თუკი პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს ცვლილებებს კანონში თამბაქოს კონტროლის შესახებ, მაშინ 2018 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმროებისა. 5 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებათა პაკეტს. ცვლილებების მიხედვით, მოწევა აიკრძალება ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმები 5 ლარიდან 5 000 ლარამდე მერყეობს.
კანონში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების პროექტის მიზანი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წარმომადგენელმა გუგული მაღრაძემ გააცნო:
„მიზანი არის თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება, ასევე - მისი მოხმარებით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება, ასევე - მოწევის დაწყების მაჩვენებლის შემცირება“.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ითვალისწინებს მოსამზადებელ პერიოდს, ანუ 2018 წლის პირველ იანვრამდე სხვადასხვა დაწესებულებებში, მათ შორის, კაფე-ბარებში, რესტორნებსა თუ საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში დასაშვებია გამოიყოს სპეციალური მოსაწევი ადგილი, რომელიც არ უნდა იკავებდეს შენობის საერთო ფართის 50 %-ზე მეტს, უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა, ანუ, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი კახა ღვინიანიძე, 2018 წლის პირველი იანვრიდან მსგავსი ტიპის დაშვებაც აიკრძალება. რაც შეეხება შენობების აივნებს, კახა ღვინიანიძის თქმით, მოწევა დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ღია ტიპის აივნებზე. 2018 წლის პირველი იანვრიდან სრულად აიკრძალება თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც:
„თამბაქოს რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის ნებისმიერი ფორმა აიკრძალება. სრულფასოვნად აიკრძალება. ეს არის ჩვენი კანონპროექტის დედააზრი. ამაში იგულისხმება როგორც ბილბორდების აკრძალვა, ისე მაღაზიებში კოლოფების გამოფენის, ისე ინტერნეტით რეკლამების აკრძალვა და ყველა სხვა“.
კანონპროექტის მიხედვით, აკრძალვა გავრცელდება სახელოვნებო საქმიანობაზეც. კერძოდ, იმ ფილმების ან სხვა შემოქმედებითი პროდუქციის მასობრივი ჩვენებისას, რომლებიც დამზადებულია 2017 წლის პირველ იანვრამდე, თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარების რეკლამის შემცველი კადრები სრულად უნდა დაიფაროს. 5 აპრილს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში კანონპროექტის განხილვისას, ყურადღების ცენტრში მოექცა ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. სერიალში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელზე გუგული მაღრაძემ ისაუბრა და ამის საილუსტრაციოდ სერიალის კადრებიც მოიშველია:
„და აი, კიდევ ერთი, „ჩემი ცოლის დაქალები“, პოპულარული სერიალი, სადაც თითქმის ყველა ქალი, რომელიც ამ სერიალში მონაწილეობს, ეწევა სიგარეტს“.
აბსოლუტურად მიუღებელია სახელოვნებო საქმიანობაში მსგავსი ტიპის აკრძალვები სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტის, ქეთი დევდარიანისთვის. მისი თქმით, ეს აკრძალვა სხვა არაფერია, თუ არა ცენზურა:
„ნებისმიერი რამის აკრძალვა ლიტერატურაში, ფილმში, სერიალში არის ცენზურის დასაწყისი, იმიტომ რომ სიგარეტს რომ ეწევა, ცუდია, ცოლს რომ ღალატობს, ესეც ხომ ცუდია? და ათასი რამ არის კიდევ ცუდი. სიგარეტის და ალკოჰოლის რეკლამა ფილმებში ისედაც აკრძალულია, ანუ ბრენდის გამოჩენა. მაგრამ სერიალში ყველა ქალი ეწევაო... რასაც ყველა ქალი აკეთებს, ის ჩანს სერიალშიც. ადამიანების მორალზე ზრუნვას ჰქვია საბჭოთა კავშირის გამოცდილება და ეს გავლილი გვაქვს უკვე - ყველა კარგად რომ იქცეოდა, ასეთი ფილმები ნანახი გვაქვს“.
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით სიკვდილის რაოდენობამ საქართველოში 35 ათასზე მეტი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, საქართველოში ამ მიზეზით ყოველწლიურად 11 ათასი ადამიანი კვდება. თამბაქოს, ალკოჰოლის, აკრძალული ნარკოტიკების, ინტერნეტისა და აზარტული თამაშების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, საქართველოში მცხოვრებ და გამოკითხულ მოსწავლეთა 60 % ამბობს, რომ მათთვის საკმაოდ ადვილია თამბაქოს შეძენა, თამბაქოს კი მოიხმარს გამოკითხული ბიჭების 54 % და გამოკითხული გოგონების 30 %.
კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა მაისის თვეშია დაგეგმილი. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების ძირითადი ნაწილის ამოქმედება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყება და ცვლილებების დასრულება 2020 წლის პირველ იანვრამდეა დაგეგმილი, მათ შორის, 2020 წლის პირველ იანვრამდე დასაშვები იქნება თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 %-ში და ასევე სტადიონის ტერიტორიის არაუმეტეს 50 %-ში.
რამდენად მისაღებია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების სრულად აკრძალვა? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ მოქალაქეებს მიმართა:
- კარგი იქნება, თუ ხალხი არ მოწევს თამბაქოს, მაგრამ აკრძალვებთან დაკავშირებით ვერ გეტყვით. თუმცა, რა თქმა უნდა, სადაც ბავშვები არიან, ჯობია, რომ იქ არ ეწეოდნენ.
- მივესალმები. ძალიან კარგია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალება მოწევა.
- მე თვითონ მწეველი ვარ, მაგრამ არის ადგილები, სადაც სუნთქვა არ შეიძლება იმის გამო, რომ ირგვლივ ყველა ეწევა. ალბათ, ცალკე უნდა იყოს დარბაზი მწეველებისთვის, დარბაზი არამწეველებისთვის.
- პირადად მე არ ვეწევი, მაგრამ არანაირ პრობლემას არ მიქმნის, როცა თავშეყრის ადგილებში სხვები ეწევიან.
- საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში უნდა აიკრძალოს, მაგრამ რაც შეეხება რესტორანს, სადაც თან ჭამ, თან ერთობი, იქ, მოწევაც გინდა. ანუ გარკვეულწილად ვეთანხმები აკრძალვას და გარკვეულწილად - არა.