Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ დაიცვა ირანთან მიღწეული შეთანხმება


ირანთან კვირა დილით ბირთვულ სფეროში მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ჟენევაში გაფორმდა, მომხრეც ჰყავს და უარმყოფელიც. ამ უკანასკნელთ მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა და დაიცვა თეირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმება.
ბარაკ ობამამ სან-ფრანცისკოში ბრალად დასდო ირანთან დადებული შუალედური შეთანხმების მიმართ კრიტიკულად განწყობილთ, რომ ისინი პოლიტიკურ თამაშს მიმართავენ იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას დაუჭირონ მხარი:

„მძაფრი სიტყვები და ხმაური შეიძლება პოლიტიკურად იყოს იოლი - პოლიტიკურად იოლია, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოებისთვის სწორი არ არის“.

პრეზიდენტ ობამას ნათქვამი მიმართული იყო ამერიკის ახლო მოკავშირე ისრაელისა და ასევე აშშ-ის კონგრესში არსებული პოლიტიკური ძალებისკენ, რომლებიც თვლიან, რომ შეთანხმება ირანის სასარგებლოდაა, რომ ის ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლას შეასუსტებს. ირანთან შეთანხმება არ მოიწონეს 1979-1980 წლებში თეირანში, აშშ-ის საელჩოში, ირანელების მიერ 444 დღის განმავლობაში დატყვევებულმა 66-მა პირმა - ამერიკის დიპლომატებმა თუ საიდუმლო სამსახურების მაშინდელმა თანამშრომლებმა.

კვირას, 24 ნოემბერს, დილაადრიან მიღწეული შეთანხმება ირანის ბირთვული პოგრამიდან ელემენტების ამოღებას გულისხმობს. ამის სანაცვლოდ, დასავლეთის მიერ ირანისთვის დაწესებული ორმხრივი თუ კოლექტიური სანქციები შერბილდება. ეს წაადგება ირანის ეკონომიკას და სულს მოათქმევინებს მილიონობით ირანელს, რომლებსაც პრობლემად ჰქონდათ არა მხოლოდ სიძვირე ზოგიერთი საქონლის დეფიციტის გამო, არამედ სერიოზული შეფერხებები წამლების სფეროში. ამჟამინდელი შეთანხმება ხუთი თვით დაიდო და ამიტომაც ჰქვია მას შუალედური. შემდგომში ექვსი წამყვანი სახელმწიფო და ირანი შეეცდებიან მომავალი, ფართო შეთანხმების შემუშავებას. ორშაბათს ობამამ შეაქო შეთანხმება და თქვა, რომ ის ირანის ბირთვულ „პროგრესს“ შეაყოვნებს, რომ პროგრამის საკვანძო ელემენტები შეწყვეტენ მოქმედებას. ჟენევის დოკუმენტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ის დიპლომატიის გამარჯვებაა, რომ ის თეირანსა და ვაშინგტონს აძლევს შესაძლებლობას უარი უთხრან ძველ უნდობლობას:

„თუ ირანი გამოიყენებს შესაძლებლობას და გლობალური საზოგადოების წევრობას ისურვებს, ჩვენ შეგვეძლება უარი ვუთხრათ ორ ქვეყანას შორის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ უნდობლობას. არც ესაა იოლი, დიდი გამოწვევები რჩება, მაგრამ დიპლომატიას კარს ვერ დავუკეტავთ“.

ობამა აპირებს მომავალ თვეებში მოლაპარაკებების გზით ხელი შეუწყოს ისეთი რეზოლუციის მიღებას, რომელიც ხანგრძლივად მოაგვარებდა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებულ დავას. დასავლეთი ვარაუდობს, რომ თეირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს, თვითონ ირანი კი ამას კატეგორიულად უარყოფს. ორშაბათ დილას ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იანვრისთვის აპირებენ ირანის ზოგიერთი სანქცია გააუქმონ.

დასავლელი ოფიციალური პირები იქვე აზუსტებენ, რომ თუ ირანმა არ შეასრულა ვალდებულებები, მას სანქციები აღუდგება. ირანი დათანხმდა მომავალში ურანი 5 პროცენტამდე გაამდიდროს და გააუვნებელყოს ადრე 20 პროცენტამდე გამდიდრებული და იარაღის შესაქმნელად საკმარისი მონაცემების ურანის ჩხირები. ირანი თანახმაა ასევე აღარ აამოქმედოს გასამდიდრებელი ცენტრიფუგები და ნება დართოს საერთაშორისო ინსპექტორებს მოინახულონ ბირთვული ობიექტები, მათ შორის, ისეთიც, რომლებიც მძიმე წყალზე მუშაობენ და პლუტონიუმის წარმოება შეუძლიათ. სანაცვლოდ ირანს შეურბილებენ სანქციებს, რომელთა მოცულობა, კაპიტალზე თუ გადავიყვანთ, შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობისაა. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ ექვსი თვის განმავლობაში არ დაუწესებენ ირანს სანქციებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG