Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი: აზრთა სხვადასხვაობა, როგორ დასრულდეს ომი სირიაში


„დიდი რვიანისა“ და რუსეთის ორდღიანი სამიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში დასრულდა. მის კულუარებში გამართულ შეხვედრაზე, ბარაკ ობამამ და ვლადიმირ პუტინმა დაადასტურეს, რომ სირიაში ძალადობისთვის ბოლოს მოღება სურთ, მაგრამ ამის მისაღწევი გზების განსხვავებული ხედვა აქვთ. თუმცა ამ მხრივ თვით ევროკავშირის შიგნითაც არ არის თანხმობა: ლონდონი და პარიზი მეამბოხეთა შეიარაღებას მხარს უჭერენ, ბერლინი - არა. შეთანხმება სირიის საკითხში მოხდა იმ მხრივ, რომ გამოიყოფა ჰუმანიტარული დახმარება.

ჟურნალისტებს პუტინმა ამ სიტყვებით ამცნო შეხვედრის შედეგი:

„ჩვენი პოზიციები, მთლიანობაში, ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ გვაერთიანებს სწრაფვა, დასრულდეს ძალადობა, შეწყდეს დაღუპულთა რიცხვის ზრდა, მოგვარდეს პრობლემა მშვიდობიანი მეთოდებით, მათ შორის, ჟენევაში მოლაპარაკებით. შევთანხმდით, რომ მხარეებს მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილეობისკენ“.

ბარაკ ობამამ იგივე აზრი ასე გამოხატა:

„სირიის თაობაზე პრობლემის მოგვარებას სხვადასხვანაირად ვუყურებთ, მაგრამ ვიზიარებთ ინტერესს, შემცირდეს ძალადობა, უზრუნველვყოთ ქიმიური იარაღის უსაფრთხოება, რათა არასოდეს იქნეს გამოყენებული და გავრცელებული. ამასთან, შევთანხმდით, რომ შეძლებისდაგვარად პოლიტიკური გზით მოვაგვაროთ პრობლემა. ჩვენს დელეგაციებს დავავალებთ, იმუშაონ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში პირველი შეხვედრის მოსამზადებლად“.

დასავლეთი კრიტიკულია პუტინის მიმართ იმის გამო, რომ სირიის მთავრობას იარაღით ამარაგებს მეამბოხეებთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც უკვე ორივე მხარეს 93 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. გასულ კვირაში ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ სირიელ მეამბოხეებს იარაღს მიაწოდებს. ობამას ადმინისტრაციამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა დააკავშირა ინფორმაციასთან, რომ სირიის მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. აშშ-ის თაობაზე არა, მაგრამ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ევროპელების გასაგონად თქვა, თუ მეამბოხეებს დაეხმარებიან იარაღით, ტერორიზმი მათ კონტინენტზე გადაინაცვლებსო. საფრანგეთი და ბრიტანეთი მეამბოხეთათვის დახმარებას ემხრობიან, ბერლინი ამის თაობაზე სხვა აზრისაა. ობამამ და პუტინმა ჩრდილოეთ ირლანდიის ფერმანის საგრაფოში მდებარე ქალაქ ინისკილენში შეხვედრისას ისაუბრეს ირანზეც და ჩრდილოეთ კორეაზეც. ობამამ პუტინთან ერთად განაცხადა, ირანის პრეზიდენტად ჰასან როჰანის არჩევა ფრთხილი ოპტიმიზმის იმედს იძლევა წინ წავიწიოთ დიალოგში თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემოო. როჰანიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ეს პროგრამა იქნება გამჭვირვალე, თუმცა ისლამური რესპუბლიკა არ აპირებს შეწყვეტოს ურანის გამდიდრების სამუშაოები.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG