Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის ნობელის ალტერნატიული პრემია 2013


„ნობელის ალტერნატიულ პრემიას“ უწოდებენ ხოლმე არაოფიციალურად ჯილდოს, რომელსაც ყოველ წელიწადს, ამჯერად 2 დეკემბერს, გასცემს შვედეთში მოქმედი ორგანიზაცია - ფონდი “ცხოვრების მართებული წესი“. ფონდი 1980 წელს დააფუძნა გერმანული წარმოშობის შვედმა მწერალმა, ჟურნალისტმა, ბუნების დამცველმა იაკობ ფონ იუქსკიულმა, რომელიც ერთ დროს ევროპის პარლამენტის დეპუტატის მანდატს ფლობდა. ასე ვთქვათ, ნამდვილი ნობელის პრემიისგან განსხვავებით, რომელიც ერთი კაცის კაპიტალის მეოხებით დაარსდა სხვადასხვა სფეროში, ამ პრემიას არ აქვს კატეგორიები, რომლებშიც პრემიებს გასცემს და მისი საფინანსო ბაზაც შემოწირულებებია. წელს ფონდის ლაურეატობაზე პრეტენზია 48 ქვეყნის 94 კანდიდატს ჰქონდა. გაიცა ოთხი პრემია. ჟიურიმ, რომლის წევრია ჩვენი რესპონდენტი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლე ფონ იუქსკიული (მას ტელეფონით დავუკავშირდით სტოკჰოლმში), პრემია მიანიჭა, სხვათა შორის, ფონდის ისტორიაში პირველად, ერთ შვეიცარიელს და ერთ პალესტინელს. ისიც განსაკუთრებული ფაქტია, რომ წელს ნობელის ალტერნატიულ პრემიას გადასცემენ ქიმიური იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოსთვის თავგამოდებით მებრძოლს, ამერიკელ პოლ უოკერს, ხოლო ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში ანალოგიური მიზნისთვის მებრძოლს, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას. ასეთი რამ ადრეც მომხდარა, როცა ალტერნატიული და ნამდვილი ნობელის პრემიის ლაურეატები ერთი და იგივე პირები ყოფილან. ისიც შემორჩა მეხსიერებას, რომ ალტერნატიული პრემიის ლაურეატს უანგარი მათაის ალტერნატიული პრემიის ლაურეატობიდან ოცი წლის შემდეგ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს.

რაც შეეხება პოლ უოკერს, ის ქიმიური იარაღის განადგურების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ხელშემწყობია, რომლის აქტიურობამ ექვსი სახელმწიფოს არსენალებიდან 55 ათასი ტონა ქიმიური იარაღის ელიმინირება მოიტანა. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს იარაღის კონტროლის, განიარაღებისა და გაუვრცელებლობის პროექტებისთვის აშშ-ის მიერ მილიარდობის დოლარის გამოყოფაში. ოლე ფონ იუქსკიული ძალიან დადებითად უყურებს იმ ფაქტს, რომ წელს ქიმიური იარაღის განადგურება ნობელის მშვიდობის დარგში პრემიისა და “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის პრემიისთვის აქტუალური თემა გამოდგა:

„რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია სირიაში დღევანდელ ვითარებასთან და ორივე ფონდი თავისებურად გამოეხმაურა ამას. ჩვენ პრემია მივანიჭეთ პირს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ხაზით მოღვაწეობს. ბოლო ოც წელიწადში მან დიდი წარმატებით მიმართა ჩვენი ყურადღება ქიმიური იარაღის განადგურების პრობლემისკენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა არც კი არსებობდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია ქიმიური იარაღის კონვენციის გაფორმების შემდეგ შეიქმნა. პოლ უოკერი უკვე მანამდე იბრძოდა იმისთვის, რომ კონვენცია ძალაში შესულიყო. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წარმომადგენლები პრემიის გადაცემისას ჩვენთან იქნებიან, უოკერი კი ოსლოშია მიწვეული, ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე“.

პოლ უოკერი
პოლ უოკერი
„ცხოვრების მართებული წესის“ ფონდის - ხანდახან ნობელის ალტერნატიულ პრემიად წოდებული - პრემია წელს ასევე მიენიჭა პალესტინელ უფლებადამცავს რაჯი სურანის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შეუდრეკელი ერთგულებისთვის განსაკუთრებით რთულ ვითარებაში. სურანი 35 წელია იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის არა მხოლოდ პალესტინელთა ავტონომიის ტერიტორიაზე, არამედ მთელ არაბულ სამყაროში. თავისი საქმიანობის გამო ექვსჯერ იყო საპატიმროში. ის უპირისპირდებოდა პალესტინელთა ავტონომიასაც და ისრაელის მთავრობასაც. ის ეჭვმიტანილებს იცავს ისრაელის სასამართლოებში. მან ღაზის სექტორში დააარსა ადამიანის უფლებების დაცვის პალესტინის ცენტრი, ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფლებების დარღვევის აღნუსხვისა და გამოძიების მიზნით. სურანი უფლებების დაცვის არაბთა ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა. ამ სტატუსით მან ორგანიზება გაუწია ლიბიაში კადაფის დამხობის შემდგომი ფაქტების მოძიების მისიას, ასევე წვრთნის სირიელ ადვოკატებს, მოსამართლეებს და უფლებადაცვის აქტივისტებს:

