2015 წლის შეჯამებისას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქუთაისის მცხოვრებთა ერთი ნაწილის შეფასებები სხვადასხვაგვარია, კრიტიკულნი არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ქუთაისელთა ნაწილი თვლის, რომ მათთვის განვლილი წელიც, წინა წლების მსგავსად, განსაკუთრებული ცვლილებების მომტანი არ ყოფილა. ამასთან, არასასურველია სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ქუთაისი საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქი აღარ არის და, ბათუმის შემდეგ, მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალია იმერეთიდან ემიგრირებული მოსახლეობის რიცხვი და, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ქუთაისში კიდევ ერთი ინდუსტრიული ზონა გაიხსნა, დასაქმება და უმუშევრობა ქალაქში მცხოვრებთა მთავარ პრობლემებად რჩება.
2015 წლის შესაჯამებლად რადიო თავისუფლებისთვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა, ნიჰილისტური განწყობის მოტივით, თავი შეიკავა, მცირე ნაწილი კი ამბობს, რომ მათთვის ცხოვრების პირობები არ გაუმჯობესებულა.
მოქალაქეებისთვის პირობებისა და გარემოს გასაუმჯობესებლად ქალაქის სტატუსის განსაზღვრას და ცენტრალური ხელისუფლებისგან სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებას მიიჩნევს აუცილებლად დემოკრატიისა და სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელი გიგა შუშანია, რომლის განცხადებითაც, ოფიციალური სტატისტიკით, ქუთაისში ბოლო ერთ წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა 48 ათასით შემცირდა და 149 ათასი გახდა, რაც სოციალური პრობლემების გამო ქალაქიდან ადამიანების მიგრირებითაა გამოწვეული.
ქუთაისის განვითარებისთვის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებას მიიჩნევს აუცილებლად პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების მიმართ წლის განმავლობაში კრიტიკულობით გამოირჩეოდა.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქუთაისის ვიცე-მერი კონსტანტინე ქავთარაძე 2015 წელს „რეფორმების წელს“ უწოდებს და მაგალითად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, ბაგა-ბაღებში სამჯერადი კვების დანერგვასა და მეორე ცვლის პედაგოგთა დამატებას ასახელებს. კონსტანტინე ქავთარაძე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც საუბრობს, რომლებიც ქუთაისში განხორციელდა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად კი, 2015 წელს ყველაზე მეტი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან, იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა გამართეს, რომლებიც ხელისუფლებას კვლავ სესხების გადავადებას და დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი კრედიტების გამოყოფას სთხოვდნენ. ქუთაისში გამართული შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილი კი გენდერული კვოტირებისა და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებს დაეთმო.