3 აპრილიდან თბილისის ქუჩების სისუფთავეს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დაიცავენ. ქუჩების საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება დაისჯება ფულადი ჯარიმით, თუმცა პირველი ორი კვირის განმავლობაში დასუფთავების ინსპექტორები მხოლოდ გაფრთხილებითა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებით შემოიფარგლებიან.
3 აპრილს თბილისის ცენტრალურ უბნებში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის პირველი ათი ეკიპაჟი გამოვიდა. ინსპექტორები მოქალაქეებს სპეციალურ საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ და სიახლეს აცნობენ, თუმცა, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე ამბობს, ორ კვირაში კანონის აღსრულებას და დაჯარიმებასაც დაიწყებენ, რისთვისაც მათ განკარგულებაში იქნება სათანადო ტექნიკა და აღჭურვილობა.
„მათ ეცმევათ უნიფორმა, აღჭურვილი იქნებიან სამხრე კამერებით, პლანშეტებით, ფოტოაპარატებით და ყველა იმ საჭირო საგნით, რაც საჭიროა წესრიგის დამყარებისთვის“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან გოგოძემ, რომლის თქმით, მუნიციპალურ ნარჩენებთან დაკავშირებით გამკაცრდება კონტროლი ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. კერძოდ:
ჯარიმის მოცულობას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, უნდა აიძულონ დასუფთავება. ეს იქნება კარგი ჯარიმა. მეორედ აღარ დაყრის. ეცოდინება, რომ თავისი ქალაქი არ უნდა დაანაგვიანოს. სხვა არაფერი გამოასწორებს, რამდენიც უნდა გადაიხადოს...52 წლის მაგდა
„2 კგ-მდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან, გამოიწვევს 100-ლარიან დაჯარიმებას. 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს 150 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედება, ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან, გამოიწვევს 500-ლარიან საჯარიმო ოქმს“.
2 კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენის კატეგორიაში შედის სიგარეტის ნამწვიც. ერთ კუბამდე სამშენებლო ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის 200-ლარიანი, იურიდიული პირისთვის კი 500-ლარიანი ჯარიმა არის განსაზღვრული. ერთ კუბზე ზევით სამშენებლო ნარჩენით ქალაქის დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი 1500 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის განმეორებისას ჯარიმები ორმაგდება. საინტერესოა, რას ფიქრობენ თბილისელები დასუფთავების ქვეითი ინსპექტორის გამოჩენასა და ჯარიმების შემოღებაზე.
დავით, 43 წლის: „ჯარიმა საერთოდ არ უნდა იყოს საჭირო, მაგრამ ვითარება მოითხოვს, რომ ჯარიმა დაწესდეს, რადგანაც ბევრი ყრის ქუჩაში ნაგავს, მოფენილია აქაურობა სიგარეტის ნამწვებით“.
მაგდა, 52 წლის: „ჯარიმის მოცულობას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, უნდა აიძულონ დასუფთავება. ეს იქნება კარგი ჯარიმა. მეორედ აღარ დაყრის. ეცოდინება, რომ თავისი ქალაქი არ უნდა დაანაგვიანოს. სხვა არაფერი გამოასწორებს, რამდენიც უნდა გადაიხადოს“.
ქეთევან, 55 წლის: „ჩვენს ქვეყანას სჭირდება რაღაც ისეთი შემაკავებელი, რომ არ გავაკეთოთ ეს, თუნდაც ჯარიმის შიშით. ქალაქის ესთეტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენთვის, რომ არ ვთქვათ უცხოელებსა და ტურისტებზე“.
ირაკლი, 23 წლის: „ჯარიმა ნაკლებიც შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა ვარიანტში ჯარიმა საჭიროა. ჯარიმის გარეშე ქართველები არაფერს აკეთებენ“.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა, 50 ლარით დაჯარიმდება შინაური ცხოველის ექსკრემენტებით ქალაქის დაბინძურება. ამ სიახლესაც ბევრი თბილისელი იწონებს. მათ შორის, იწონებს სამი წლის ლაბრადორის მფლობელი ანასტასია, თუმცა მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სისუფთავის დასაცავად გარკვეული პირობები უნდა შექმნას:
„ჩვენი ოჯახისთვის ეს სიახლე საერთოდ არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის პატიოსნად დავდივართ, პარკები გვაქვს მომარჯვებული, ჯიბეში გვიდევს, მაგრამ არის სიტუაცია, რომ ერთი პარკი არ გყოფნის, შეიძლება მეორე დაგჭირდეს და არ გქონდეს. ასეთ დროს ბევრჯერ მინატრია, რომ ახლომახლო იყოს, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, სპეციალური ყუთები ექსკრემენტების ასაღებად, იყოს თუნდაც ფასიანი, მაგალითად, ვაკის პარკში, ვერის პარკში, ლისის ტბაზე და ა.შ. უნდა იყოს ასეთი აპარატები და ღირდეს, მაგალითად, 20 თეთრი. დიდი სიამოვნებით გადავიხდი. ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, მითხოვია სხვა ძაღლის პატრონისთვის, ზედმეტი პარკი ხომ არ გაქვთ-მეთქი“.
ძაღლებისა და სხვა ცხოველების ექსკრემენტებით თბილისის ქუჩების დაბინძურებას მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს „მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე:
ჩვენდა სამწუხაროდ, მოსახლეობა ვერაფრით გადაეჩვია ნარჩენების ფანჯრებიდან სროლას. ამას ვამჩნევთ ბევრ გარეუბანში. მეორე მომენტი ისაა, რომ ბაღებში, სკვერებში ნარჩენების რაოდენობა არაფრით არ კლებულობს, მატულობს კიდევაც, თუმცა საჯარიმო სანქციები უნდა იყოს არა ფისკალური ეფექტის მომტანი, არამედ შემაწუხებელი...ნინო ჩხობაძე
„ვიმედოვნებ, რომ როდისმე ასეთი რამ ჩვენთანაც იქნება, მანამდე კიდევ, ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ ძაღლის თითოეული მეპატრონე თვითონ ცდილობდეს ექსკრემენტების გატანას - მით უფრო, რომ 2015 წელს თბილისის საკრებულომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არეგულირებს ძაღლების გასასეირნებელი ადგილების განსაზღვრას ალიკაპით და ალიკაპის გარეშე. ძაღლი უპატრონოდ არ უნდა დარბოდეს ქუჩაში“.
რაც შეეხება გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმის გამოწერას და მის აღსრულებას, ნინო ჩხობაძის თქმით, მხოლოდ მოწოდებამ და მითითებამ არ გაამართლა.
„ჩვენდა სამწუხაროდ, მოსახლეობა ვერაფრით გადაეჩვია ნარჩენების ფანჯრებიდან სროლას. ამას ვამჩნევთ ბევრ გარეუბანში. მეორე მომენტი ისაა, რომ ბაღებში, სკვერებში ნარჩენების რაოდენობა არაფრით არ კლებულობს, მატულობს კიდევაც, თუმცა საჯარიმო სანქციები უნდა იყოს არა ფისკალური ეფექტის მომტანი, არამედ შემაწუხებელი“, უთხრა ნინო ჩხობაძემ რადიო თავისუფლებას.
ნინო ჩხობაძე მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს მოქალაქეების ჩივილს ნაგვის ურნების არასათანადო რაოდენობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამგვარი პრობლემა მხოლოდ გარეუბნებში შეიძლება იყოს. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე ირწმუნება, რომ პრობლემა იოლად გადაიჭრება, თუკი მოქალაქეები „თბილსერვის ჯგუფს“ განცხადებით მიმართავენ.