რაჯი სურანი
რაჯი სურანი
„მისი საქმიანობა დღესაც ძალიან აქტუალურია არა მხოლოდ პალესტინაში, არამედ მთელ არაბულ სამყაროში. როცა „არაბული გაზაფხულის“ მოწმენი გავხდით, მან არაბთა ლიგის ჩარჩოებში დაიწყო მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში და იქ ატარებდა სემინარებს და კურსებს ადამიანის უფლებათა დაცვის თემატიკაზე. ის იბრძვის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების გატარებისთვის. რა თქმა უნდა, დიდია მისი დამსახურება. სურანი აკრიტიკებდა ორივე მხარეს, თუმცა საქმიანობა დაიწყო როგორც ისრაელის სამხედრო სასამართლოებში პალესტინელთა დამცველმა. ოსლოს ხელშეკრულების გაფორმებისა და პალესტინელთა თვითმმართველობის ჩამოყალიბების შემდეგ სურანი აკრიტიკებდა თავის მთავრობას, როცა ის უფლებებს არღვევდა. ის თვითმმართველობის პირველი პოლიტპატიმარი იყო, რადგან მთავრობას არ მოსწონდა მისი მხრიდან კრიტიკა“.

საპატიმროდან განთავისუფლების შემდეგ სურანიმ დააარსა ზემოხსენებული ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი. ამას გარდა, ის აქტიურად ახერხებს უნივერსალური მართლმსაჯულების იმ სამართლებრივი პრინციპის გამოყენებას, რომელიც ქვეყნებს და საერთაშორისო სასამართლოებს შესაძლებლობას აძლევს მათი ტერიტორიის გარეთ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილებს მისწვდნენ. ასეთი შემთხვევები ეხებოდა მაღალი რანგის ისრაელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ ომის, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში. ფონდის საიტზე წლევანდელი ლაურეატების შესახებ გამოქვეყნებულ ტექსტში მოყვანილია მაგალითი, როგორ გასცა ლონდონის სასამართლომ ისრაელი გენერალ-მაიორის დაპატიმრების ორდერი სწორედ სურანის მინიშნების საფუძველზე. სურანი პალესტინასა და ისრაელს შორის მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს შექმნის მომხრეა. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელ კოლეგებთან თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ რობერტ კენედის სახელობის პრემია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მას ისრაელ იურისტთან ერთად მიენიჭა.

კონგოელი ქირურგია და გინეკოლოგი დენი მუკუეგე, რომელიც, გარდა იმისა, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მის მიერ 1999 წელს დაარსებულ საავადმყოფოში დღემდე სექსუალური ძალადობის 40 ათას მსხვერპლს უმკურნალეს, უშიშრად ლაპარაკობს იმ ძალებზე, რომლებიც საზარელ დანაშაულს სჩადიან გაუპატიურების სახით, მიმართავენ პატარა გოგონების მიმართ ძალადობას. ეს უკვე მესამედ ხდება ბოლო ხუთ წელიწადში, რომ “ცხოვრების მართებული წესის“ ფონდი გინეკოლოგს გადასცემს პრემიას. ოლე ფონ იუქსკიული აფრიკელ ქირურგზე ამბობს:

„ჯერ ერთი, ის არის არნახულად კარგი ქირურგი და შველის გოგონებსა და ქალებს, რომლებიც საზარელი ტრავმებით მიდიან მასთან. ამავე დროს, ამ ადამიანებს ის უწევს ფსიქო-სოციალურ დახმარებას, ეხმარება მათ სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში. და რაც მას, ჩვენი თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვან და, ამავე დროს, უკიდურესი საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანად აქცევს, ის არის, რომ საერთაშორისო მასშტაბით საჯაროდ მიუთითებს აღმოსავლეთ კონგოში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ კონგოს პრობლემა, რომ ამ პრობლემის უკან საერთაშორისო ძალები დგანან, მაგალითად, ისინი, ვინც ამ რეგიონში მოიპოვებს მინერალებს, მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერისთვის აუცილებელ კოლტანს. ეს ძალები დაინტერესებულნი არიან რეგიონის არასტაბილურობით. დენი მუკუეგეს აზრით, პოლიტიკური გზით ამ არასტაბილური მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელი იქნებოდა, თუ კაცი მართლაც მოისურვებდა. სწორედ ეს არასტაბილურობაა, რომელიც იწვევს საზარელ ძალადობას გაუპატიურების სახით. მუკუეგეს მოთხოვნაა, საქმეში ჩავრთოთ პოლიტიკა, რათა ამ რეგიონში სტაბილურობა დამყარდეს“.

