Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 17 მაისი


გაზეთი „კომერსანტი“ ვრცელი სტატიით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის, გვარი შეეტანა იმ უცხოელთა სიაში, რომლებსაც ეკრძალებათ საქართველოში შესვლა. მოსკოვის ყოფილმა მერმა დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, როცა 2009 და 2010 წლებში ჯერ სამხრეთ ოსეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას ეწვია. სტატიის მიხედვით, იური ლუჟკოვს უთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება უგუნური და გაუგებარია, ამასთან, ეწინააღმდეგება ტენდენციას განავითაროს თანამშრომლობა რუსეთთან, მათ შორის - ტურიზმის სფეროში.

იური ლუჟკოვი მეუღლესთან ერთად საქართველოში ხუთი დღით იმყოფებოდა. როგორც რუსული გამოცემა წერს, მან უპრობლემოდ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და დაესწრო წირვას თბილისთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ტაძარში. გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ იური ლუჟკოვი თბილისის საპატიო მოქალაქეა და მის სახელს უკავშირდება სამოქალაქო ომის დროს დამწვარი თბილისის პირველი სკოლის აღდგენა.

რუსეთის ბეჭდურმა მედიამ აქტიურად გააშუქა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სანქციები დაუწესდა რამდენიმე რუსულ სოციალურ ქსელსა და საძიებო სისტემას. კერძოდ, „ვკონტაქტე“, „ოდნოკლასნიკი“, „იანდექსი“ და „მეილ.რუ“ „შეიზღუდება“ ან „დაიბლოკება“ სამი წლის ვადით. გაზეთმა „ვედომოსტიმ“ პეტრო პოროშენკოს ამ გადაწყვეტილებას ბრიყვული და არარაციონალური უწოდა. უკრაინის ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ხელისუფლების მიერ დაშვებულ აშკარა შეცდომებს. ცნობილია, რომ რუსეთში ინტერნეტრესურსებს შეზღუდვები უწესდებათ ინფორმაციის, პერსონალური მონაცემებისა და საავტორო უფლებების შესახებ კანონის დარღვევის გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან სასამართლოს გარეშე - მასობრივი არეულობის, ექსტრემიზმის, ტერორიზმისა და შუღლის გაღვივების მოწოდებების გამო.

„კომერსანტის“ მიმომხილველი კი დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მტკივნეულად აისახება ქვეყნის საშუალო და მცირე ბიზნესზე.

„ახალგაზრდობას აშფოთებს რუსეთის სვლა ცარიზმისკენ“- ვკითხულობთ „ნეზავისიმაია“ გაზეტაში, რომელიც რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ცენტრის გამოკვლევაზე დაყრდნობით წერს, რომ 16-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში გამოვლინდა ღირებულებითი პროტესტი კორუფციისა და პოლიტიკური სისტემის მიმართ. გამოკითხულთა 40 პროცენტი იწონებს რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას, მესამედი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 40 პროცენტი მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს.

გამოკითხულთა 20-მა პროცენტმა უკმაყოფილება გამოთქვა სახელმწიფოს მიერ წარმოებული სოციალური პოლიტიკის გამო. 48 პროცენტმა გამოთქვა საზღვარგარეთ ცხოვრებისა და სწავლის სურვილი, 25 პროცენტს კი აშფოთებს პოლიტიკური სისტემის არასრულყოფილება, ქვეყნის სვლა „ცარიზმისკენ“, რეალური ოპოზიციის არარსებობა, დემოკრატიის დაკნინება და ხელისუფლების უპასუხისმგებლობა.

სტატიის მიხედვით, გამოკითხულთა დიდი ნაწილი - 68 პროცენტი -იწონებს ვლადიმირ პუტინის საქმიანობას. ეს მაჩვენებელი ბევრად, თითქმის 15 პროცენტით, ნაკლებია ფედერალური მასშტაბით ყველა ასაკის მოქალაქეებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე. საყურადღებოა, ასევე, გამოკითხულთა მაღალი საპროტესტო პოტენციალი: გამოკითხულთა 28 პროცენტი არ იწონებს რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG