საქართველოს სახალხო დამცველს საგანგაშოდ მიაჩნია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის - განსაკუთრებით კი გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობებისა და ფემიციდის - მასშტაბები. ომბუდსმენის აპარატის მონაცემებით, მიმდინარე წლის სამ თვეში ოთხი ქალი იქნა მოკლული, შარშან კი - ოცდაერთი. სახალხო დამცველის აზრით, მდგომარეობას ართულებს ის, რომ არ ხდება ძალადობის დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა. სახალხო დამცველი გამოდის ინიციატივით, მონიტორინგი გაუწიოს გენდერული ნიშნით გამოწვეული დანაშაულის ყველა შემთხვევას. რატომ ვერ ხერხდება ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბის შემცირება?
13 აპრილს, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობით, თელავში ქმარმა ცოლი დაჭრა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. რამდენიმე დღის წინ ქმარმა გულმკერდის არეში დანით მიყენებული რვა ჭრილობის შედეგად ადგილზე მოკლა ცოლი. 34 წლის თინიკოს, ორი შვილის დედას, შედარებით გაუმართლა. მასზე ფიზიკურად არ ძალადობდნენ, თუმცა ქმრის მხრიდან, რომელიც სისტემატურად სვამდა, განიცდიდა დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მოთმინების ფიალა კი აავსო 2016 წლის 7 ნოემბერს შვილზე განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ:
თავშესაფარი დაცულია და, ამდენად, უსაფრთხოა გარემო მსხვერპლისათვის. ამასთან, მნიშვნელოვანია არა მარტო სახელმწიფო თავშესაფრები არსებობდეს, არამედ გაძლიერდეს არასამთავრობო სექტორის თავშესაფრები...ელისო ამირეჯიბი
„შემოვიდა. შარზე იყო. ვუთხარი, კარგი რა, დამანებე-მეთქი თავი, შენი ნერვები არ მაქვს-მეთქი. გოგომაც ვერ მოითმინა. ნევროზი აქვს დამართული. სამი წელი უვლიდა გალოთებულ, გაბომჟებულ მამას. წამალი უნდოდა თუ საჭმელი უნდოდა, სულ მის მოვლაში იყო. დაიღალა და ამოუვიდა ყელში. უთხრა, შენ მამა ხარო, დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია, ამოხვედი ყელშიო. ამის პასუხად ხელი გაარტყა ბავშვს. მეტის მოთმენა აღარ შეგვეძლო. პატრულს გამოვუძახეთ, თავშესაფარი მოვითხოვეთ და გადავედით თავშესაფარში. მე რომ ეს ადრე მცოდნოდა, უფრო ადრე წამოვიდოდი და მეტად ადრე ავიწყობდი ცხოვრებას“.
იმის ცოდნა, რომ არსებობს თავშესაფრები, მნიშვნელოვნად შეამცირებდა ფემიციდის მასშტაბებს - ასე ფიქრობს ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი, რომლის თქმითაც, თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისსა და კახეთში გახსნილი სახელმწიფო თავშესაფრების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების თავშესაფრების მუშაობა.
„რომ მიაკითხოთ ნათესავს, იქ საფრთხე ემუქრება, რადგანაც, შესაძლოა, მიაკითხოს მოძალადემ - არ მოერიდოს არც მეგობარს და არც ნათესავს. თავშესაფარი დაცულია და, ამდენად, უსაფრთხოა გარემო მსხვერპლისათვის. ამასთან, მნიშვნელოვანია არა მარტო სახელმწიფო თავშესაფრები არსებობდეს, არამედ გაძლიერდეს არასამთავრობო სექტორის თავშესაფრები, რათა მსხვერპლს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, ვინაიდან სახელმწიფო თავშესაფარში მოხვედრას თავისი პროცედურები ახლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მსხვერპლს არ აქვს შემაკავებელი ორდერი ან დაზარალებულის სტატუსი, ცხადია, სახელმწიფო თავშესაფარში ვერ მოხვდება“, - უთხრა ელისო ამირეჯიბმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა თავშესაფარში მოხვედრამდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლს სჭირდება მთელი რიგი ბარიერების - მათ შორის, კულტურული, ეკონომიკური ბარიერების - დაძლევა, რაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორის, ეკა ჭითანავას, თქმით, შეუძლებელია სათანადო სამოქალაქო განათლების გარეშე:
„ბევრი ქალი იტანს ძალადობას, ოჯახში რჩება - ერთი იმის გამო, რომ არ აქვს ფინანსური საშუალება, რომ გაექცეს მოძალადე ქმარს და დაიწყოს დამოუკიდებელი ცხოვრება, მეორე ის, რომ საზოგადოების მხრიდან არის სერიოზული სტიგმა: რას იტყვიან მეზობლები, რას იტყვიან ნათესავები. ამიტომ აუცილებელია ამ ქალებთან პირდაპირი მუშაობა, ცნობიერების ამაღლება და, რა თქმა უნდა, ზოგადი განათლება მთლიანად საზოგადოებაში, რადგანაც ბევრი კვლევა აჩვენებს, რომ არის ასეთი მოსაზრება, სტერეოტიპი გავრცელებული, რომ თუ ქმარი დომინანტურ პოზიციას აჩვენებს ქალს, ეს სიყვარულის გამოხატულებაა. ასეთი სტერეოტიპებიც არსებობს“.
რას ფიქრობენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ თბილისელები? რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხული მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ოჯახური ძალადობის აღსაკვეთად მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების შეგნების ამაღლება, ასევე სახელმწიფოს როლის გაძლიერება.
სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში...უჩა ნანუაშვილი
„ქალი არის საწყისი სიცოცხლისა და ბედნიერებისა. რა უნდა გააკეთოს ისეთი ქალმა, შენი შვილების დედამ, რომ ის მოსაკლავად გაიმეტო ან სცემო“, უთხრა რადიო თავისუფლებას 71 წლის შოთამ. 23 წლის ეკო კი მიიჩნევს, რომ ქალები ვერ ფლობენ თავის დაცვისთვის სათანადო ინფორმაციას: „უნდა ვიცოდეთ რომელ ორგანოებს მივმართოთ, როცა ჩვენს წინააღმდეგ ძალადობა ხორციელდება. ცალკე ამბავია ის, რომ სახელმწიფო არ იცავს ქალებს სათანადოდ“.
სახელმწიფოს მიმართ პრეტენზიები აქვს სახალხო დამცველსაც. უჩა ნანუაშვილის თქმით, არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი ხედვა შემთხვევათა პრევენციის, რისკების შეფასების მექანიზმებისა და განმეორებითი ძალადობის შემთხვევათა თავიდან აცილების შესახებ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ კვლავ არ ხდება დეტალური სტატისტიკური მონაცემების წარმოება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით პრევენციული ღონისძიებების წარმართვა. სწორედ ამის საპირისპიროდ, სახალხო დამცველი ქმნის ფემიციდის მონიტორინგის სისტემას:
„სახალხო დამცველი იქნება ის ინსტიტუტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ქალთა გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ყველა შემთხვევას მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში. მონიტორინგის პროცესში სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს, რათა შეფასდეს ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებები და პრობლემის სახელდებისას არსებული ხარვეზები; ამასთან, შეისწავლის სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებულ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 24 მარტის მონაცემებით, წელს ოჯახში ძალადობის 285 შემთხვევა აღირიცხა, აქედან 196 შემთხვევაში დაიწყო სამართლებრივი დევნა, სასამართლომ კი 517 შემთხვევაში დაამტკიცა პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი. სახალხო დამცველის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა ვერ ასახავს რეალურ, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობას.