Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის ახალი ეტაპი: რა საფრთხეებს ხედავენ დევნილები


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

რუსეთის ფედერაცია და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადიან. 24 ნოემბერს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით აფხაზეთი რუსეთისგან ფინანსური დახმარების გაორმაგებას, მასთან საერთო თავდაცვისა და უსაფრთხო სივრცის შექმნას და თითქმის ყველა სფეროში მხარდაჭერას ელოდება, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა კი ახალი ხელშეკრულებისგან ე.წ. სასაზღვრო პერიმეტრზე კონტროლის გამკაცრებას ელის: „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ხომ აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ერთობლივი ზომების მიღებას ითვალისწინებს, მისი დაცვის მიზნით. დოკუმენტის სწორედ ეს პუნქტი აშინებთ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ქართველებს, რომლებსაც პირობითი საზღვრის გადაკვეთა თითქმის ყოველდღე უწევთ. გალის რაიონის მცხოვრებლები შიშობენ - ახლა, როცა ხელშეკრულება ოფიციალურად შევიდა ძალაში, დე ფაქტო პრეზიდენტი დაპირებას შეასრულებს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს შეამცირებს და საგუშაგოს მხოლოდ ენგურის ხიდზე დატოვებს.

„ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა. ეს რომ გაუქმდება, ათი სოფელი მაინც დაზარალდება. მათ დამატებით 70 კილომეტრის გავლა დასჭირდებათ. მათ უნდა შემოუარონ, ენგურის მთავარი ხიდიდან დაწყებული, რუხს, ზუგდიდს და ა.შ. ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია. ეს წინასწარ ჰქონდათ მათ განზრახული, აი, ხაჯიმბა როა, იმას. რამე რომ ვთქვათ, ისიც არ შეიძლება ახლა. ისინი იქ დგანან და ისინიც უყურებენ ტელევიზორს. ისე, ბევრი რამ გვაქვს სათქმელი, მაგრამ არ ითქმის“, - ამბობს გალის რაიონის სოფელ ბარღებიდან ზუგდიდში გადმოსული ზურაბ პაპასკუა. ის აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში მოსახვედრად ხურჩა-ნაბაკევის გამშვები პუნქტით სარგებლობს, ისევე როგორც გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები ნაზი ეხვაია.

„ეს ცუდია. რა უნდა ვქნათ მერე ჩვენ?! ძლივს დავდივარ აქედან. არ ვიცით ჩვენ, რა იქნება. განა იქ ცხოვრებაა ახლა? ვწვალობთ. შვილები აქეთ მყავს. იქ მარტო ვცხოვრობ, საქონელი მყავს და ოჯახი მყავს იქ. ვწვალობ, რა ვქნა“, - ამბობს ნაზი ეხვაია.

გალის რაიონის ე.წ.დაბალი ზონის სოფლებიდან ენგურის ხიდამდე 20-დან 70 კილომეტრამდეა გასავლელი. ეს კი დამატებით, ფინანსურ ხარჯებთან ერთად, დროის სიმცირის პრობლემას ქმნის, რადგან ენგურის ხიდის გამშვები პუნქტი დილის შვიდიდან საღამოს შვიდ საათამდე მუშაობს. გადაადგილების ასეთი განრიგი ხელს არ აძლევს გალის რაიონის სოფელ ბარღებში მცხოვრებ ოთარ აბუღბას, რომელსაც მეუღლესთან ერთად კვირაში რამდენჯერმე უწევს სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადმოსვლა:

„ბევრია ხალხი და ფიჩორიდან იქ მისვლას, ალბათ, ორი დღე მოუნდება. ეს არ შეიძლება. მე აგერ ქვემო ბარღებში ვცხოვრობ. ათ საათზე გამოვედი სახლიდან და ახლა გადმოვედი. ახლა, ალბათ, სამი საათი იქნება. ზურგით მოვათრევთ 25 კილომეტრის მანძილზე სუმკებს. არ შეგვიძლია“.

ხურჩა-ნაბაკევის გამშვები პუნქტის პარალელურად, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულების შესახებ რადიო თავისუფლება მოქალაქეებს ზუგდიდის სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან გაესაუბრა. სწორედ ენგურის ხიდი მუშაობს განსაკუთრებული დატვირთვით. მას დღის განმავლობაში ათობით მოქალაქე კვეთს ზუგდიდში მოსახვედრად და, პირიქით. მგზავრების დიდ ნაწილს ჟურნალისტებთან საუბარი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ სურთ. ისინი კი, ვინც ჩაწერაზე დაგვთანხმდა, კითხვას, რას შეცვლის ახალი ხელშეკრულება, ასე პასუხობენ:

„ყველაფრის პრობლემა შეიქმნება - გადასვლის, შემოსვლის, გატანის და ჩვენი შვილების მოსვლის. არავის არ მოსწონს ეს“, - ამბობს გალელი ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. სახელი და გვარი არც შემდეგმა რესპონდენტმა გაამხილა:

„არ ვიცი. მე ყოველთვის აქედან დავდივარ და ჩემთვის სულ ერთია. მთავარია, რომ ხალხი იყოს კარგად“.

„მე თვითონ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამაზე. არ მგონია, რომ საზოგადოება კარგად იყოს ინფორმირებული. წყარო, საიდანაც ინფორმაციას ვღებულობთ, ეს არის ქართული არხები. მეტი სხვა წყარო ჩვენ არ გვაქვს“, - ამბობს ოკუპირებული სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი თემურ გერგედავა.

„ასეთ კითხვებს ნუ მაძლევთ, ასე ჩვენ შეიძლება საქმე გავაფუჭოთ. არ შეგვიძლია სიმართლის თქმა. გვეშინია“, - გვითხრა ქალბატონმა, რომელიც ზუგდიდიდან გალში ხელჩანთებით დატვირთული ბრუნდებოდა.

ენგურის ხიდის გარდა, ამ დროისთვის აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილება შესაძლებელია ოტობაია-განმუხურის, ხურჩა-ნაბაკევის, საბერიო-ფახულანის და ოტობაია-ორსანტიის საკონტროლო-გამშვები პუნქტებით. ენგურის ხიდის გარდა, მგზავრები დანარჩენ სასაზღვრო პერიმეტრზე გადაადგილებას შემოვლითი გზითაც ახერხებენ. ეს ის დევნილები არიან, ვისაც საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში არ აქვს. კონტროლის გამკაცრების შემდეგ თითოეული მათგანი იძულებული იქნება ე.წ. აფხაზური პასპორტი აიღოს და ენგურის ხიდით გადაადგილდეს.

XS
SM
MD
LG