Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მყარი საწვავი და მუდმივი პრობლემა - მერქნის ლიმიტი მცირეა


მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც გასულ წელს გამოყოფილი საშეშე მერქანი 2014 წლის იანვარში ან შემდგომ პერიოდში შეიძინა, მიმდინარე წელს შეშას ვეღარ მიიღებს. პრობლემას მყარი საწვავის მიმღებთა ელექტრონული ბაზა ქმნის, რომელიც აჩვენებს, რომ კონკრეტულ ოჯახს წელს შეშა უკვე მიღებული აქვს. როგორც კახეთის სატყეო სამსახურის უფროსი ნოდარ პატაშური ამბობს, საშეშე მერქნის ლიმიტი მცირეა და წლის განმავლობაში 2-ჯერ ვერ გაიცემა.

„საკითხი უნდა გადაწყდეს ჩვენს დეპარტამენტში. მას შესწავლა სჭირდება. კახეთში მოსახლეობის დაახლოებით 15 %-ს აქვს აღებული ის შვიდი კუბი. ვმუშაობთ, რომ პრობლემა მოვაგვაროთ“.

ნოდარ პატაშურის თქმით, თითო ოჯახი წელს 7 კბ/მ ოდენობის მყარ საწვავს მიიღებს, რომლის გაცემაც სატყეო მეურნეობებმა უკვე დაიწყეს. მისი განმარტებით, კახეთის რეგიონში, ჯამში, 101 000 კუბური მეტრი მყარი საწვავი გამოიყო:

„დღეის მდგომარეობით, შეშის გაცემა უკვე დაწყებულია. გამოყოფილია 101 000 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და გაიცემა ყოველდღიურად“.

ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, პრობლემების მატებას ელოდება თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი. მისი განცხადებით, ახალი რეგულაცია, რომელიც გაეროს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტრომ შეიმუშავა, მოსახლეობის დიდ ნაწილს მყარი საწვავის გარეშე დატოვებს. ნაპირელი ამბობს, რომ თელავის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა 2013 წელს გამოყოფილი საშეშე მერქანი მიმდინარე წლის დასაწყისში შეიძინა:

„ძალიან დიდი რაოდენობა შეიძლება იყოს მოსახლეობის, რომელმაც ეს რაოდენობა უკვე გამოიყენა იანვრის ან თებერვლის თვეში. მათ წელს კვლავ ესაჭიროებათ შეშა. ეს შექმნის პრობლემებს. თუ არ მოგვარდა, მაშინ ადამიანი შეეცდება მოიპაროს ან რაიმე სხვა გზა მონახოს“.

კახეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთარში მყარი საწვავით თბება. მოსახლეობის თქმით, მთავრობის ახალმა რეგულაციამ შესაძლოა ოჯახები შეშის მარაგის გარეშე დატოვოს, რაც მათ სასიცოცხლო პრობლემებს შეუქმნის:

„სად არის შეშა, სად? კაცს ერთი მანქანა მაინც უნდა, რომ ზამთარი გაიტანოს. მოითხოვ და მოგცემენ თონის ფიჩხს. ფიჩხი გაგვათბობს?!“

„შეშა რად მინდა, თუკი გაზი იქნება, მაგრამ არც გაზი არ არის. თან ძალიან ძვირია“.

კახეთის სხვადასხვა რაიონში ოჯახების ნაწილი მყარი საწვავით გათბობას, ნაწილი კი ბუნებრივი აირის მოხმარებას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა პრობლემა ის არის, რომ სოფლების დიდი ნაწილი კახეთში დღემდე არ არის გაზიფიცირებული.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG