რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ 24 იანვარს რატიფიცირებული სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის ცალკეული საჯარისო ქვედანაყოფების გაერთიანებას გულისხმობს, ოფიციალური თბილისის თანახმად, სამართლებრივად ძალის არმქონე აქტია, თუმცა, ამის მიუხედავად, მას აქვს პრაქტიკული შედეგი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსია გრძელდება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების სრული უგულებელყოფით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას ქმედითი ზომების მიღებას და რუსეთის შორს მიმავალი აგრესიული პოლიტიკის შეფასებას სთხოვს.
სამინისტროს საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრაციის გზით, მოსკოვი უხეშად არღვევს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. განცხადების თანახმად, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს აცხადებს აიღოს და შეასრულოს ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ და მიზანმიმართულად უშლის ხელს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნას. ოფიციალური თბილისის თანახმად, რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას და მთელ რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისაკენაა მიმართული, თუმცა რა კონკრეტული განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესებს, უცნობია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, კახა ქემოკლიძისთვის.
“დღევანდელი გადმოსახედიდან, ძნელია რაიმე კონკრეტულ განვითარებაზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ ვეყრდნობით იმ მონაცემებს, რომლებიც რეალურად არსებობს ღია საინფორმაციო საშუალებებში. სამართლებრივად ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია არის ოკუპირებული და ტერიტორიაზე არის წარმოდგენილი რუსეთის საოკუპაციო ძალა. წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით რა ტიპის იმპლიკაცია იქნება, ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება“, განაცხადა კახა ქემოკლიძემ ერგნეთში, “ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში, 24 იანვარს ჩატარებული შეხვედრის შემდეგ. ამავე შეხვედრის დასრულებისას ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელმა მურად ჯიოევმა განმარტა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო შენაერთების რუსეთის არმიასთან შეერთების პროცესი მისი უსაფრთხოების გარანტიაა და არ დააზარალებს სეპარატისტული რესპუბლიკის სუვერენიტეტს:
“ნებისმიერი შეთანხმება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის არის ორმხრივი, შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მიმართულია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფისკენ. მესამე სახელმწიფოებს ამ შეთანხმებასთან კავშირი არ აქვთ. ჩვენ ვაძლიერებთ სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს და ეს შეთანხმება იქნება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია, გარანტია იმისა, რომ სამხრეთ ოსეთი დაცული იქნება სამხედრო აგრესიისგან“.
რუსეთს სურს, რომ, ჯერ ერთი, მთლიანი კონტროლი განახორციელოს მათზე, მეორე მხრივ, თითქოს ადგილობრივ სეპარატისტებს მაინც ჰყავთ თავიანთი რაღაც საბრძოლო დანაყოფები ამ მხრივ...ირაკლი ალადაშვილი
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი კი ფიქრობს, რომ გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევია არა ის, რაც ოფიციალურად ითქვა და გამოქვეყნდა, არამედ ის, რაც რეალობაა. რეალობა კი, მისი აზრით, არის ის, რომ რუსეთს აღარ სურს უკონტროლოდ ჰყავდეს სეპარატისტი სამხედრო პირები.
“ამ თავის ორ ბაზაზე მეოთხე საოკუპაციო ბაზა ცხინვალის რეგიონში და მეშვიდე საოკუპაციო ბაზა აფხაზეთში მას შეჰყავს პატარა დანაყოფის სახით ადგილობრივი სეპარატისტების, როგორც მანამდე თვითონ ეძახდნენ, თავდაცვის სამინისტრო, არმია და ასე შემდეგ. რუსეთს სურს, რომ, ჯერ ერთი, მთლიანი კონტროლი განახორციელოს მათზე, მეორე მხრივ, თითქოს ადგილობრივ სეპარატისტებს მაინც ჰყავთ თავიანთი რაღაც საბრძოლო დანაყოფები ამ მხრივ“.
ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, ამით რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების სრულ ოკუპაციას ახდენს ისე, რომ ადგილობრივ სეპარატისტებსაც სრული კონტროლის ქვეშ აქცევს. კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე კი ფიქრობს,რომ ყველა ქმედება, რომელიც განხორციელებული იქნება ამ ეგრეთ წოდებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, მოემსახურება იმას, რომ რუსეთმა განამტკიცოს უკვე არსებული ურთიერთობები და შექმნას პირობები საჭიროების შემთხვევაში ფორმალიზების უფრო მაღალ დონეზე გადასასვლელად. რაც შეეხება პრაქტიკულ შედეგებს:
“პრაქტიკული შედეგები ის არის, რომ ხვეწენ ნელ-ნელა იმ ურთიერთობებს, რომლებიც მათ აქვთ როგორც ცხინვალის რეგიონთან, ასევე აფხაზეთთან. ქმნიან იმ ილუზიას, რომ ეს არის ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოებრივი საერთაშორისო ურთიერთობები გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ ქვეყანასთან. ამავე დროს, რეალურად ახორციელებენ, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა იმ ქმედებას, რაც აუცილებელია ამა თუ იმ ადგილას - იქნება ეს აფხაზეთი თუ ცხინვალის რეგიონი - სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად და ამით ამზადებენ საფუძველს საჭიროების შემთხვევაში უფრო წინ წავიდნენ“.
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ცხინვალის ცალკეული საჯარისო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შეთანხმების რატიფიცირებას 411 ხმით ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი, შეთანხმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის კი 2017 წლის 31 მარტს გაფორმდა. უფრო ადრე დასრულდა ანალოგიური პროცესი აფხაზეთში. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალურ კანონს რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის სამხედრო ძალების გაერთიანების შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ 2016 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი.