Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

„ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ” ოთხმა წევრმა დატოვა


ახალციხე
ახალციხე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“ პროტესტის ნიშნად ოთხმა წევრმა დატოვა. ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის, ზაზა სუდაძის, მტკიცებით, მათი ყოფილი ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე დაპირებული მომსახურების სანაცვლოდ მოსახლეობისგან თანხებს იღებდა, თუმცა მათთვის არაფერს აკეთებდა, დაზარალებული მოსახლეობა კი პასუხს მათგან ითხოვს, რადგან ქეთევან ხმალაძე სამუშაოდ საჯარო სამსახურში გადავიდა. გარდა ამისა, ზაზა სუდაძე იმასაც ამბობს, რომ ყოფილი ხელმძღვანელი გარკვეულ პიროვნებებს დასაქმებასაც ჰპირდებოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების თქმით, ქეთევან ხმალაძე საჯარო სამსახურში გადასვლის შემდეგ აცხადებდა, რომ იგი მერის მოადგილეა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ნათია პაპავას მტკიცებით, საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად ხმალაძე მერიის სამსახურს იყენებს და მოსახლეობას თანხებს უფრო მარტივად სძალავს. გარდა ამისა, ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრი მისი ხელმძღვანელობის მიერ კანონის დარღვევაზეც ლაპარაკობს.

ყოფილი თანამშრომლების ბრალდებას ქეთევან ხმალაძე სიცრუეს უწოდებს. იგი მედიასთან საუბარში ადასტურებს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობს, თუმცა ეს მერის მოადგილის თანამდებობა არ არის. ყოფილი უფროსი ორგანიზაციისა „ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“ ახალციხის მერიაში აუდიტის სამსახურის მთავარ სპეციალისტად 24 ივლისს დაინიშნა. მას შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციას მისი მეუღლე, გოჩა შენგელია, ხელმძღვანელობს. ქეთევან ხმალაძე ამბობს, რომ ყოფილ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი ბინძური საქმეების კეთებაში დაადანაშაულეს, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სურდათ, რაც ვერ მოახერხეს.

რაც შეეხება „ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“ ყოფილი თანამშრომლების ბრალდებას ყალბი ბაჯების დამზადებასთან დაკავშირებით, ქეთევან ხმალაძე განმარტავს, რომ მისი მეუღლე არასამთავრობო ორგანიზაციას 25 ივლისიდან ხელმძღვანელობს, ბაჯების გაცემის თარიღი კი 4 აგვისტოა მითითებული. შესაბამისად, ხმალაძის თქმით, გოჩა შენგელიას ნებისმიერ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერის უფლება აქვს. ქეთევან ხმალაძე მედიასთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ახალციხის მერიაში დაკავებული თანამდებობა დატოვოს და ისევ არასამთავრობო ორგანიზაციას დაუბრუნდეს.

XS
SM
MD
LG