„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა საკანონდებლო წინადადება, რომლის ძირითადი მიზანია აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის, რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ანდა ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, აკრძალვას ექვემდებარება მხოლოდ ის რეკლამა, რომელიც შეიცავს ომისა და ძალადობის პირდაპირ მოწოდებას. გარდა ამისა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამოწმებს მხოლოდ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამას და არა აგიტაციის შინაარსს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია რუსეთის მიერ გამოყენებული პირდაპირი და ირიბი გავლენის იმ მეთოდების ნეიტრალიზება, რომელთა მეშვეობითაც მოსკოვი ცდილობს შეცვალოს საქართველოს განვითარების დასავლური კურსი და გავლენა მოახდინოს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს, ნიმუშად მოაქვს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კლიპი.
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუშვა რეკლამა, რომელშიც საუბარი იყო რუსული პენსიების დარიგებაზე და რუსეთის საოკუპაციო ჯარებზე. რეალურად მაუწყებელს არ ჰქონდა უფლება, რომ უარი ეთქვა ასეთი რეკლამის გაშვებაზე. არადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელმწიფოს კი აქვს გაცხადებული კურსი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მაქსიმალური ინტეგრაცია მოვახდინოთ ნატოსა და ევროკავშირში და ასევე რუსეთი ჩვენთვის არის ოკუპანტი სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ასევე ოკუპაციის შესახებ კანონი“, უთხრა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებას.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი აღიარებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებად. გარდა ამისა,
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ვკითხულობთ: „რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანია საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ ქცევა, მისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევნის რეალიზაციისთვის ხელის შეშლა და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე ძალით დაბრუნება“. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია ამ მიზნების სისრულეში მოყვანისათვის საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ეძებს დასაყრდენს, “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ინიცირებულმა ცვლილებებმა კი ხელი უნდა შეუშალოს რუსეთის მცდელობას შეცვალოს საქართველოს განვითარების დასავლური კურსი:
„ძირითადი მიზანი არის, აიკრძალოს მაუწყებლის მიერ ისეთი რეკლამის გადაცემა, ისეთი წინასაარჩევნო აგიტაციის, მათ შორის, წინასაარჩევნო რეკლამა, პარტიების პროგრამა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დარღვევის საფრთხეს და რომლის მიზანიც არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაცია“.
ლიკა საჯაიას თქმით, ინიციატივა ითვალისწინებს ცვლილებების შეტანასრამდენიმე კანონში, მათ შორის, საუბარია მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ამგვარი რეკლამის გაშვება აიკრძალებადროებითი ნორმით მანამ, ვიდრე არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ლიკა საჯაიამ და ცვლილებების სხვა ავტორებმა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობისას კონსულტაცია გაიარეს სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან. გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული ცვლილებები არ ზღუდავს მედიისა და გამოხატვის თავისუფლებებს.
„ეს არის წინადადებები, რომლებიც გარკვეულწილად არის გამოძახილი იმ ანომალიური სიტუაციებისა, რომელიც წარმოიშვა საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, როცა სარეკლამო შირმით მიმდინარეობდა ოკუპანტი ქვეყნის მეთაურების რეკლამა. ადეკვატური ცვლილებებია და კარგი იქნება, თუკი საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს“, უთხრა ლაშა ტუღუშმა რადიო თავისუფლებას.
ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი.
ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, თქმით, მიუღებელია როგორც ცენზურის დაწესება საარჩევნო პროგრამებზე, ასევე სარეკლამო ხასიათის მასალის აკრძალვა სუბიექტური შეფასების საფუძველზე:
„ზოგადად როცა საუბარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური ფასის განსაზღვრის პროცესში რუსულ-ქართული პირდაპირი დიალოგის მხარდაჭერაზე, ეს თუ შეიძლება სუბიექტურად აღქმული იქნას როგორც რუსული ნარატივის დემონსტრირება, რა თქმა უნდა, ასეთი ინიციატივის შემთხვევაში ხელისუფლება და სპეცსამსახურები გამოიყენებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ტიპის აქტივობები იქნას შეზღუდული, რაც, ჩემი აზრით, არის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისგან და რაც ასევე არის სერიოზული მუხრუჭი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“.
მედიის მკვლევარები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოს განვითარებას ხელს უშლიან სწორედაც რომ ეგრეთ წოდებული ღიად და ფარულად კრემლისტურ-პრორუსული ძალები და მათ მიერ გავრცელებული „რუსული ნარატივი“.
მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, თამარ კინწურაშვილის, თქმით, თვალში საცემია და კვლევითაც დასტურდება რუსეთის გავლენა როგორც მედიაზე, ასევე პოლიტიკურ პარტიებზე.
„ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უსასყიდლოდ არ უნდა უთმობდეს ეთერს ისეთი შინაარსის რეკლამებს, რომელიც რუსული ოკუპაციის ლეგიტიმაციას ახდენს და ტელევიზიებს არ ჰქონდეთ ბერკეტი, რომ ჩაერიონ შინაარსობრივად ასეთი ტიპის რეკლამის ტირაჟირებისას“, უთხრა თამარ კინწურაშვილმა რადიო თავისუფლებას.