა რუსული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, გახდა ძვირადღირებული საცხოვრებლის მფლობელი შორეულ ქვეყანაში, რომელიც, აშშ-ის მთავრობის თანახმად, ცნობილია თავისი თეთრი ქვიშის პლაჟებით და როგორც „მნიშვნელოვანი სატრანზიტო ცენტრი სამხრეთამერიკული კოკაინის ევროპაში გადასატანად“.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა საგამოძიებო პროექტმა „სისტემამ“ აღმოაჩინა, რომ კაბო-ვერდეს კურორტის შესყიდვა საშუალებას გვაძლევს, შევიხედოთ რუსეთის ბურუსით მოცული ხელმძღვანელობის წრეების ელიტარულ სამყაროში. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ამ კონკრეტულ თანავარსკვლავედში არის დმიტრი პატრუშევი, რუსეთის 46 წლის ვიცე-პრემიერი, რომელიც არის პრეზიდენტის თანაშემწისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის უფროსი ვაჟი. ექსპერტების აზრით, პატრუშევი უმცროსი მემკვიდრის წამყვანი კანდიდატია, თუ 71 წლის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებას დათმობს. თუმცა ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ ის უახლოეს მომავალში აპირებს ამის გაკეთებას.

პოტენციური მემკვიდრის როლში დმიტრი პატრუშევის „ყველაზე დიდი პლიუსი“ არის მისი როგორც ძალოვნისა და სამოქალაქო სფეროების წარმომადგენლის კომბინაცია. მამის წყალობით ჩეკისტურ კორპორაციაში მას თუ მთლიანად „თავისიანად“ არა, „სოციალურად ახლობლად“ მაინც აღიქვამენ, - წერს პოლიტიკური კონსულტანტი და პუტინის ყოფილი სპიჩრაიტერი აბას გალიამოვი. „ამავე დროს, მილიტარისტული რიტორიკითა და მტრებზე გაუთავებელი ნადირობით დაღლილი საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ შეეშინდება მისი ‘ეპოლეტებისა’“.

გალიამოვის აზრით, პატრუშევის მთავარი მინუსი არის მის გარშემო არსებული სკანდალები და მისი როგორც „იღბლიანი ვაჟის“ უსიამოვნო იმიჯი.

ახალი წარჩინებული ფენა“

73 წლის ნიკოლაი პატრუშევი პუტინს 1970-იანი წლებიდან იცნობს და არის პრეზიდენტის ახლო წრის ერთ-ერთი ყველაზე სანდო წევრი. ასევე ის არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად „ქორი“ და ანტიდასავლურად განწყობილი პირი რუსეთის ხელმძღვანელობაში. კგბ-სა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) კარიერის ოფიცერმა პატრუშევმა ფსბ-ს დირექტორის თანამდებობაზე შეცვალა პუტინი, როცა ავადმყოფმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა პუტინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა 1999 წლის აგვისტოში. პატრუშევმა ორივე ვაჟი, დმიტრი და ანდრეი ფსბ-ს აკადემიაში გაგზავნა.

2000 წელს პატრუშევმა გამოაქვეყნა დასამახსოვრებელი სტატია, რომელშიც იცავდა „ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში“ კგბ-ს ისეთი მტკიცე მხარდამჭერების მისვლას, როგორიც ის და პუტინი იყვნენ და დაგმო მათი როგორც დემოკრატიისთვის საფრთხის შემქმნელთა „დემონიზაციის“ სავარაუდო მცდელობები. მან ამ ადამიანებს უწოდა „მკაცრი პრაგმატიკოსები“, რომლებიც უანგაროდ იცავენ ქვეყანას გარეშე და შინაური მტრისგან.

ნიკოლაი პატრუშევი სამხედრო ცერემონიაზე მოსკოვში 2020 წლის თებერვალში
ნიკოლაი პატრუშევი სამხედრო ცერემონიაზე მოსკოვში 2020 წლის თებერვალში

მისი თქმით, ისინი არიან რუსეთის „ახალი წარჩინებულები“ და, ტრადიციული თავადაზნაურობის მსგავსად, ეს ზოგიერთ შემთხვევაში მემკვიდრეობითია.

დმიტრი პატრუშევმა პუტინის პრეზიდენტობისას თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა. 32 წლის ასაკში ის სათავეში ჩაუდგა რუსეთის „როსსელხოზბანკს“, რუსეთის მეოთხე უდიდეს ბანკს წმინდა აქტივების მხრივ. 40 წლის ასაკში ის სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა, ხოლო წელს, 46 წლის ასაკში, ის გახდა ვიცე-პრემიერი აგროსამრეწველო კომპლექსის, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის ზედამხედველობის საკითხებში. ის რეგულარულად ესწრება კრემლის შეხვედრებს პუტინთან.

როგორც „ახალ წარჩინებულთა“ წევრს შეფერება პუტინის სულ უფრო ნაციონალისტურ, ანტიდასავლურ და იზოლირებულ რუსეთში, დმიტრი პატრუშევი საახალწლო არდადეგებს ატარებს არა საზღვარგარეთ, არამედ ახლო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად - თავის აგარაკზე მოსკოვის ჩრდილოეთით რამდენიმე ასეულ კილომეტრზე, ტვერის ოლქში, განუცხადა „სისტემას“ პატრუშევების ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ, რომელმაც ანონიმად დარჩენა ითხოვა უსაფრთხოების მოსაზრებების გამო.

სახლი ოფიციალურად არის პატრუშევის მეუღლის, ტელეწამყვან მარინა არტემიევას საკუთრება. არტემიევა ასევე არის პატრუშევის ქონების ოფიციალური მფლობელი მოსკოვის მახლობლად და ორი ბინისა ელიტარულ საცხოვრებელ კომპლექს „ზოლოტოიში“კრემლთან ახლოს. „სისტემის“ შეფასებით, ის ოფიციალურად ფლობს დაახლოებით 31 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას.

ტვერის ოლქში აგარაკის ისტორიის შესწავლამ, რომელიც შედარებით მოკრძალებულია პუტინის ელიტის სხვა წევრების სტანდარტებით, „სისტემას“ საშუალება მისცა, გამოეაშკარავებინა ზოგიერთი ინსაიდერული გარიგება და მანიპულაცია, რომლებიც მიემართება მდინარე ვოლგის ნაპირებზე მდებარე ამ ნაკვეთიდან აფრიკის ატლანტის სანაპიროსთან მდებარე კაბო-ვერდემდე. და ყველა ეს გარიგება დაკავშირებული იყო „როსსელხოზბანკთან“, რომელიც დღემდე რჩება პატრუშევის კომპეტენციის სფეროში.

ამ ტექსტში ნახსენებმა არცერთმა ადამიანმა არ უპასუხა „სისტემის“ თხოვნას, მიეცათ კომენტარი.

ვოლგაზე

2022 წლის 21 ნოემბერს პატრუშევმა, მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, უმასპინძლა მეფრინველეობის ფერმის გახსნას დასავლეთ ციმბირის ტიუმენის ოლქში. ვიდეოხაზით ერთმანეთს დაუკავშირდნენ გუბერნატორები და ბიზნესის წარმომადგენლები მოსკოვიდან, კალინინგრადიდან და კურსკის ოლქიდან. პუტინი ვირტუალურად მონაწილეობდა კრემლიდან. ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც პუტინი სახელით ახსენებდა, იყო სერგეი ნოვიკოვი, აგრობიზნეს „აგროპრომკომპლექტაციის“ მფლობელი.

64 წლის ნოვიკოვმა თავისი იმპერია ტვერის ოლქში მდებარე კოლმეურნეობის საძირკველზე დააფუძნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამ რთული სახელწოდების კომპანიამ 200 სული პირუტყვითა და 2000 ჰექტარი მიწით დაიწყო.

დმიტრი პატრუშევი, როდესაც ის იყო „როსსელხოზბანკის“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე 2015 წლის თებერვალში
დმიტრი პატრუშევი, როდესაც ის იყო „როსსელხოზბანკის“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე 2015 წლის თებერვალში

დღეს კონგლომერატი დაახლოებით 40000 ძროხას და 1,3 მილიონ ღორს აშენებს 100000 ჰექტარზე მეტ მიწაზე, რაც მანჰეტენზე დაახლოებით 17-ჯერ მეტი ფართობია. ის რუსეთის რძის პროდუქტების მწარმოებელთა სამეულში შედის და მეშვიდეა ღორის ხორცის წარმოებაში. 2023 წელს მისმა შემოსავალმა დაახლოებით 1,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2020 წლის ინტერვიუში ნოვიკოვმა ღიად ისაუბრა პატრუშევის როლზე მისი კომპანიის ელვის სისწრაფით ზრდაში.

„‘როსსელხოზბანკთან’ მუშაობა 2006 წელს დავიწყეთ“, თქვა მან. „მაგრამ ჩვენი ბიზნესის დიდი გარღვევა და სერიოზული განვითარება დაიწყო 2010 წელს, დმიტრი ნიკოლაევიჩ პატრუშევის ახალი გუნდის მოსვლასთან ერთად.“

„სისტემამ“ გამოთვალა, რომ იმ დროს, როცა პატრუშევი ბანკს თავმჯდომარეობდა, 2010 წლიდან 2018 წლამდე, მან ნოვიკოვის კომპანიას 35 მილიარდი რუბლი (1 მილიარდი დოლარი) კრედიტი მისცა. მარტო 2014 წელზე მთელი 21,3 მილიარდი რუბლი (609 მილიონი დოლარი) მოდის. ეს ფული ფირმას დაეხმარა, გადაეტანა ღორის გრიპის სერიოზული ეპიდემია, რომელმაც რუსეთის ათამდე რეგიონი მოიცვა 2013 წელს. მცირე ფერმერები იმ დროისთვის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, რომ ის მათ არ დახმარებია, მაშინ როცა გარიგებული იყო მსხვილ აგრომრეწველებთან.

2013 წლის აპრილში, დაახლოებით ერთი წლით ადრე, სანამ „როსსელხოზბანკი“ ნოვიკოვის ჯგუფისთვის მასიური კრედიტების გაცემას დაიწყებდა, ჰოლდინგი დატოვა აგრობიზნესმა „კოროვინსკოემ“. მას დაეუფლა ბიზნესმენი ანდრეი ალეშკოვი, დმიტრი პატრუშევის ყოფილი სკოლელი. 2016 წელს, „ნოვაია გაზეტა ევროპის“ ცნობით, პატრუშევის ბანკმა ალეშკოვს 1,89 მილიარდი რუბლის (54 მილიონი დოლარი) სესხი მისცა მოსკოვში „პრაიმ-ტაიმის“ საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად.

„როსსელხოზბანკის“ მოსკოვის ოფისი
„როსსელხოზბანკის“ მოსკოვის ოფისი

არსებობს სხვა მინიშნებებიც, რომ „კოროვინსკოე“ პატრუშევის ფრთის ქვეშ მოექცა. კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი ივან პლეშაკოვი და მისი ახალი ტელეფონის ნომერი დაკავშირებული იყო კომპანიასთან, სახელად Trial, სახელმწიფო საგანგებო სარეზერვო ფონდ „როსრეზერვის“ მიმწოდებელთან, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკის ვებსაიტმა „პროექტმა“ დაუკავშირა პატრუშევს 2023 წლის გამოძიების დროს.

„კოროვინსკოე“ პირუტყვის მოშენების გარდა ფლობდა იდილიურ მიწის ნაკვეთს ვოლგის ნაპირებზე, ტვერის ოლქში. სწორედ აქ დგას დმიტრი პატრუშევის აგარაკი. მოგვიანებით, 2013 წელს, ხეები უკვე გაიჩეხა დაახლოებით 3 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ფართობი ოდნავ აღემატება წითელ მოედანს. Google Earth-ზე გადაღებული სურათების მიხედვით, 2014 წელს მშენებლობა მიმდინარეობდა.

