Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2017 წ. 26 აპრილი


„საქართველო და ირანი იწყებენ დაახლოებას ამერიკის მეთვალყურეობის ქვეშ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სტატია, რომლეშიც განხილულია თბილისსა და თეირანს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაფორმებული რამდენიმე ხელშეკრულება. სტატიის მიხედვით, მნიშვნელოვანია ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის სპარსეთის ყურის მიმართულებით სატრანსპორტო კორიდორის განვითარებისა და ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ. სტატიაში ხაზგასმულია ის გარემოება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, ვიზიტს ირანში წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამედ ჯავად ზარიფის, სტუმრობა თბილისში. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ესჰაკ ჯაჰანგირიმ, განაცხადა, რომ, სოფლის მერუნეობასა და საავტომობილო გადაზიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ირანი დაინტერესებულია ბუნებრივი აირის ექსპორტით და სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის პრაქტიკული განვითარებით. ჯაჰანგირის განმარტებით, ეს დერეფანი შეიძლება შედგებოდეს ირან-აზერბაიჯან-საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ანდა ირან-სომხეთ-საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსაგან, თუმცა სტატიაში გამოთქმულია ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებს საქართველო ერთდროულად მეგობრობას ირანთან და პარტნიორობას დასავლეთთან.

„კომერსანტი“ კი წერს, რომ რუსი ტურისტები ეძებენ ახალ მარშრუტებს მას შემდეგ, რაც მათი ტურისტული რუკიდან გაქრა თურქეთი და ეგვიპტე. სტატიის თანახმად, ძალაუნებურად განვითარდა მიმართულებები, რომლებიც ტრადიციულად ეგზოტიკურად მიიჩნეოდა. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთი ქვეყანა აღმოჩნდა ხელმოკლე მოგზაურთა აჟიოტაჟური მოთხოვნის ცენტრში. რუსეთის საზღვრის დაცვის ფედერალური სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს ტურისტული საგზურით იმოგზაურა რუსეთის 9,8 მილიონმა მოქალაქემ, რაც 19 პროცენტით ნაკლებია 2015 წლისა და 44 პროცენტით 2014 წლის მონაცემებთან შედარებით. კლება ძირითადად თურქეთსა და ეგვიპტეზე მოდის. რაც შეეხება მატებას, რეკორდულად - ხუთჯერ - გაიზარდა ტურისტების ნაკადი სლოვაკიაში, ორჯერ - ირანში, 56 პროცეტით - ტანზანიაში, 43 პროცენტით - ფილიპინებში. რაც შეეხება ე. წ. „ახლო საზღვარგარეთს“, „კომერსანტის“ მიხედვით, ეკონომიკური ვარდნის პირობებში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნილება პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართულებებზე. ლიდერთა შორის არის საქართველო, რომელსაც მოსდევს აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდავეთი. „კრიზისის პირობებში ეს ქვეყნები იქცნენ დემოკრატიული დასვენების ალტერნატივად. იაფი ბილეთები და ცხოვრების პირობები შეხამებულია ლამაზ ბუნებასთან, რუსებისთვის საყვარელ სამზარეულოსთან და ენის ბარიერის პრობლემის არარსებობასთან. ამასთან, განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ორ-სამდღიანი, უქმე დღეების საგზურები“.

„მოსკოვი „ხრუშჩოვკების“ აღებაზე დამატებით 96,5 მილიარდ რუბლს დახარჯავს“, - წერს გაზეთი „ვესტი“, რომლის მიხედვითაც მოსკოვის მთავრობა ცდილობს ბოლომდე მიიყვანოს წლების წინ ხრუშჩოვისდროინდელი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აღების პროცესი, რაც, ჯამში, 2,1 ტრილიონი რუბლი დაჯდება. აღნიშნული თანხა მიემართება საცხოვრებელი ფონდის რენოვაციაზე, რაც ასევე გულისხმობს მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოყოფას, პროექტების შედგენას და მშენებლობას.

მოსკოვის მერის ინფორმაციით, დანგრევას ექვემდებარება, დაახლოებით, 25 მილიონი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი, რომლის სანაცვლოდ რუსეთის დედაქალაქის მერია აპირებს ააშენოს 30 მილიონი კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლები, რაც, ჯამში, 30 მილიარდი რუბლი მაინც დაჯდება. სტატიაში გამოთქმული ვარაუდით, მოსკოვის მთავრობა აღნიშნული მასშტაბის სამუშაოს შესრულებას 2017 წელს ვერ შეძლებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG