მოსკოვი თბილისის ქმედებებს დესტრუქციულად მიიჩნევს და დახმარებას ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს სთხოვს. ამასთან, მუქარაც იგრძნობა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ხელშეკრულების გაფორმების სამზადისს შეეხება. ამ საკითხთან მიმართებით თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებისა და მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს. თუმცა ანალოგიური პროცესი, ადგილობრივი წყაროს ცნობით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმართულებითაც ვითარდება.
თბილისში არ გაჰკვირვებიათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება, რომელიც მან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა. მაგალითად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა 21 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის ქმედებები და რეაქციები რეალურად ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს.
რაც შეეხება უშუალოდ გრიგორი კარასინის განცხადებას, საქართველოს ზოგადი კრიტიკის გარდა, მასში ვხვდებით სიტყვას ”სახიფათო”, რაც ერთგვარი მუქარის შთაბეჭდილებას ტოვებს:
”საქართველოს მხარის მსჯელობა აფხაზეთის თითქოსდა ”ანექსიის” შესახებ არაკეთილსინდისიერი და სახიფათო სპეკულაციებია, რასაც შეუძლია სერიოზულად გაართულოს ჟენევის მოლაპარაკებათა ატმოსფერო”.
ამჟამინდელ პირობებში მოსკოვმა და სოხუმმა ჩათვალეს აუცილებლად მოაწესრიგონ და განაახლონ ორმხრივი თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოები...გრიგორი კარასინი
ეს რომ ასე არ მოხდეს, გრიგორი კარასინი თბილისის შეკავებაში დახმარების მოწოდებით, ევროკავშირის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის კიდევ ორ თანათავმჯდომარეს - გაეროსა და ეუთოს - მიმართავს. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მოსკოვის ინიციატივაში საგანგაშო და გასაკვირი არაფერია. ის ამბობს, რომ რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ურთიერთობები ”სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს” წარმოადგენს. ამ ურთიერთობების მთავარ საყრდენად 2008 წლის 17 სექტემბრის ”დიდი” ხელშეკრულება და ბოლო 6 წელიწადში გაფორმებული 80 სხვადასხვა შეთანხმება სახელდება.
”ამჟამინდელ პირობებში მოსკოვმა და სოხუმმა ჩათვალეს აუცილებლად მოაწესრიგონ და განაახლონ ორმხრივი თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოები. ამასთან, უცვლელად რჩება თანასწორობის, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპები, რომლებითაც მხარეები ხელმძღვანელობენ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ”, - უთხრა კარასინმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს.
ფაქტია, რომ მოსკოვი აფხაზეთის სახელითაც ლაპარაკობს და თანაც ისე, რომ თითქოს სოხუმი სიხარულით უჭერდეს მხარს სამომავლო ხელშეკრულების პროექტის შინაარსს. კრემლი არად დაგიდევს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკურ ლიდერებს შორის სერიოზული უკმაყოფილება შეინიშნება. ისინი ამბობენ, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი მათი ე.წ. სახელმწიფოს ე.წ. სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება და რომ ამ დოკუმენტის შემოთავაზებული ფორმით ხელმოწერა არ შეიძლება. ეს რომ ასე იქნება, პარტია ”ამცახარის” პოლიტსაბჭოს წევრებთან შეხვედრისას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც განაცხადა. მან თქვა, რომ ადგილობრივი პარლამენტი და სხვა უწყებები ამჟამად აქტიურად მუშაობენ აფხაზეთის მხარის ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაზე და რომ რუსეთთან მოლაპარაკებების მიზნით შეიქმნება სპეციალური დელეგაცია. პარტია”ამცახარა” ხელშეკრულების პროექტის კიდევ ერთ ვარიანტზე მუშაობს, რადგანაც ის უკიდურესად კრიტიკულად არის განწყობილი მოსკოვში შემუშავებული ხელშეკრულების მიმართ.
ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ წლის ბოლომდე მოეწერება ხელი. ასეთი დოკუმენტის მომზადება დღეს არ დაწყებულა, პერმანენტული მუშაობა მიმდინარეობდა...სტანისლავ კოჩიევი
აფხაზეთში გაჩაღებული უკმაყოფილო დისკუსია, შეიძლება ითქვას, აკვირვებთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, სადაც რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციის სურვილს გამოხატავენ. როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის ”ეხო კავკაზას” კორესპონდენტს უთხრა დე ფაქტო რესპუბლიკის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა, აფხაზების საქმეში ჩარევას არ აპირებს, მაგრამ, მისი აზრით, საჭიროა გაცილებით ღრმა ურთიერთობები უსაფრთხოების ერთადერთ გარანტთან - რუსეთის ფედერაციასთან.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი სპიკერის სტანისლავ კოჩიევის თქმით კი, რუსეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მზად არის და ხელმოწერას ელოდება:
”ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ წლის ბოლომდე მოეწერება ხელი. ასეთი დოკუმენტის მომზადება დღეს არ დაწყებულა, პერმანენტული მუშაობა მიმდინარეობდა. მეხუთე მოწვევის პარლამენტმაც შეიტანა მოკრძალებული წვლილი. ხელშეკრულების ახალ პროექტში, სხვა პუნქტებთან ერთად, შეტანილია ზოგიერთი პუნქტი, რაც ასევე გვხვდება აფხაზეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტში. ხელშეკრულების ეს პროექტი უფრო შეესაბამება სამხრეთ ოსეთს და ის მზად არის ხელმოსაწერად”.
გერმანულმა მხარემ სრულად გაიზიარა ჩვენი შეშფოთება, კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აღმითქვა გერმანელმა კოლეგამ, რომ ეს თემა იქნება მისი შემდგომი საუბრის თემაც...მაია ფანჯიკიძე
რუსეთისგან მოსალოდნელი ”ანექსიის” შესაჩერებლად თბილისი საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი მხარდაჭერისა და ყურადღების მოზიდვას ცდილობს. სწორედ აფახზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან დაკავშირებული, ”ანექსიის” მომასწავებელი პროცესები წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მთავარ აქცენტს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის საუბრის მთავარ თემას ლუქსემბურგსა და გერმანიაში გამართული შეხვედრების ფარგლებში ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებთან თუ წევრი ქვეყნების ლიდერებთან. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, დახმარების დაპირება მიღებულია, მაგალითად, გერმანელი კოლეგისგან - ფრანკ ვალტერ შტაინმაიერისგან:
”გერმანულმა მხარემ სრულად გაიზიარა ჩვენი შეშფოთება, კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და აღმითქვა გერმანელმა კოლეგამ, რომ ეს თემა იქნება მისი შემდგომი საუბრის თემაც, როდესაც ექნება საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან”.
თუმცა მოსკოვში არ სწყალობენ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებებს. თანაც, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები და ასევე მათი იდეების მატარებლები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში არ მალავენ, რომ საქართველოზე განაწყენების უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ. თუმცა ეს პროცესი კვლავაც მიმდინარეობს და 21 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გეგმა განიხილეს. მოკავშირეებს გეგმის დეტალები 28+1 ფორმატით გამართულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა გააცნო. პროცესის მიზნებად საქართველოს ნატოში გაწევრიანება, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი ამაღლება და ალიანსთან თავსებადობის კიდევ უფრო გაძლიერება სახელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა რუსეთის მცდელობას გააფორმოს "ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ" დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვნად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.