საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროს რამდენიმე თემმა - მათ შორის, დიდმა ქალაქებმა, კანმა და ნიცამ - აკრძალა ქალთა სამოსით, ეგრეთ წოდებული ბურკინით, წყალში შესვლა. ნიცას ღრმა ჭრილობა დაუტოვა ტერორისტულმა აქტმა, რომელიც იქ წელს, ზაფხულში, განხორციელდა. სატვირთო ავტომობილით თავდასხმას 84 ადამიანი შეეწირა, დაახლოებით სამასი დაიჭრა. თუმცა ამკრძალავთა არგუმენტებს დამაჯერებლად ვერ მიიჩნევ, მათ მაინც დაუჭირეს მხარი პარიზში. ეს გადაწყვეტილება, არ დართონ ნება ქალებს ლაჟვარდოვანი სანაპიროს პლაჟებზე დაფარული სხეულით გამოჩნდნენ, ეფუძნება არგუმენტს, რომ საფრანგეთში ერთმანეთისგანაა გამოყოფილი სახელმწიფო და ეკლესია და საჯარო სივრცეში რელიგიის ნიშანი არ უნდა იქნეს გამოტანილი. აკრძალვის მომხრენი თვლიან, რომ ბურკინში გამოწყობილმა ქალმა შეიძლება პროვოცირება მოახდინოს. არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ ბურკინი ისლამისტური ექსტრემიზმის სიმბოლოა.
პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი, რომელმაც მხარი დაუჭირა ბურკინის აკრძალვას პლაჟებზე, ფიქრობს, რომ ბურკინის ტარება, ანუ ქალის მიერ თავისი სხეულის მთლიანად დაფარვა იქ, სადაც საცურაოდ და მზის აბაზანების მისაღებად დადიან, განპირობებულია თვალსაზრისით, რომ „ქალი მანკიერი და ბიწიერი არსებაა“. ქალის დამონების ასეთი ფორმა კი, ვალსის აზრით, ქვეყნის და რესპუბლიკის ფასეულობებთან შეუსაბამოა. საფრანგეთში რამდენიმე წლის წინ აიკრძალა ბურკინის, ანუ სხეულის მთლიანად, თვალების ჩათვლით, დამფარავი სამოსის ტარება. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, ჩაგვრის გამოხატულებაა თუ არა ჩადრის ტარება, უნდა გადაწყვიტოს თვითონ ქალმა, ვინც ამ ჩადრს ატარებსო. თამთა მიქელაძის განმარტებით, ევროპული საზოგადოება, რომლის ღირებულებები ქრისტიანობას ეფუძნება, თუმცა ის სეკულარიზებულია, ქრისტიანული შემეცნების სისტემიდან აღიქვამს სამყაროს და სრულიად არ ესმის სხვა სისტემის ადამიანთა მდგომარეობა. მისი თქმით, ბევრი მუსლიმი ქალი ამბობს, რომ ჩადრი მისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური ატრიბუტია და ზოგჯერ მათი თავისუფლების ნიშანიც კი და მულტიკულტურულ გარემოში საკუთარი იდენტობის ხაზგასმისა და ჩვენებისთვის, პირიქით, სურს ეს ატრიბუტი ატაროს. თამთა მიქელაძისთვის საფრანგეთში მიღებული გადაწყვეტილება ჰეგემონიური კულტურის მარგინალურ ჯგუფზე დომინანტური დამოკიდებულებაა, როცა ის საკუთარ წარმოდგენას თავს ახვევს სხვა ჯგუფს და მის წევრებს აზრს არ ეკითხება. „ძალიან ხშირად ამბობენ, ეს ქალები ვერ ხედავენ საკუთარ დაჩაგრულობას და სწორედ ამიტომ ჩვენ უფრო ვიცით მათთვის კარგი რა არისო. იმის გამო, რომ ისინი ამ კულტურულ, რელიგიურ, სოციალურ სისტემაში არიან აღზრდილები, მათ სისტემამ უკვე ასწავლა, რომ ეს არის კარგი და ამისგან დისტანცირებას, ანუ კრიტიკულ გააზრებას, ვერ ახერხებენო, რაც, მე მგონია, რომ არასწორია, მით უმეტეს, დასავლურ საზოგადოებაშიო“, გვეუბნება თამთა მიქელაძე. „რომელიმე ისლამურ საზოგადოებაში რომ დაიწყონ ფემინისტებმა, ქალთა მოძრაობებმა იმის განცხადება, რომ ჰიჯაბის, ჩადრის ტარება მათი ჩაგვრის სიმბოლოა, მე, სავარაუდოდ, ამ პროცესს მხარს დავუჭერდიო“. რაც საფრანგეთში ხდება, მას იგი ასეთ შეფასებას აძლევს: „დღეს სეკულარული, ლიბერალური საფრანგეთის, დასავლეთის საზოგადოებაში, რომელიც სავსეა ისლამოფობიური განწყობებით, მუსლიმების მარგინალიზაციის პროცესით, ეს თემა ამ პროცესის გაგრძელების თემა მგონია. ეს არის ჰეგემონიური ძალაუფლების განხორციელების საკითხი, როცა მას, ვინც იღებს გადაწყვეტილებას,საკუთარი თავი უფრო პრივილეგირებული ჰგონია და სურს, რომ „ჩამორჩენილი“ მუსლიმი ქალები დაიხსნას ჩაგვრისა და სიბნელისგან“.
