ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები და წარმოადგინა ის მიგნებები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების კურსს, საგარეო პოლიტიკას, თავდაცვას, ხელისუფლებისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას და პარტიების მხარდაჭერას.
ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების 40% ფიქრობს, რომ ქვეყნის განვითარების კურსი არასწორია. 29%-ის აზრით კი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
რაც შეეხება ხელისუფლების საქმიანობას, აქ მოსახლეობის აზრი თითქმის ორ ტოლ ნაწილად იყოფა: 49% ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 44% კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების საქმიანობას დადებითი შეფასება უნდა ჰქონდეს.
სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, გამოკითხული მოსახლეობა ყველაზე დადებითად იუსტიციის სახლებს, ჯარსა და ეკლესიას აფასებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ, ეკლესიის შეფასება 80%-იდან 56%-მდე შემცირდა. ყველაზე დაბალი დადებითი შეფასება, 14%, მოსახლეობისგან მიიღო სასამართლომ.
დაბალია პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაც: გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 26% ასახელებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“, მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად. 9% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% კი - „ევროპულ საქართველოს“.
მედია
საყურადღებო შედეგი აჩვენა გამოკითხვამ მედიის მიმართულებით, რომლის თანახმადაც, საკმაოდ მაღალია განცდა, რომ ქართული მედია დეზინფორმაციას უწყობს ხელს. ასე ფიქრობს გამოკითხული მოსახლეობის 68%. ნაკლებია მაჩვენებელი იმ ადამიანებისა (45%), რომლებიც თვლიან, რომ დეზინფორმაციას ავრცელებენ რუსული არხები. NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი ფიქრობს, რომ ქართული მედიისადმი გამოხატული ასეთი მაღალი უნდობლობა მაუწყებლობისათვის და ჟურნალისტებისათვის საგულისხმო უნდა იყოს: „ეს პრობლემა გლობალური გამოწვევაა, რომელიც დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს საფრთხეს უქმნის. ამ პირობებში აუცილებელია, რომ საქართველომ მოსახლეობისთვის სანდო მედია სივრცის შექმნას შეუწყოს ხელი“.
კორუფცია
ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს? ამ კითხვით მიმართეს გამოკვლევის ავტორებმა მოსახლეობას. გამოკითხულთა 44% ეთანხმება ამ მოსაზრებას. 29% თვლის, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფცია არ არის.
ეროვნული უსაფრთხოება
გამოკითხული მოსახლეობის 52% მიიჩნევს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 43%. ქვეყნის უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს აშშ - ასე ფიქრობს მოსახლეობის 30%. რაც შეეხება რუსეთს, გამოკითხულთა 13% ქვეყნის უსაფრთხოებას რუსეთის დამსახურებად მიიჩნევს. ამასთანავე, გამოკვლევის მიხედვით, საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი (63%) და რუსული სამხედრო აგრესია (13%) წარმოადგენს. გამოკითხულთა 26% ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატოში გაწევრიანება დაეხმარება.
ნატო, ევროკავშირი, ევრაზია
ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 75%, ნატოში გაწევრიანებას კი 65% უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ წინა გამოკითხვის, 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა მცირე კლებაა. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ, გამოკითხულთა 21% მიიჩნევს, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი მცირედითაა დაკლებული საზოგადოებრივი აზრის დეკემბრის გამოკითხვასთან შედარებით.
კრიმინალი
დიდი იმ მოსახლეობის რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაზრდილია. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 63%.
ოფიციალური პირები და პოლიტიკური ლიდერები
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობა ყველაზე დადებითად შეაფასეს გამოკითხულმა მოქალაქეებმა.
არჩევნები
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? ამ კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 30%-მა. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას გამოხატავს 26%. ნაციონალური მოძრაობას კი ხმას მისცემდა 9%.