მუკუეგე შარშან გაეროში გამოვიდა სიტყვით და მოითხოვა დაგმობილ იქნეს დაპირისპირებული მხარეების ქმედება, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას გაეროს იმ წევრების მიმართ, რომლებიც ამ ბარბაროსობას მხარს უჭერენ უშუალოდ თუ ირიბად. ამ გამოსვლისას, რასაც მუკუეგეს ოჯახზე თავდასხმა მოჰყვა, მან თქვა, აღარ არის საჭირო მტკიცებულებები, საჭიროა მოქმედება, სასწრაფო მოქმედება, რათა დაპატიმრებული და გასამართლებული იქნენ კაცობრიობის წინააღმდეგ ამ დანაშაულების ჩამდენნიო.

ნილ მელვინი, სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევით ინსტიტუტში შეიარაღებული კონფლიქტისა და კონფლიქტის თავიდან აცილების პროგრამის დირექტორი, ამბობს, რომ კონგოში ძვირად ღირებული ბუნებრივი რესურსების რეალიზაციისგან მიღებული შემოსავალი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შეიარაღების შეძენის საშუალებას აძლევს:

„გამოდის ისე, რომ მინერალური წიაღისეული და ბუნებრივი რესურსები მიმდინარე კონფლიქტს აღვივებს და დაპირისპირების შეწყვეტას ძალიან ართულებს“, შენიშნავს ნილ მელვინი.

კონფლიქტებში ნაკლებად ჩართულ სფეროში მუშაობს შვეიცარიელი აგრონომი და ენტომოლოგი ჰანს ჰერენი, „ფონდ ბიოვიზიონის“ დამაარსებელი. ჰანს ჰერენი მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლის საქმეში რევოლუციური აღმოჩენის ავტორია. 1980-იან წლებში მან წარმატებას მიაღწია აფრიკის მოსახლეობისთვის საკვების მნიშვნელოვანი წყაროს მავნებლებისგან დაცვაში და ამით შიმშილს გადაარჩინა ათეულობით მილიონი ადამიანი.

„ჰერენმა მოახერხა სამხრეთ ამერიკიდან შემოეყვანა ამ მავნებლის ბუნებრივი მტერი, ბზიკის ერთგვარი სახეობა. შესაბამის ქვეყნებში თვითმფრინავებიდან მილიონობით ბზიკი გაუშვეს და ამ გზით მოხერხდა ბუნებრივი წონასწორობის სტაბილიზება. ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენის მიღწევა შეიძლება მავნებლებთან ბუნებრივი მეთოდებით ბრძოლაში“, ამბობს ფონ იუქსკიული.

ჰანს ჰერენი ახლა 66 წლისაა. თავისი საქმიანობა მან მიუძღვნა მავნებლების კვლევას, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის პრაქტიკულად განხორციელებას, იყო მწერების ფიზოლოგიისა და ეკოლოგიის საერაშორისო ცენტრის დირექტორი, არის აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მის მიერ შემუშავებული მეთოდები ფართოდ გამოიყენება. მის დაარსებულ „ბიოვიზიონს“, ეკოლოგიური განვითარების ფონდს, რომლის მიზანი შიმშილსა და სიღარიბესთან ბრძოლაა, აფრიკაში დაწყებული აქვს 30-მდე პროექტი. ფონდს 35 ათასი დონორი ჰყავს. ჰანს ჰერენი ვაშინგტონის მილენიუმის ინსტიტუტის პრეზიდენტია 2005 წლიდან. ინსტიტუტი დახმარებას უწევს პოლიტიკოსებს გაერკვნენ ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორებისა და მშვიდობისა და უსაფრთხოების ურთიერთმიმართებაში. ჰერენი არაერთი საერთაშორისო პრემიის ლაურეატია.

„ცხოვრების მართებული წესის“ წლევანდელ ლაურეატებზე საუბრის ბოლოს, ამ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლე ფონ იუქსკიულმა გვითხრა, ფონდში წელს მთავარი სიახლე ისაა, რომ ცდილობენ და ამის შესაძლებლობაც აქვთ, დაიცვან ნობელის ამ ალტერნატიული პრემიის ლაურეატები, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათო. ამასთან ერთად, ფონდი მეტს აკეთებს განათლების სფეროში, კერძოდ, ახალისებს ლაურეატების, მათი ნაღვაწის, მათი ცოდნისა და გამოცდილების კვლევას, რათა ის მომავალ თაობებს გადაეცეს და გამოადგეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG