ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო, შემაჯამებელი, შეხვედრა გაიმართა. ეს იყო ყველაზე ხანმოკლე შეხვედრა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამართულ შეხვედრებს შორის. მხარეების წარმომადგენლებმა ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ცხინვალიდან სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.ქართული მხარე სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო წვრთნებს აპროტესტებდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის, ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით, 25 სამხედრო სწავლება ჩაატარეს, რაც, მისი აზრით, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.
გარდა ამისა, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟი გააპროტესტეს და ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლება მოითხოვეს. მათ შორისაა გენადი ბესტაევი, რომელსაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მესამე შემთხვევისთვისმიუსაჯეს. ბესტაევი ზარდიაანთკარიდან ცხინვალში ცოლ-შვილის სანახავად მიდიოდა.
პრეტენზიები ჰქონდა ოსური ჯგუფის ხელმძღვანელმურად ჯიოევსაც. მისი თქმით, სოფლების ნიქოზისა და ხეთაგუროვოსმონაკვეთზე უცნობმა პირებმა საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი დაცხრილეს. ჯიოევი ქართულ მხარეს პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად აფრთხილებს. მისი აზრით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების სტატისტიკა თვიდან თვემდე მცირდება და ეს პოზიტიური დინამიკაა. საერთო ჯამში, ჯიოევი „ინციდენტების პრევენციის“ შეხვედრებსა და მის შედეგებს დადებითად აფასებს.
გასული თვეში ერთი პოზიტიური შემთხვევა მართლაც დაფიქსირდა, როცა ოჯახს გიორგი გიუნაშვილი დაუბრუნდა. გიუნაშვილი 20-წლიან სასჯელს ცხინვალის ციხეში დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით იხდიდა. ამ ბრალდებას ქართული მხარე აბსურდულად მიიჩნევდა და დაკავებულის გათავისუფლებას წელიწადზე მეტხანს ითხოვდა. რამდენიმე კვირის წინ ოსურმა ხელისუფლებამ გიუნაშვილი აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს გადასცა, რომლებმაც გიუნაშვილი ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ სამართალდამცავებს ჩააბარეს. ოსური მედიის ცნობით, მოხდა გაცვლა, თუმცა ქართული მხარე ამ პროცესს ჰუმანიტარულ ჭრილში განიხილავს და გაცვლად არ მიიჩნევს. ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ჯგუფის მორიგი შეხვედრა მომავალი წლის 24 იანვარს გაიმართება.