ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ესტონეთში ვიზიტისას ილაპარაკა ამერიკის მხარდაჭერაზე ესტონეთის და ბალტიის ქვეყნების მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ნატოს ნებისმიერ წევრს დაიცავს შეტევისაგან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგა ტოომას ჰენდრიკ ილვესთან ერთად ტალინში 3 სექტემბერს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა „რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ“ და თქვა, რომ „ესტონეთი არასოდეს დარჩება მარტო“.
ბარაკ ობამამ ნატოს მოუწოდა დაეხმაროს უკრაინის სამხედრო ძალებს და განაცხადა, რომ ალიანსმა ღია უნდა დატოვოს კარი ახალი წევრებისათვის რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. ობამამ რუსეთს ბრალი დასდო უკრაინაზე „თავხედურ თავდასხმაში“ და თქვა, რომ ნატომ კიევს „მხარდაჭერის ცალსახა გზავნილი“ უნდა გაუგზავნოს. აშშ-ის პრეზიდენტმა დაამატა, რომ ნატომ მონაწილეობა უნდა მიიღოს საქართველოსა და მოლდავეთის გაძლიერებაშიც.
ობამას თქმით, რუსეთის როლი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში შესაძლებლობას იძლევა ახლებურად იქნეს გააზრებული ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობების განახლებისა და გაძლიერების მნიშვნელობა.
თავის მხრივ, ესტონეთის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლეენბს „რუსეთის აგრესია“ უწოდა და თქვა, რომ სწორედ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ვითარების დეესკალაციაზე.
აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ილაპარაკა ბარაკ ობამამაც. მან თქვა, რომ აქამდე ამაზე მხოლოდ ლაპარაკი ისმოდა და ის ვერ ხედავდა ქმედით ნაბიჯებს ცეცხლის შესაწყვეტად. ობამას თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც რუსეთი აღარ იქნება კონფლიქტის აქტიური მონაწილე.
მან თქვა: „ჩვენ ვერ დავინახეთ საქმე, რომელიც მოჰყვებოდა ამ ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებებს. მაგრამ თუ რუსეთი მზადაა შეწყვიტოს დაფინანსება, შეიარაღება, გაწვრთნა და ბევრ შემთხვევაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში რუსული ჯარის ჩართვა და სერიოზულად უდგება პოლიტიკური დარეგულირების საკითხს, ეს სწორედ ის იქნება, რისი იმედიც გვაქვს ყველას“.
ობამას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველმხრივ იდგა უკრაინის გვერდით. ამერიკა უზრუნველყოფდა იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დახმარებოდა უკრაინას ეკონომიკურად და ამას დაემატებოდა ნატოს სამხედრო მხარდაჭერა:
„თუ ჩვენ ამ მცდელობებს დავამატებთ ნატოსა და უკრაინის სამხედრო ურთიერთობის გაგრძელებისადმი მხარდაჭერას, ისინი ნატოს წევრი არ არიან, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობდით მათ სამხედრო ძალებთან წვრთნისა და მხარდაჭერის კუთხით - მაშინ უკრაინა მხოლოდ სიტყვებით კი არ იგრძნობს ჩვენს მხარდაჭერას, არამედ საქმითაც დაინახავს, რომ ჩვენ მასთან ერთად ვმუშაობთ“.
ობამამ პრესკონფერენციაზე იმ საფრთხეზეც ილაპარაკა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ უქმნის რეგიონს. ამერიკის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი ჟურნალისტის, სტივენ სოტლოფის, მკვლელობასთან დაკავშირებით და თქვა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს სამაგიერო მიეზღვებათ.
ობამას შეხვედრა ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან წინ უსწრებს ნატოს სამიტს, რომელიც 4 სექტემბერს დაიწყება უელსში და რომლის ძირითადი ფოკუსიც იქნება რუსეთის აგრესია უკრაინაში.