გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში რუსეთის მესაზღვრეები გამოჩნდნენ, დაახლოებით 500 მეტრის სიგრძეზე რკინის ძელები ჩასვეს და ზედ მავთულხლართები გააბეს. ადგილობრივი მცხოვრებლები შეშფოთებულები არიან, რადგან თუ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მუშაობა გააგრძელეს, სამი ეკლესია და სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება. მავთულხლართებს მიღმა უკვე მოექცა სოფლის სარწყავი წყლის სათავე ნაგებობა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთებთან მისასვლელი გზაც.
მესაზღვრეები სოფელში რამდენიმე თვის წინ გამოჩნდნენ და სოფლების ქერე-ოტრევის მიმართულებით ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერები დაამონტაჟეს, თუმცა ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ბაღებში, ვენახებში, ეკლესიაში, საფლავებსა და წყლის სათავე ნაგებობასთან მისვლას არ უშლიდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ უკვე მავთულხლართების გაბმაც დაიწყეს და ამით ქერელებს პრობლემები შეუქმნეს. უკვე შეზღუდულია მათი გადაადგილება მიწის ნაკვეთებისა და იმ სარწყავი არხისკენ, საიდანაც სოფლის ბაღ-ვენახები ირწყვებოდა.
ორი დღის წინ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ქერეში მავთულხლართების დამონტაჟება გააპროტესტა და ოსურ და რუსულ მხარეს განმარტება მოსთხოვა. შეხვედრიდან გამოსულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ საკითხზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კითხვებს არ პასუხობენ. ამავე შეხვედრაზე განიხილებოდა ახალგორის მიმართულებით ამოქმედებული ახალი საშვთა სისტემის საკითხი და მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები. მაისიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მანამდე არსებული ფორმა ნომერი 9 გააუქმა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები დაბაში გადაადგილდებოდნენ. ახალი საშვები მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია და, შესაბამისად, გადაადგილების უფლება შეიზღუდა.
მეორე თვეა ახალგორიდან ვერ გამოდის ნიქოზ-ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), რომელიც პერიოდულად ახალგორის რაიონში იქ არსებული ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო პირების მოსანახულებლად ჩადის ხოლმე. მიტროპოლიტს ახალ საშვს არ აძლევენ და არც პასუხობენ, მიიღებს თუ არა ის მომავალში დაბაში გადაადგილების უფლებას. მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნით ოსურ და რუსულ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ტოივო კლაარმაც მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი აცხადებს, რომ ქართული მხარე ამ საკითხებზე ისევ განმარტებების მოლოდინშია.
ქერელები საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი აზრით, ყველაზე დიდ პრობლემას მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი სარწყავი არხი ქმნის, საიდანაც სოფლის მიწის ნაკვეთები ირწყვებოდა. ადგილობრივთა თქმით, თუ ამ არხიდან წყლის გამოშვება ვერ მოხერხდა, გვალვის დადგომისთანავე სოფლის მოსახლეობის მოსავალი მთლიანად განადგურდება.