2016 წლისთვის სამუშაოები თითქმის დასრულებული იყო და საცხოვრებელი სახლების გარდა შეგიძლიათ ამოიცნოთ გარე შენობები, გაზონები, ფეხბურთის მოედანი, ნავების მისადგომი და საცურაო ადგილი. დაახლოებით იმავე პერიოდში „კოროვინსკოემ“ დაიწყო სხვა მიწის ნაკვეთების გაყიდვა, დიდი ალბათობით, საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ ფასებში. 2016 წელს ფირმამ ოფიციალურად მიიღო შემოსავალი 11 მილიონი რუბლის (160 000 დოლარი) ოდენობით, მაშინ როცა მიწა, რომელიც გაყიდა, სულ მცირე ხუთჯერ მეტი ღირდა.

ოთხი ნაკვეთიდან ორი ოფიციალურად გადაეცა ნოვიკოვს. თუმცა, პატრუშევების ოჯახთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ოჯახი საახალწლო არდადეგებს იქ რეგულარულად ატარებდა. „სისტემის“ მიერ შესწავლილი დოკუმენტების მიხედვით, 2023 წელს ნოვიკოვმა ნაკვეთები პატრუშევს გადასცა.

„კოროვინსკოეს“ კიდევ ორი ნაკვეთი გადაეცა მეწარმე ანდრეი სადოვსკის, რომელიც დღემდე ფლობს მათ.

დასვენება და სპორტი“

პუტინმა და პატრუშევმა 2022 წლის ნოემბერში გახსნეს მეფრინველეობის კომბინატი, რომლის მფლობელია ვინმე ნაუმ ბაბაევი. მისი აგრობიზნესი „დამატე“ არის მსოფლიოში ინდაურის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და, კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, მის ზრდაში გადამწყვეტი როლი მიუძღვის „როსსელხოზბანკს“.

წლების განმავლობაში პატრუშევის ბანკმა ბაბაევის კომპანიებს გადასცა 70 მილიარდ რუბლზე მეტი (1,2 მილიარდი დოლარი). გარდა ამისა, ბაბაევს არაერთხელ მიეცა უფლება, მიმზიდველი პირობებით დაუფლებოდა ბანკის ზოგიერთ პრობლემურ აქტივს.

2020 წელს „როსსელხოზბანკმა“ ბაბაევს ნება მისცა, დაჰპატრონებოდა მის გაკოტრებულ მთავარ კონკურენტს, ფირმა „ევროდონს“.

2018 წლამდე ბანკის პრობლემური აქტივების განყოფილებას ხელმძღვანელობდა დმიტრი სერგეევი, მნიშვნელოვანი ფიგურა პატრუშევის ახლო წრეში. სერგეევსა და ბაბაევს დიდი ხნის საქმიანი კავშირები აქვთ. ბაბაევთან პარტნიორობა აკავშირებთ სერგეევის მეუღლესა და უფროს ვაჟსაც.

პატრუშევი და სერგეევი ერთმანეთს იცნობენ სულ მცირე 2000-იანი წლების შუა ხანებიდან, როცა ერთიც და მეორეც სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი VTB Bank-ის ტოპ მენეჯერები იყვნენ. სერგეევი გახდა პატრუშევის მოადგილე VTB-ში, პატრუშევის პირველი მოადგილე „როსსელხოზბანკში“ მოგვიანებით კი - მინისტრის მოადგილე სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

2019 წელს სერგეევი დაინიშნა „მარცვლეულის გაერთიანებული კომპანიის“ ხელმძღვანელად. ეს არის სახელმწიფო აგროკორპორაცია, რომელიც მართავს ქვეყნის მარცვლეულის ინფრასტრუქტურას და კონტროლდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. მინიმუმ ტელეგრამის ერთი არხი მოიხსენიებს სერგეევს პატრუშევის „მარჯვენა ხელად“.

პატრუშევების ოჯახთან დაახლოებული „სისტემის“ წყაროს თანახმად, დმიტრი პატრუშევის ოჯახი ზოგჯერ სერგეევებთან ერთად ისვენებს, ხოლო სერგეევს აქვს აგარაკი პატრუშევების მახლობლად. კაცი, რომელმაც პატრუშევის მიმდებარე ნაკვეთების მფლობელი გახდა, არის ანდრეი სადოვსკი, სერგეევის სიძე.

2023 წლის მარტში, ტვერის ოლქის სატყეო მეურნეობამ პატრუშევების მიწის მიმდებარე ტყის ნაკვეთი აუქციონზე გაიტანა. სერგეევმა მოიგო აუქციონში და ნაკვეთი საწყის ფასად, დაახლოებით 209000 რუბლად (2700 დოლარი) მიიღო. მან 49 წლით მოიპოვა 2 ჰექტარი ტყის კონტროლის უფლება.

Google Earth-ის სურათების მიხედვით, ტყე უკვე კონტროლქვეშაა და მრავალი ხისგან გაიწმინდა. იჯარის პირობების მიხედვით, ნაკვეთი შეიძლება გამოყენებულ იქნეს „დასვენებისა და სპორტისთვის“.

დმიტრი პატრუშევისა (მარჯვნივ) და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა კრემლში 2022 წელს
დმიტრი პატრუშევისა (მარჯვნივ) და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა კრემლში 2022 წელს

2018 წელს „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანია დაეუფლა კვიპროსულ ოფშორულ კომპანია Pimodo-ს და მის ინვესტიციას კაბო-ვერდეს საკურორტო კომპლექსში. კვიპროსის კორპორაციული რეესტრის მიხედვით, Pimodo-ს წარმოადგენდა მონტენეგროელი ბიზნესმენი სტელა კოლმანი. კოლმანს მონტენეგროს ფირმა Open Investment-ის მეშვეობით საქმიანი კავშირები ჰქონდა „როსსელხოზბანკის“ ყოფილ მენეჯერთან, ივან ჩეპოვოისთან. ჩეპოვოი, თავის მხრივ, იყო სერგეევის მოადგილე VTB Bank-ში და ასევე სერგეევის ხელმძღვანელობით მუშაობდა „როსსელხოზბანკის“ პრობლემური აქტივების განყოფილებაში. ახლა ჩეპოვოი სერგეევის მოადგილეა „მარცვლეულის გაერთიანებულ კომპანიაში“.

ეს შეთანხმება გაგრძელდა 2022 წლამდე, სანამ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო და საჭირო გახდა საზღვარგარეთ რუსული აქტივების დაცვა. 24 თებერვლის შეჭრამდე სამი კვირით ადრე, Pimodo მიეყიდა სხვა ოფშორულ ფიქციურ კომპანიას სახელად Fiosal Ventures. კვიპროსის კორპორაციული რეესტრის მიხედვით, Fiosal Ventures-ს არაპირდაპირი კორპორაციული კავშირები აქვს ნოვიკოვის „აგროპრომკომპლექტაციასთან“.

„ჩვენი საუკეთესო კოლეგები, რომლებიც ფსბ-ს ღირსებასა და სიამაყეს წარმოადგენენ, თავიანთ საქმეს ფულისთვის არ აკეთებენ,“ წერდა ნიკოლაი პატრუშევი „ახალ წარჩინებულთა“ შესახებ თავის სტატიაში 2000 წელს. „ისინი ყველანი განსხვავებულად გამოიყურებიან, მაგრამ არის ერთი ძალიან გამორჩეული მახასიათებელი, რომელიც აერთიანებს ყველა ამ ადამიანს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება: ეს არის მათი მსახურების გრძნობა“.

(მასალის მომზადებაში მონაწილეობდა რობერტ კოლსონი)

XS
SM
MD
LG