ევროპაში, სადაც წელს ზემოთ გაშიშვლება პლაჟზე უმეტეს ქვეყნებში დაშვებულია და საფრანგეთისთვისაც არაა უცხო, სამოსის ამ ფორმის აკრძალვა პირად საქმეში ჩარევაა. გაიხსენეთ „მორალის პოლიცია“, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში ქუჩებში ეწევა პატრულირებას და ქალებს ან უკრძალავს, ან აძალებს რომელიმე სამოსის ტარებას. ლამის სალაღობო ამბავია იტალიელთა გაკვირვება ამ აკრძალვებით, რომლებიც შემოიღეს კანსა და ნიცაში. იტალიაში, როგორც ჩანს, ხშირად შეხვდებით პლაჟებზე ქალებს თავსაბურავითა და გრძელი ქვედა სამოსით. ესენი კათოლიკეები არიან, კათოლიკე მონაზვნები, რომლებიც ასე გადიან ზღვაზე, ამა თუ იმ მიზნით. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ, რომელიც ნამდვილად ვერ ჩაითვლება არაიტალიელთა მიგრაციის დიდ მომხრედ, განაცხადა, საფრანგეთი შეცდომას უშვებს, როცა ბურკინს კრძალავს პლაჟებზეო. გერმანიაში, რომელიც გამორჩეულია პლაჟებსა და პარკებში სხეულის გამოჩენის ტრადიციით და სადაც მთლიანად სხეულის დაფარვა საჯარო სივრცეში დისკუსიის საგანია, ბურკის, ანუ სხეულის მთლიანად, სახის ჩათვლით, დაფარვის აკრძალვაზე მსჯელობენ. გერმანიის ფედერალური მიწის, მეკლენბურგ-წინა პომერანიის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორენც კაფიემ, რომელიც გერმანიის მასშტაბით თავისი კოლეგების კავშირის წარმომადგენელია, 19 აგვისტოს ბერლინში მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, არ ვემხრობით ბურკის ტარებას საჯარო სივრცეებშიო: „ჩვენი აზრით, სახის მთლიანად დაფარვა ზიანს აყენებს სოციალურ ინტეგრაციას, ხელს უწყობს პარალელური საზოგადოების შექმნას და ხელს უშლის ინტეგრაციას. ამის გარდა, ის აშკარად ეწინააღმდეგება ქალის თანასწორუფლებიანობას და ღირსებას. ამიტომ უარვყოფთ მას და მოვითხოვთ, რომ გერმანიაში ყველა ადამიანმა გამოაჩინოს თავისი სახე. ამიტომ გარკვეულ სფეროებში, მაგალითად, დაწყებით და უმაღლეს სკოლებში, საბავშვო ბაღებში, სასამართლოებში, საპასპორტო უწყებებში, მმაჩის ბიუროებში, საპასპორტო და სატრანსპორტო კონტროლის დროს, საჯარო სამსახურის ოფისებში, დემონსტრაციების და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს, სხეულის მთლიანად დაფარვა უნდა აიკრძალოს“, - ასე უყურებენ შინაგან საქმეთა მინისტრები ბურკას. ერთია ბურკა, მეორეა ბურკინი. ტიუბინგენის უნივერსიტეტის სტუდენტი მეჰრვა ქაიქჩე „გერმანიის რადიოს“ უხსნის, როცა ცურვა გსურს, მიდიხარ საცურაოდ ბურკინით და „როცა ბურკინის ტარების უფლება არ გაქვს, საცურაოდ ვეღარ წახვალ, ცურვის შესაძლებლობას აკლდები, შინ უნდა დარჩე. ვინც ჩადრს ატარებს, საცურაოდ წასასვლელად მას ვერ მოიხდისო“.
სამართლის და მედიის მეცნიერებათა სტუდენტს ესმის, რომ ადამიანებისთვის იმის კარნახი, თუ რა ჩაიცვან, მიუღებელია. ბურკის აკრძალვა, ანუ აკრძალვა მთელი სხეულის დაფარვისა, სახის ჩათვლით, მას კიდევ შეუძლია გაიგოს, მაგრამ ბურკინის აკრძალვა სწორედ რომ არ ესმის და თვლის, რომ გერმანიაში, სადაც შიშველი ხალხის პლაჟებია და ყველას შეუძლია ისე გამოვიდეს, როგორც სურს, როცა არ არის აკრძალული მყვინთავების კოსტიუმით ცურვა, უსამართლობა იქნებოდა პლაჟზე ბურკინით გასვლის აკრძალვა. გერმანიის პარლამენტის მმართველი ფრაქციის წარმომადგენელი ინტეგრაციის საკითხებში, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი ჯემილე იუსუფი, რომელსაც თურქი წინაპრები ჰყავს და პირველი მაჰმადიანი წევრია ამ პარტიაში, არ ეთანხმება აკრძალვას და ამბობს, საფრანგეთში ამ აკრძალვებმა - ბურკისა, პირველ რიგში - აჩვენა, რომ მეტი უსაფრთხოება არც ამას მოაქვს, მთავარი პრობლემა რელიგიის ექსტრემისტული გაგებააო. საფრანგეთის პლაჟებზე პოლიცია ყურადღებით აკვირდება მზის აბაზანების მისაღებად და საცურაოდ მისულ ქალებს. ვინც კანონი დაარღვია და ბურკინით მივიდა ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ჯარიმას ახდევინებენ - დაახლოებით, 40 ევრო ჯდება ასეთი დარღვევა.