Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 20 სექტემბერი


გაზეთი „ვედომოსტი“ აქვეყნებს სტატიას უცნაური ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც „ლევადას ცენტრის“ სოციოლოგებმა ჩაატარეს. საუბარია, ვითომდა, ვლადიმირ პუტინის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის არარსებული კანდიდატის, ანდრეი სემიონოვის რეიტინგზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 18 პროცენტი მზად არის ხმა მისცეს პრეზიდენტობის ფიქტიურ, არარსებულ კანდიდატს, ამასთან, სამ პროცენტს თურმე სმენია კიდეც სემიონოვის შესახებ. სტატიის მიხედვით, ლევადას ცენტრმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში არ იყო გამოხატული დამოკიდებულება პუტინის შესაძლო მემკვიდრისადმი. ცენტრის წარმომადგენლის, კარინა ფიფიას თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, მოქმედი პრეზიდენტის გავლენა ვრცელდება რუსეთის მოქალაქეების ელექტორალურ განწყობაზეც.

სტატიიდან ასევე ირკვევა, რომ თავად პუტინს ხმას მისცემდა გამოკითხულთა 48 პროცენტი და არჩევნებზე წამსვლელი მოქალაქეების 60 პროცენტი, თუმცა, სავარაუდოდ, არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 27-30 პროცენტი მივა. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ რუსეთის კომპარტიის ლიდერს გენადი ზიუგანოვს მხარს უჭერს ამომრჩეველთა სამი პროცენტი, ხოლო ვლადიმირ ჟირინოვსკისა და ალეკსეი ნავალნის ორ-ორი პროცენტი.

ფრაგმენტი სტატიიდან: „კითხვა-მახეზე პასუხები უჩვენებს სოციალურად მოსაწონი პასუხების დონეს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, 11 პროცენტია – სწორედ ამდენმა რესპონდენტმა თქვა, რომ სმენია არარსებული კანდიდატის შესახებ. გარდა ამისა, გამოიკვეთა პუტინის პოზიციის უპირობო მხარდაჭერის ბირთვი და მისი რეიტინგის ავტომატური ტრანსლაცია“, – წერს „ვედომოსტი“.

ბესლანის მოვლენების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა მოიგეს სასამართლო პროცესი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში – ვკითხულობთ გაზეთ „კომერსანტში“, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ხელისუფლებამ დაზარალებულებს უნდა გადაუხადოს სამ მილიონ ევროზე მეტი და მიიღოს ზომები სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად.

გამოცემის თანახმად, კოლექტიურ სარჩელს ხელს აწერს 409 დაზარალებული და ტერაქტის დროს მოკლულთა ოჯახის წევრი (სულ ტერაქტის დროს 330 ადამიანი დაიღუპა). ფულადი კომპენსაციის გარდა, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვა პასუხისმგებლობის აღება იმის გამო, რომ ვერ მოახერხა ტერაქტის აღკვეთა, ხელყო ტერაქტის მსხვერპლთა სიცოცხლის უფლება და არაეფექტიანად აწარმოა გამოძიება.

მოსარჩელეთა წარმომადგენელი, უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ იურიდიული დირექტორი კირილ კოროტეევი მიიჩნევს, რომ სტარსბურგის სასამართლომ იოლად პროგნოზირებადი გადაწვეტილება მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო დაეყრდნო რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მიმოწერას, რომელიც რუსეთის სასამართლოებს თავად პროკურატურის გამომძიებლებმა წარუდგინეს და რომელთა საფუძველზეც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს პოლიციელებს, თუმცა მალევე გათავისუფლდნენ ამნისტიით.

სტატიის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ორმაგი სტანდარტის გამოყენებაში დაადანაშაულა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG