საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე, არ დაზარალებულა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს და, შესაბამისად, 5 ათასი კვადრატული მეტრის უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამართალდამცველი ორგანოები ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების კანონთან შესაბამისობით უნდა დაინტერესდნენ, რადგან, შესაძლოა, ეს ფაქტი საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. ნატა ნაზღაიძე არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე.
„28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება“ - ასე აქვს დასათაურებული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კვლევა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზვიად ნაზღაიძისათვის გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების სახელით ჩამორთმეული და პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების სამართლებრივ მხარეს ეხება. კვლევის მიხედვით, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს ზვიად ნაზღაიძე არ წარმოადგენდა თბილისში ყიფშიძის ქ. #2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების მესაკუთრეს და არც ოფციის უფლება გააჩნდა ქონებაზე. ასოციაციის წარმომადგენელ სულხან სალაძის თქმით, შესაძლოა, აღნიშნული საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს:
„ამის თქმის საშუალებას გვაძლევს შემდეგი გარემოებები: ნაზღაიძე სტიქიის დროს არ იყო ამ ქონების მესაკუთრე, „საქართველოს ბანკი“ იყო მესაკუთრე და თუკი ვინმეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაცია უნდა მიეღო ან უნდა ჩამორთმეოდა ქონება გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების გამო, ეს უნდა ყოფილიყო „საქართველოს ბანკი“ და არა ზვიად ნაზღაიძე. თბილისის თვითმმართველობამ გადაიხადა 28-ჯერ მეტი თანხა, ვიდრე იყო რეალური ღირებულება ამ ქონებისა, რომელიც ჩამოართვა ნაზღაიძეს. ასევე დაუსაბუთებლად მოხდა გადაცემა ნაზღაიძისათვის სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე ქონებისა.“
სულხან სალაძის თქმით, საუბარია თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა #5-ში მდებარე 5001 კვადრატული მეტრის უძრავ ქონებაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, სავარაუდოა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971,260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გადაცემის თაობაზე:
„არაერთი კითხვა ჩნდება, რატომ მოხდა ასეთი განსაკუთრებული პირობებით მოპყრობა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სამართლებრივი და არსებული რეგულაციის ფარგლებში არც კი შეიძლება იწოდებოდეს სტიქიით დაზარალებულ პირად. ეს საქმე და ასეთი კანონს აცდენილი მოქმედება თავისთავად აჩენს კითხვებს და, რა თქმა უნდა, ეს კითხვები ძლიერდება, როცა არსებობს კონტექსტი ამ საქმის. ეს ადამიანი არის ძალიან რეზონანსული საქმის განმხილველი მოსამართლის ძმა.“
გამოკვლევის ავტორების მტკიცებით, ზვიად ნაზღაიძე არ დაზარალებულა 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს. ამასვე ამტკიცებენ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სევდია უგრეხელიძის, თქმით, პირველ რიგში უკანონობაა ის, რომ მერიამ და თბილისის მთავრობამ დაუმალა თბილისის საკრებულოს დოკუმენტები, რომელთა გამოჩენის შემთხვევაში საკრებულო სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა:
„დოკუმენტები პირდაპირ მიუთითებდნენ იმაზე, რომ ნაზღაიძე არ ბრძანდებოდა ამ მიწის მესაკუთრე, რომელიც ვითომდა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩამოართვეს მას და ამ დროს სტიქიით დაზარალებულთა ფონდიდან გადაუხადეს თანხა. ეს დოკუმენტები იყო დამალული და ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საკრებულო როცა ამას გაიგებდა, მათ შორის უმრავლესობა, სინდისი შეაწუხებდა და გამოთქვამდა პროტესტს. მათ შეეძლოთ ეს დადგენილება გაეუქმებინათ და გამოეტანათ შემდეგ ახალი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს“.
თუ რატომ არ გააკეთეს, ამის შესახებ ლაპარაკობს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ჯაბა სამუშია. მისი თქმით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნატა ნაზღაიძის ძმას ვერეს ხეობაში საკუთრება არ აქვს, ოქტომბრის რეალობაა, ხოლო იმ დროს, როდესაც სტიქია მოხდა, ნაზღაიძე იმ ტერიტორიის მფლობელი და დაზარალებული იყო, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტებით:
„პირდაპირ არის მითითებული 21 ოქტომბერი 2015 წლის. სტიქიიდან 4,5 თვეა გასული. „საქართველოს ბანკი“ ითხოვს: გთხოვთ გააუქმოთ უძრავი ქონების (მითითებულია შესაბამისი საკადასტრო ნომერი) საჯარო რეესტრიდან ამონაწერში არსებული ქვემოთ მოცემული ჩანაწერი ვადის ამოწურვის გამო. ეს ყველაფერი, რაზეც ოპონენტები საუბრობენ, არის ოქტომბრის რეალობა. იმ დროს, როცა ხდება სტიქია, ოფციის უფლებით ნაზღაიძე იმ ტერიტორიის მფლობელია. მას აქვს ვალდებულებითი ნაწილი ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, ის არის დაზარალებული.“
რაც შეეხება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევას, ამასთან დაკავშირებით ჯაბა სამუშია ამბობს, რომ ანალიზში გამოტოვებულია სულ ცოტა ოთხი მნიშვნელოვანი მიმართულება:
„პირველი: 2015 წლის მაისში ჩოხელ-ნაზღაიძესა და ბანკს შორის მიმოწერა, რომელიც ეხება ოფციის საკითხს; მეორე: 2015 წლის ივნისში გაფორმებული მემორანდუმი. მესამე - ეს არის საჯარო რეესტრის ჩანაწერი და მეოთხე - საჯარო რეესტრში ბანკის მიერ წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტი ოფციის გაუქმების თაობაზე.“
თუმცა, ამ არგუმენტების მიუხედავად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მაინც ეჭვობენ, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს, უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა. ასოციაცია მოუწოდებს პროკურატურას დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი გარკვეული ტიპის დარღვევებს, რაც თავისი შინაარსით შეიძლება გახდეს სახელმწიფო მოხელეთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.