ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დაიკავებენ მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების პოსტებს ახალ მთავრობაში? საზოგადოებისათვის ნაცნობი თუ უცნობი სახეები – ახალციხის პირველი პირების დამტკიცებასთან ერთად მოსახლეობისათვის აქტუალური ხდება ახალი კადრების დამტკიცების საკითხი. ქალაქისა და თემის ხელმძღვანელებს მოადგილეები ამ დრომდე არ ჰყავთ. ამბობენ, რომ საკითხი განხილვის პროცესშია და საზოგადოება ახალ შემადგენლობას უახლოეს დღეებში იხილავს. რას ფიქრობენ თვითმმართველობის ცვლილებებთან დაკავშირებით დარგის ექსპერტები და რა ვადაში უნდა დაკომპლექტდეს ახალი გამგეობა და მერია?
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების გაყოფის შემდეგ, თვითმმართველ ქალაქში ახალი სამსახურების რეგისტრაცია მიმდინარეობს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ახალციხის მერიას თვის ბოლომდე რვა სამსახურში 64 თანამშრომელი ეყოლება. მერიის დაქვემდებარებაში გადავა ახალციხის ციხეც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერი ოფიციალურად დამტკიცდა, მას ამ დრომდე მოადგილეები არ ჰყავს. მერიაში არც სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები დანიშნულან. გია კოპაძე აცხადებს, რომ კონსულტაციების გავლის შემდეგ მერია გამგეობის ყოფილი თანამშრომლებითა და სხვა ახალი კადრებითაც დაკომპლექტდება. საშტატო სია ჯერ განხილვის პროცესშია, თუმცა ცნობილია, რომ მოადგილის პოსტზე ანსამბლ ,,მესხეთის“ ხელმძღვანელის, ზაზა თამარაშვილის, კანდიდატურა განიხილება.
სხვადასხვა სამსახურის დარეგისტრირების პროცესშია თვითმმართველი თემიც. მერის მსგავსად, გამგებელიც განმარტავს, რომ სტრუქტურაში საზოგადოება როგორც ძველ, ისე ახალ კადრებს იხილავს. ზაზა მელიქიძე ირწმუნება, რომ მისი თანამშრომლები გამოცდილი პროფესიონალები იქნებიან. გამგებლის თქმით, მუნიციპალიტეტის ლიკვიდაციის შემდეგ სამსახურებიც დაიყო და ზოგი მათგანი მერიის დაქვემდებარებაში გადავიდა. თემის გამგეობა ძირითადად სოფლის მოსახლეობაზე იმუშავებს. ზაზა მელიქიძის თქმით, იგეგმება ახალი შტატის ჩამოყალიბება, რომელიც გარემოს დაცვის კუთხით იმუშავებს. მერიის მსგავსად, თვითმმართველ თემშიც რვა სამსახური შეიქმნება და გამგებელს სამი მოადგილე ეყოლება.
ახლად დამტკიცებულ თვითმმართველობის ორგანოებსა და მათი ჩამოყალიბების გზებზე ლაპარაკობს ექსპერტი კოტე კანდელაკი. იგი, წინა მოწვევის თვითმმართველობების მსგავსად, ახლაც მმართველი კოალიციის მხრიდან კადრების ერთპიროვნულად შერჩევის საფრთხეს ხედავს: მიუხედავად იმისა, რომ სხდომებზე სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებს როგორც თავმჯდომარის, ისე კომისიების ხელმძღვანელების თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები ჰყავდათ წამოყენებული, არჩევანი მაინც მმართველი კოალიციის წევრებზე კეთდებოდა.
ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ მერიასა და გამგეობაში ახალი თანამშრომლების დანიშვნის შესახებ ბრძანებები რამდენიმე დღეში დაიწერება. მერიისა და გამგეობის ახალი შემადგენლობა ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი.