Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ნაციონალისტებმა მსვლელობა მოაწყვეს, კრემლმა „ერთიანობის დღე“ იზეიმა


მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში ნაციონალისტებმა 4 ნოემბერს „რუსების მსვლელობად“ წოდებული ღონისძიება ჩაატარეს.

პარალელურად, კრემლმა პატრიოტული ღონისძიებებით აღნიშნა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დაწესებული „ერთიანობის დღე“.

ნაციონალისტების მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 2000-მდე პირმა, ძირითადად მამაკაცებმა. მათ ნაწილს ხელში ცარისტული პერიოდის დროშები ეჭირა.

აი, რა უთხრა ულტრანაციონალისტების მსვლელობის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანდრეი ივანოვმა, სააგენტო „როიტერსს“:

„რუსებმა უნდა აჩვენონ, რომ რუსები არიან, რომ თავიანთ ქვეყანაში და მიწაზე ისინი არიან ბატონ-პატრონები და არა ვინმე სხვა. ის ხალხი, ჩვენთან ვინც ჩამოდის, თავს სტუმრად უნდა გრძნობდეს და პატივისცემით უნდა გვეპყრობოდეს. მხოლოდ ამის ჩვენება გვინდა“.

აღლუმი მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ უბანში გაიმართა, მას პოლიციის სპეცრაზმი ადევნებდა თვალს. მონაწილეების ნაწილს ნიღაბი ეკეთა. ისინი სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „რუსეთი რუსებისთვის“, „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“ და „წინ, რუსებო“.

რამდენიმე მათგანმა მისალმების ნაცისტური ჟესტი გააკეთა, თუმცა მსვლელობა, მთლიანობაში, მშვიდობიანი იყო.

შედარებით უფრო მცირე ზომის აღლუმები ჩატარდა რუსეთის სხვა ქალაქებსა და ყირიმში, შავი ზღვის ნახევარკუნძულზე, რომლის უკრაინისგან ანექსირებაც რუსეთმა მარტში მოახდინა.

„რუსების მსვლელობა“ ყოველ წელს ტარდება მას შემდეგ, რაც პუტინმა პრეზიდენტობის მეორე ვადაში დააწესა ეროვნული ერთიანობის დღე, რომელიც იხსენებს რუსეთის მიერ პოლონელი დამპყრობლების დამარცხებას 1612 წელს.

ამ დღესასწაულით ჩაანაცვლეს 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა.

მას შემდეგ, რაც 2012 წელს პრეზიდენტად მესამე ვადით მოვიდა, პუტინს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ პატრიოტული სულისკვეთება გადამწყვეტია რუსეთის მომავლისთვის.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პუტინისა და მისი მთავრობის რიტორიკაში კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა პატრიოტული და ნაციონალისტური განწყობები - იმ ფონზე, როცა მნიშვნელოვნად გაუარესდა ურთიერთობა დასავლეთთან, რუსეთის მიერ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო.

მაგრამ მთავრობა დისტანციას ინარჩუნებს „რუსების მსვლელობად“ წოდებული ღონისძიებისგან.

24 ოქტომბერს წარმოთქმულ სიტყვაში პუტინმა განაცხადა, „თუ ნაციონალიზმი სხვა ხალხების მიმართ შეუწყნარებლობას გულისხმობს, ... ეს ჩვენს ქვეყანას გაანადგურებსო“.

წინა წლების მსგავსად, ნაციონალისტთა მთავარ მსვლელობას წელსაც მოსკოვის პერიფერიაში მიუჩინეს ადგილი, დედაქალაქის ცენტრი კი დაეთმო ოფიციალურ ღონისძიებებს, რომლებშიც კრემლის მოკავშირეებმა მიღეს მონაწილეობა, ერთიანობის იდეის კულტივაციის მიზნით.

ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი სიფრთხილით ეკიდება რადიკალ რუს ნაციონალისტებს. ოფიციოზი რადიკალ ნაციონალისტებს მიიჩნევს სახიფათოდ ეთნიკურად მრავალფეროვან ქვეყანაში, რომელსაც მსხვილი მუსლიმური უმცირესობა ჰყავს, ისევე როგორც მიგრანტი მუშების დიდი ჯგუფი შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან.

თავის მხრივ, რადიკალი ნაციონალისტების რიგებში ბევრია იმედგაცრუებული პუტინის მმართველობით. უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს რუსეთის ნაციონალისტური მოძრაობები მატერიალური თვალსაზრისით და მოხალისე მებრძოლებით ეხმარებიან, თუმცა, ამავე დროს, მათ სურთ მოსკოვმა უფრო რადიკალური პოლიტიკა გაატაროს როგორც უკრაინაში, ისე საკუთრივ რუსეთში.

ერთიანობის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო ტელევიზიით ოპტიმისტური სიუჟეტები გადაიცა ბავშვების ზეიმსა თუ რუსეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილემ რუსეთის მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა. პატრიარქის თანახმად, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოსკოვის მიერ უკრაინის კრიზისში შესრულებული როლის გამო მიზნად ისახავს ქვეყნის ჩათრევას სირთულეების ახალ ხანაში - იმის მსგავსში, რომელიც 1612 წელს დასრულდა.

„გახლეჩის დასათესად აუცილებელია ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება. ამ პრობლემას ვაწყდებით უცხოეთის სანქციების სახითო“ - როგორც სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება, ეს კირილემ საგანგებო ქადაგებისას განაცხადა.

თუმცა მან იქვე დასძინა, „რუსეთს არასოდეს ეშინოდა გარეშე მტრების - ჩვენ მათ ყოველთვის ვამარცხებდით, მაშინაც კი, როცა გაცილებით უფრო სუსტები ვიყავითო“.

XS
SM
MD
LG