„რუსოფობია - ანუ პოეტური იმპერიალიზმი ლომონოსოვიდან ევტუშენკომდე“ - ასე ჰქვია გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოცემულ წიგნს, რომელშიც რუსული პოეზია და მისი დროში უცვლელი, მითოლოგიზებული, დერჟავულ-იმპერიული დისკურსი გაანალიზებულია გამოჩენილი რუსი პოეტების შემოქმედების მაგალითზე. წიგნის ავტორმა, პოეტმა და ესეისტმა ნუგზარ ზაზანაშვილმა, თავისი ვრცელი ნაშრომი თოთხმეტ პირობით თავად დაყო. შემთხვევით არ არის, რომ წიგნის ყველაზე ვრცელი თავი - „კავკასიის გამოგონება“ - ეთმობა იმ პოეტების შემოქმედების განხილვას, რომლებმაც შექმნეს საქართველოსა და კავკასიის პოეტური ხატი.
ევგენი ევტუშენკო ნუგზარ ზაზანაშვილის ნაშრომის ცოცხალ პერსონაჟთა შორის ყველაზე ცნობილი რუსი პოეტია, რომლის კალამსაც ეკუთვნის შემდეგი სიტყვები, თუ დაივიწყებ საქართველოს, რუსეთში პოეტად ყოფნას ვერ შეძლებო. უნდა ითქვას, რომ ევგენი ევტუშენკოსაც დიდი წვლილი მიუძღვის ორი საუკუნის წინ გამოგონებული საქართველოს პოეტური სახის განმტკიცებაში. გარდა ამისა, მისი შემოქმედება ასევე გაჟღენთილია დერჟავნიკულ-პატრიოტული სულისკვეთებით, თუმცა, როგორც წიგნის ავტორი ნუგზარ ზაზანაშვილი ამბობს, ამ მხრივ ევტუშენკო გამონაკლისი არაა: რუსეთის ბევრად „უკეთესი შვილების“ - ევტუშენკოზე ბევრად ნიჭიერი და მნიშვნელოვანი პოეტების - შემოქმედება იდგა იმპერიის სამსახურში:
„ყველა დიდი რუსი პოეტის ტექსტში ჩანს ეს. ზოგმა უფრო დიდი კვალი დაამჩნია ამ თვალსაზრისით, კონცეპტუალური კვალი, რასაც ჰქონდა დიდი ზეგავლენა შემდგომ თაობებზე. აი, მაგალითად, ტუტჩევი, ეს უდიდესი პოეტი, ჩემი აზრით, უდიდესი რუსი ლირიკოსი, მაგრამ მეორე მხარე აქვს ამას. მან ასევე შექმნა რუსეთის იმპერიის და იმპერიალიზმის სიწმინდის მეტამითი, რუსეთის, როგორც ღვთის საიდუმლოსი. აქედან დაიწყო ყველაფერი და დღემდე გრძელდება. ფაქტობრივად, ყველა დიდი რუსი პოეტის შემოქმედებას აქვს ორი სახე... ორსახოვანი იანუსივითაა: ერთი - ნამდვილად დიდი პოეტური მხარე და მეორე - იმპერიალისტური სახე“.
ნაშრომის პირველივე თავში, რომლის სათაურია „მამამთავრები“, ჩამოთვლილია ყველა ის რელიგიურ-პოლიტიკური მითი თუ მითოლოგემა, რომლებიც პოეტური ენით გადმოსცა მიხეილ ლომონოსოვმა და რომლებიც შემდგომ რეგულარულად აისახებოდა და აისახება რუსულ პოეზიაში. ესენია: მითი რუსეთის განსაკუთრებულობისა და რჩეულობის შესახებ, რუსეთის უსაზღვრობის მითი, მითი სხვა ხალხებისათვის რუსეთის იმპერიის „მიზიდულობის კეთილისმყოფელი ძალის“ შესახებ, მითი რუსული ხიშტის სამართლიანობის თუ სამშვიდობო მისიის შესახებ. ყველა ეს მითი მეთვრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა ცხოველმყოფელობა დღემდე არ დაუკარგავთ. ნუგზარ ზაზანაშვილს მოტანილი აქვს ფრაგმენტი აკაკი ბაქრაძის წიგნიდან „მწერლობის მოთვინიერება“, რომელიც 1990 წელს გამოიცა, თუმცა, როგორც განვლილმა სამმა ათეულმა წელმა აჩვენა, მასში გამოთქმულ მოსაზრებას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს:
„რუსული კულტურა უთუოდ დიდმასშტაბიანია, მისი ფორმა-შინაარსი უეჭველად მრავალფეროვანია, ღრმა და ცვალებადია დროში; ერთი მხარეა მხოლოდ პრიმიტიული და უცვლელი - დერჟავული იდეოლოგია თუ დერჟავულობის კომპლექსი, რომლისგანაც რუსეთი, აგერ უკვე ხუთ საუკუნეზე მეტია, ვერა და ვერ განიკურნა. ამდენად, რუსეთის კავკასიისადმი და, კერძოდ, საქართველოსადმი „სიყვარულის“ განელების იმედი ახლო მომავალში არ უნდა გვქონდეს“.
ამგვარ სკეპტიციზმს იზიარებს ფილოსოფოსი გიგი თევზაძე, რომლის თქმითაც, ცალკეული ადამიანი, როგორც ბიოლოგიური არსება, არაფერ შუაშია, იქნება ის რუსი თუ სხვა ეროვნებისა, თუმცა ასევე არასწორია რუსეთის ფრაგმენტაცია მთავრობად და ხალხად, ორ რუსეთად. გიგი თევზაძის თქმით, ნუგზარ ზაზანაშვლის ნაშრომი მკაფიოდ უპასუხებს კითხვას, თუ რა შუაშია რუსი ხალხი.
„შუაში არის მათი იდენტობის კონსტრუქცია, ანუ რა იდენტობის კონსტრუქცია აქვთ რუსებს იმ დროიდან მოყოლებული, როცა დაიწყო რუსული ლიტერატურა და დამთავრებული დღევანდელობით. ეს არის აბსოლუტურად ერთი და იგივე და ეს კარგად ჩანს ამ წიგნში, დამყარებულია იმპერიის იდეაზე და დაპყრობების იდეაზე. ასე რომ, ეს წიგნი აჩვენებს იმას, რომ, ფაქტობრივად, რუსული მთავრობა შეიძლება ზოგჯერ უზრდელად, ზოგჯერ მკვახედ ამბობს ზუსტად იმას, რასაც მას ეუბნება მისი ერის ძირითადი ტექსტები, ანუ ყველა ამბობს, რომ უნდა დაიპყრო, დაჩაგრო. ყველა ამბობს, რომ სიდიადე დაჩაგვრაშია“, უთხრა გიგი თევზაძემ რადიო თავისუფლებას.
ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ყველა დიდი რუსი პოეტი უმღერის ძლევამოსილ დერჟავას, რომ რუსი მეფის დასჯა უზენაესის ფარული წყალობის ტოლფასია, რომ რუსული ხიშტი სამართლიანია და რომ რუსეთის გაფართოება უზენაესი აუცილებლობით არის განპირობებული. ნუგზარ ზაზანაშვილის თქმით, ამგვარი დერჟავულ-იმპერიული დისკურსი არც რუსეთის იმპერიის გაწითლების შემდეგ შეცვლილა. „ფუტურიზმი დერჟავის სამსახურში“ - ამ თავში ნურზარ ზაზანაშვილი „ქართველი“ მაიაკოვსკის შესახებ წერს:
„წერია ამ წიგნში, როგორი ქართველი არის და რას წერს საქართველოზე, როგორ აკნინებს საქართველოს ისტორიას, როგორ ფამილარულად ეპყრობა ამ ჩვენ ისტორიულ ფასეულობებს, პერსონებს, როგორ იმეორებს ამ თამარ მეფის გაუკუღმართებულ ხატს, რაც ლერმონტოვმა შეთხზა თავის დროზე, როგორ ათამაშებს ამას. კი ბატონო, ამბობენ, რომ ეგეთი ფამილარული და ხულიგნური ენა ჰქონდაო, მაგრამ რატომ ჰქონდა ასეთი ენა საქართველოსთან მიმართებით და იმპერიასთან მიმართებით რატომ იყო სხვანაირი? მთლიანად წითელი იმპერიის მომღერალი იყო“.
მაიკოვსკი ერთგან ქართველ „მეფიკოებსა და თავადებზე“ წერს, უწოდებს მათ ერეკლეებს, ნინოებს, დავითებს. თამარ მეფეს მიმართავს ფამილარულად: დაუსხი ჰუსარს, ტამარაჩკაო. სხვაგან კი, როცა საუბარია რუსეთსა და მოსკოვზე, პოეტის ტონი ამაღლებული ხდება: მე ვიცი, მოსკოვში წყვეტენ ბედს კიევებისაც, თიფლისებისაცო. ვინც უნდა ვიყო, რუსულს ვისწავლიდი თუნდაც იმის გამო, რომ ამ ენაზე ლაპარაკობდა ლენინიო. კოტე გაბაშვილი, ფილოლოგი და დიპლომატი, ნუგზარ ზაზანაშვილის წიგნის მნიშვნელობაზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში კულტურის იარაღად გამოყენებაზე.
