Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ხელშეწყობა და რეალური შანსი მეწარმეებისთვის


ბოლო ორი წლის განმავლობაში მიკრო და მცირე მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი წარმოება დაეწყოთ ან არსებული გაეფართოებინათ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა, თავის მხრივ, გულისხმობს რეგიონების განვითარებას 5-დან 15 ათას ლარამდე გრანტით მოსახლეობის დახმარების გზით.

გადმოწერა

იმერეთის რეგიონში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ობჩაში, ბახვა აბულაძის ღვინის მარანი ერთ-ერთია, რომელიც პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით გაფართოვდა, საჭირო დანადგარები შეძენის შემდეგ კი მაღალი ხარისხის ღვინოს ასხამენ და როგორც ქვეყნის, ასევე საზღვარგარეთის ბაზარზე ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან წარმოებული „ბაიას ღვინო“ გააქვთ. მცირე მეწარმის, ბაია აბულაძის, თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებულმა თანადაფინანსებამ წარმოების გააუმჯობესებას და ღვინის რეალიზაციას შეუწყო ხელი:

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამოყოფილი თანადაფინანსებით მცირე ზომის ტრაქტორი შეიძინა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის მკვიდრმა ომარ გაბადაძემ, რომელსაც სამკურნალო მცენარე სტევია სათბურებში მოჰყავს. ომარ გადაბაძის თქმით, ტექნიკა შრომას უადვილებს და კარგი მოვლა კი მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე დადებითად აისახა. ომარ გაბადაძე იმასაც დასძენს, რომ სამკურნალო მცენარის მოვლასა და წარმოებაში მთელი ოჯახია ჩართული, სეზონურად კი დამატებით მუშახელს ქირაობენ, რაც სოფლად მცხოვრებთათვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

პროექტის ფარგლებში დაფინანსება უკვე მიიღო და საჭირო დანადგარი შეიძინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეგი ტაბატაძემ და, როგორც თავად ამბობს, პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ახლად დაწყებული ბიზნესის განვითარებისთვის კარგი ხელშეწყობაა. მეგი ტაბატაძის თქმით, იგი ხის, მეტალის, შუშის და სხვა მასალისგან ხელნაკეთ სუვენირებს დაამზადებს და ნივთებს ელექტრონულად გაყიდის ან მაღაზიებს შესთავაზებს.

პროექტს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისთვის 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ბოლო მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, თანადაფინანსებით გაცემულია 22 942 704 ლარი 5 ათასამდე ბენეფიციარზე და, საერთო ჯამში, 8 ათასი ადამიანია დასაქმებული.

XS
SM
MD
LG