18 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკვლევა საზოგადოების განწყობის შესახებ, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციას გამოკვეთს როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესის მიმართ. ირკვევა, რომ საქართველოში ამომრჩეველსა და არჩეული თანამდებობის პირებს შორის მზარდი კომუნიკაციის პრობლემაა, რომ გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. გამოკვლევის ყველაზე დიდი თავი ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას ეძღვნება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებულ გამოკვლევაში საზოგადოების განწყობა - მისი აზრი პარლამენტის საქმიანობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პარტიებზე, საჯარო სივრცეში ქალებისა და კაცების თანაფარდობასა თუ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან მიმდინარე მოვლენებზე - 50 კითხვაზე მიღებული პასუხების მეშვეობითაა გამოკვეთილი.
ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან დაბალია. არ არსებობს პარტია, რომელსაც გამოკითხულთა ნახევარი მაინც უჭერდეს მხარს...ლორა თორნტონი
როგორც 18 იანვარს გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, საქართველოში ამომრჩეველსა და არჩეული თანამდებობის პირებს შორის მზარდი კომუნიკაციის პრობლემაა. გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა, 75 %, ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრი დაიცავს არა მოქალაქეების, არამედ პარტიისა და საკუთარ ინტერესებს. გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი უჭერს მხარს რომელიმე პარტიას, მათ შორის 31% - „ქართულ ოცნებას“, 10 % - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 4 % კი - „ევროპულ საქართველოს“. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით საინტერესო მიგნებაა:
„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან დაბალია. არ არსებობს პარტია, რომელსაც გამოკითხულთა ნახევარი მაინც უჭერდეს მხარს. ეს ძალიან უჩვეულოა ახლახან ჩატარებული არჩევნების ფონზე. პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ მეტი ძალისხმევა ხალხის დასარწმუნებლად, რომ სწორედ მათი პარტია აირჩიონ, თუმცა ცვლილებებისა და მყარი არგუმენტების გარეშე საეჭვოა რაიმე შეიცვალოს პარტიების მხარდაჭერის თვალსაზრისით“.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საზოგადოებრივი განწყობა ზუსტად გამოხატავს დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის დიაგნოზს. მისი სიტყვებით, უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, როგორც ჩანს, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ახალ თაობას დაეკარგა ინტერესი პოლიტიკის მიმართ. საგანგაშოა მისთვის ისიც, რომ გამოკითხულთა მნიშვნელოვანი რაოდენობის, 24 %-ის, აღიარებით, არც ერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ხოლო 15 %-მა არ იცის, ვის დაუჭერდა მხარს:
„ასეთი ინტელექტუალურად და ნებელობითი თვალსაზრისით მწირი ქართული პოლიტიკური სპექტრი არავის ახსოვს ბოლო 27 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მე ამას ვხსნი იმით, რომ, როგორც ჩანს, თაობათა გენერალური ცვლის ეპოქაში ვცხოვრობთ, არის სერიოზული დისტანცია პოლიტიკის მიმართ. ამ კვლევაში ყველაზე საშიში არის ის დიდი პროცენტი, რომელიც ან საერთოდ უარს ამბობს პასუხის გაცემაზე, ან რომელსაც არ აქვს არჩევანი, თუ ვის დაუჭიროს მხარი. ფაქტიურად, ამომრჩეველი ჰყავს მხოლოდ ორ პარტიას. დანარჩენები, ყველა ერთად რომ გადაადნო, ალბათ 10 %-ს არ სცდება“.
აღმოჩნდა, რომ საზოგადოება უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სახელმწიფო ახერხებს განავითაროს ინსტიტუციები ამ მიმართულებით. ეს განსაკუთრებით ეხება გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის თემას, რადგან დიდი ხანია საზოგადოებას აქვს მოთხოვნა...იდა ბახტურიძე
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებულ გამოკვლევაში ყველაზე დიდი თავი, რომელიც 21 კითხვისგან შედგება, ეძღვნება ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობას. გამოკითხულთა უმეტესობა - 81% - მიიჩნევს, რომ ქალებისთვის ოჯახში ძალადობა ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში. გამოკითხულთა 72 % ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა ქალებისთვის ადრეული ქორწინებაა. ამ პრობლემას, 56 %-ით, მოსდევს არასასურველი სექსუალური ხასიათის ზეწოლა. გამოკითხულთა უმრავლესობა, 77 %, მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდგე კანონის შემოღებას. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი კვლავაც უკმაყოფილოა საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების წინაშე არსებული ბარიერებით. მათ მიაჩნიათ, რომ პარლამენტსა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ქალია. გენდერული კვოტის შემოღებას გამოკვლევაში მონაწილეების 63 % უჭერს მხარს. „ქალთა მოძრაობის“ წევრი და ფემინისტი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ სასიხარულოა თავად ის ფაქტი, რომ ამ ტიპის კვლევაში ყველაზე მოცულობითი თავი სწორედ გენდერული მიმართულებით არსებულ პრობლემებს მიეძღვნა, რადგან, მისი სიტყვებით, უმნიშვნელოვანესია იმის გაგება, თუ რას ფიქრობს საზოგადოება ქალთა საკითხებზე. იდა ბახტურიძე გამოკვლევის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას:
„აღმოჩნდა, რომ საზოგადოება უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე სახელმწიფო ახერხებს განავითაროს ინსტიტუციები ამ მიმართულებით. ეს განსაკუთრებით ეხება გენდერული ძალადობის და ოჯახში ძალადობის თემას, რადგან დიდი ხანია საზოგადოებას აქვს მოთხოვნა. ქალები იწყებენ ბრძოლას და, სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუციები არიან იმავე დონეზე, რა დონეზეც რამდენიმე წლის წინ იყვნენ. საინტერესო ტენდენცია იყო ასევე ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ამ საკითხზე აქტიურად საუბარი, სექსუალურ შევიწროებაზე ადამიანებს უკვე აქვთ ინფორმაცია და უკვე ემხრობიან იმას, რომ ეს პრობლემა კანონით რეგულირდებოდეს“.
გამოკვლევის მესამე თავი მიეძღვნა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მისი პირველი კითხვები საკონსტიტუციო ცვლილებებს დაეთმო. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა მხოლოდ 25 %-მა იცოდა კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ. კიდევ ერთი კითხვა ამ ქვეთავიდან ეხება თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქის მთავრობამ პუშკინის ქუჩაზე არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა შპს „თბილისი სითის“. ამ ფაქტის შესახებ ცნობილი იყო გამოკითხულთა 58 %-ისთვის და ეს მიუღებელი აღმოჩნდა 73 %-ისთვის. გამოკვლევის კითხვარში მოხვდა გასული წლის მიწურულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა - ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბ „ვიტესის“ კაპიტნის, გურამ კაშიას მიერ ცისარტყელის ფერების სამკლაურის გაკეთება. 15 ოქტომბრის მატჩზე ამ ჟესტით მან სექსუალურ უმცირესობათა უფლებების მხარდაჭერა გამოხატა, რაც გამოკითხული მოსახლეობის 62 %-ისათვის მიუღებელი აღმოჩნდა.