„ნურგზარ ზაზანაშვილმ აამ წიგნში შეძლო და სვეტივით ჩამოაყალიბა იდეა, რომ, ფაქტობრივად, 100 პროცენტი ამ დიდი რუსი მწერლებისა, რომლებზეც ჩვენი საზოგადოება - როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დაპყრობილის ფსიქიკიდან გამოუსვლელი საზოგადოება - გმინავს და ტირის, როგორც დიდ ახლობელ პოეზიაზე, უნდა დაინახონ, რომ იქ არის საშინელი, მკაცრი, ცუდი, უარყოფითი, გამთელავი, დამაკნინებელი და დამამცირებელი დამოკიდებულება სხვა ხალხების მიმართ და საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მათ შორის, ვის მიმართაც რუსეთს აქვს ასეთი განცდა, რომ მშვენიერი ქვეყანაა, ოღონდ ხალხი არ ვარგა“, უთხრა კოტე გაბაშვილმა რადიო თავისუფლებას.
წიგნის ავტორს უყურადღებოდ არ დარჩენია დიდი რუსი პოეტი იოსიფ ბროდსკი, რომელიც მანდელშტამთან, პასტერნაკთან, სევერიანინთან და ვოლოშინთან ერთად „მეტ-ნაკლებად დისტანცირებულთა“ შორის მოხვდა, თუმცა 1992 წელს უკრაინის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დაწერილ ლექსში, პოეტი არსებითად დასცინის და აბუჩად იგდებს უკრაინას და მის სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ. წიგნში განხილულია ასევე ანა ახმატოვასა და მარინა ცვეტაევას ლექსები, რომლებიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორაა მათი შემოქმედება განმსჭვალული წმინდა რუსეთის არაამქვეყნიური ხატისადმი თავგანწირული სიყვარულით. ცვეტაევა ფიქრობს, რომ პეტრე პირველის პროდასავლური ორიენტაციის გამო მოხდა რევოლუცია და დერჟავის რღვევა. წიგნის გამომცემელ ზვიად კვარაცხელიას თქმით, ნუგზარ ზაზანაშვილის ნაშრომი დაეხმარება დიდი პოეზიით აღფრთოვანებულ მკითხველს დაინახოს სრული სიმართლე რუსეთის შესახებ:
„არ უნდა ვეცადოთ ამ პოეტების რომანტიზებას და მითოლოგიზებას... უფრო სწორად, სანამ ვეცდებით, უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ მათი ცხოვრებისეული მრწამსიც და სამოქალაქო შეხედულებებიც, მათი, როგორც მოქალაქეების, აზროვნება. ეს დაგვეხმარება ბევრ რამეში, ამ გაურკვევლობის გაფანტვაში და ამ მითოლოგიზებული და რომანტიზებული გარემოდან გამოსვლაში“.
რაც შეეხება წიგნის სათაურში გამოტანილ რუსოფობიას, როგორც ნუგზარ ზაზანაშვილი განმარტავს, აქ არაფერ შუაშია რუსეთისადმი ზიზღი, რასაც ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ აბრალებდნენ და აბრალებენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს.
„ჩვენ გვაბრალებენ რუსოფობიას იმ თვალსაზრისით, რომ გვძულს რუსი ერი. ამ დროს ეს აბსოლუტურად ასე არ არის. შეიძლება პირიქით ტენდენციაც კი არის. საქართველოს ბევრ ადგილზე რუსოფობია კი არა, რუსოფილია სჭირთ, მაგრამ თუკი სიტყვა „ფობოს“ თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დავუბრუნებთ, ანუ ვიხმართ „შიშის“ გაგებით (ფობოს ნიშნავს შიშს), მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გვეშინია. ჩვენ გვაქვს ეს შიში იმის გამო, რაც ახლა ხდება და რაც ადრე ხდებოდა“, - ნუგზარ ზაზანაშვილის თქმით, ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულისკვეთებიდან ბუნებრივად მომდინარე პათოსი - რუსეთის იმპერიის, როგორც დამპყრობლის მიმართ შიშით გამოწვეული პათოსი.