Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალკანელი მუსლიმები სირიის ოპოზიციის მხარეს იბრძვიან


ელდარ კუნდაკოვიჩი სირიელ მეამბოხეებთან ერთად ბრძოლაში მაისის თვეში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა. განსხვავებით მებრძოლებისაგან, იგი არც სირიელია და არც რომელიმე არაბული ქვეყნის მოქალაქე. კუნდაკოვიჩი სერბიის მუსლიმურ რეგიონ სანძაკში მდებარე ქალაქ ნოვი პაზარიდან იყო. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაციამ, რომელიც სირიის მეამბოხეთა საიტზეც არის გამოქვეყნებული, საგანგაშო ტენდენცია წარმოაჩინა, - ამბობს სანძაკის მუფტთა საბჭოს წარმომადგენელი რესად პლოიოვიჩი, რომელიც აცხადებს, რომ ცალკეული ორგანიზაციები და პირები ბალკანელი მუსლიმების რეკრუტირებას ახდენენ:

„არსებობს გარკვეულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული ცენტრები ან ცალკეული პირები, რომლებიც სხვების მოტივირებას ახდენენ. გამორიცხული არ არის მათ ისიც იცოდნენ, როგორ უნდა გადაიყვანონ ეს ხალხი საომარ ზონაში. ვიყოთ გულახდილნი: აქ ბევრმა არც კი იცის, სად მდებარეობს სირია. შეუძლებელია მათ იცოდნენ, როგორ უნდა ჩავიდნენ ადგილზე და ჩაებან ყოველივე იმაში, რაც იქ ხდება“.

როგორც სირიაში დაღუპული ბოსნიელი ელდარ კუნდაკოვიჩის მამამ უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი შვილი მარტის თვეში თურქეთის გავლით გადავიდა სირიაში და სხვა 30 ბოსნიელ მებრძოლთან ერთად უყოყმანოდ შეუერთდა სირიელ მეამბოხეებს. კუნდაკოვიჩის მეგობარი მილა იოვოვიჩი კი ამბობს, რომ იგი უკვე სირიაში ჩასვლამდე დაადგა რადიკალიზმის გზას:

„იგი მოულოდნელად რელიგიური გახდა, შემდეგ დაიწყო ლექციებზე სიარული და ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც მას რელიგიაზე ხშირად ესაუბრებოდა“.

ნოვიპაზარელი ჟურნალისტი ანელ გრბოვიჩი კი ამბობს, რომ ბევრი სანძაკელი ჯიჰადისტი სირიაში ჩასვლამდე ემიჯნებოდა სერბიაში გავრცელებულ ორ უმთავრეს ისლამისტურ მიმდინარეობას, რათა მათი გადაბირება გასაიდუმლოებული ყოფილიყო.

მათ დამქირავებლად მოიაზრებიან სალაფიტებიც, რადგან სალაფიზმის იდეოლოგიასთან ღრმა კავშირები აქვთ ალ ყაიდას და ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ სირიაში მებრძოლ რადიკალურ ალ ნუსრას ფრონტს, რომლის შემადგენლობაშიც იბრძვიან ძირითადად ბოსნიელი ჯიჰადისტები.

როგორც ბოსნიის გამოძიებისა და დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დირექტორი გორან ზუბაცი ამბობს, მისი თანამშრომლები ფხიზლად არიან და უკვე დაკითხეს 8 კაცი, რომლებიც ბოსნიელ მოხალისეთა სირიაში ტრანსპორტირებაში არიან ეჭვმიტანილნი:

„თუ ჩვენი პრიორიტეტი ტერორიზმთან ბრძოლაა და ეს საქმიანობა ამ სფეროს ნაწილია, მაშინ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ გამოძიებისა და დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტში ხალხი ფხიზლადაა“.

სალაფიტები ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1992-1995 წლების ომის დროს გამოჩნდნენ. მაშინ დიდი რაოდენობით ჯიჰადისტი ჩავიდა სერბების წინააღმდეგ ომში ბოსნიელ მუსლიმთა დასახმარებლად. ზოგიერთი უცხოელი სალაფიტი ბოსნიაში ომის დასრულების შემდეგაც დარჩა. ისინი ბალკანეთში საკუთარი პლაცდარმის გასაძლიერებლად ფინანსურ დახმარებას საუდის არაბეთში მოქმედი სალაფიტური ცენტრიდან ღებულობდნენ.
XS
SM
MD
LG