Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხისტი თუ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა?


ორგანიზაცია ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ძალისხმევით, თბილისში ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოში ნარკომომხმარებელთა მდგომარეობას მიეძღვნა. როგორი ნარკოპოლიტიკა უნდა არსებობდეს ქვეყანაში - ხისტი თუ ლიბერალური? ექსპერტები თანხმდებიან, რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა პრობლემას გაცილებით იოლად გაუმკლავდება. როგორც ქართველი, ისე ევროპელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ხისტი პოლიტიკის შედეგად საქართველოში ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაზრდილია.

40 წლის მარინა იმიტომ იჯდა ოთხი წელი ციხეში, რომ ის ნარკომომხმარებელი იყო. მისი ამბავი, ერთი შეხედვით, ძალიან ბანალურია. ჰქონდა ოჯახური პრობლემები, მეგობრებმა პრობლემების დასავიწყებლად წამალი შესთავაზეს და მარინამ წამალზე უარი არ თქვა. ნარკოტიკის მოხმარების დაწყებიდან ექვსი თვის თავზე დააპატიმრეს კიდეც. ახლა კედელზე ჩამოკიდებულ თავის ნამუშევრებთან დგას და ცდილობს ცხოვრება თავიდან ააწყოს. გაყიდის თუ არა ციხეში ნასწავლ თექაზე გადატანილ ფიროსმანის ”მეეზოვეს” და ”მებადურს”, არ იცის, მაგრამ ის კი იცის, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება უნდა:

”ცხოვრების მიზეზი უნდა გქონდეს. როცა ირგვლივ არავინ გყავს, სამსახური არ გაქვს და ა.შ., გვგონია, რომ ნარკოტიკის საშუალებით სადღაც მივდივართ, თითქოს გამოსავალს ვპოულობთ, მაგრამ სინამდვილეში უარესია. მეორე დღეს იღვიძებ, არც პრობლემაა მოგვარებული და ამას სხვა პრობლემა -ნარკოტიკებიც - ემატება. ყველას ვურჩევდი, რომ არ მოჰკიდონ წამალს ხელი, რადგან ის აუცილებლად მიიყვანს მათ ან ციხეში, ან საავამდყოფოში და ან კიდევ სასაფლაოზე. მეტი გამოსავალი არ არსებობს”, - ამბობს მარინა.
შევამჩნიე, რომ ადამიანი იცვლებოდა. ალკოჰოლს არ სვამდა, ე.ი. პრობლემა სხვაგან იყო. მერე შპრიცი აღმოვაჩინე, გადაგდება დაავიწყდა...

მარინამ რომ წამლის მოხმარება დაიწყო, მისი შვილი, თამუნა, 16 წლის იყო. თამუნა ახლა დედამისის ნამუშევრებთან დგას. უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, თამუნა დედამისის გვერდით დგას. ან, კიდევ უფრო ზუსტად, დედას გვერდში უდგას. თამუნა ახლა 21 წლისაა. თავიდან ვერ ვხვდებოდი რა ემართებოდა დედასო, ასე იწყებს ის საუბარს:

”შევამჩნიე, რომ ადამიანი იცვლებოდა. ალკოჰოლს არ სვამდა, ე.ი. პრობლემა სხვაგან იყო. მერე შპრიცი აღმოვაჩინე, გადაგდება დაავიწყდა. ჩვენ ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამაზე. ვთხოვე დაენებებინა ნარკოტიკისთვის თავი. ისიც ვუთხარი, რომ თუ თავს არ დაანებებდა, მასთან ურთიერთობას შევწყვეტდი. როცა გავიგე, რომ დაიჭირეს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი. ისე არ არის, რომ ადამიანი გააგდო სახლიდან და უთხრა, რომ მე შენთან აღარ მინდა ურთიერთობა, რადგან ის შეიძლება დაიღუპოს, პირიქით, გვერდში უნდა დაუდგე მას”, - ამბობს თამუნა, მარინას შვილი.

გამოფენა, სადაც მარინამ საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინა, „ზიანის შემცირების“ ეროვნული კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. თუკი „ზიანის შემცირების“ მისიას განვმარტავთ, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ საქართველოს ნარკოპოლიტიკის შეცვლა, უფრო კონკრეტულად კი, მისი ლიბერალიზაცია წარმოადგენს. მიუხედავად 2012 წლის მაისში კანონში შესული ცვლილებებისა, ნარკოკანონმდებლობა კვლავაც ხისტია და მისი სადამსჯელო მიდგომა პრობლემას ვერ მოერევა, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში დავით ოთიაშვილი, ”ალტერნატივა ჯორჯიას” დირექტორი და ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” გამგეობის წევრი:

”არც ერთ ქვეყანაში, სადაც მოხდა კანონის შერბილება, მაგრამ, პარალელურად, ინვესტირება მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობაში, მატება ნარკოტიკების მოხმარებისა არ ყოფილა. საქართველოს პირობებშიც, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჭკვიანურად დაიგეგმა ეს პროცესი, საშიშროება იმისა, რომ ყველა მიაწყდება ნარკოტიკს, არ არსებობს. აქ არის საუბარი ერთ მუხლზე, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ამოღებაზე, რომელიც განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში ადამიანის ციხეში გაშვებას ითვალისწინებს”, - ამბობს დავით ოთიაშვილი.
მთელი ამ წლების განმავლობაში, ის მონაცემები, რომლებზეც პროკურატურა გვესაუბრებოდა, რომ ჩვენი პოლიტიკა არის ეფექტური, არ ყრია შპრიცები, აღარ შემოდის წამალი და ა.შ., ამან გამოიწვია ის, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა...
ლაშა ზაალიშვილი

ის ხელისუფლებას სისხლის სამართლის კოდექსიდან 273-ე მუხლის ამოღების სანაცვლოდ ნარკომომხმარებლების სამკურნალო და სარეაბილიტაციო დაწესებულებებში გადაყვანას სთავაზობს. როგორც ის ამბობს, თანხა, რომელიც ნარკომომხმარებლების საპატიმროებში შენახვას ხმარდება, უმჯობესია მოხმარდეს მათ მკურნალობას. დავით ოთიაშვილის თქმით, ამ მიდგომით ნარკომომხმარებლებს უფრო დიდი შანსი გაუჩნდებათ განკურნებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის, ვიდრე ამას საპატიმროდან გამოსულები მოახერხებენ.

”ფართოდ დეკლარირებულმა კამპანიამ, რომ საქართველოში ნარკომომხმარებელთა რაოდენობა შემცირდა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა წარმატებულად მიმდინარეობს, გამოიწვია ის, რომ დღეს საქართველოში ნარკომომხმარებლები გადაერთვნენ ე.წ. კუსტარულ ნარკოტიკებზე, რამაც ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 40 ათასიდან 45 ათასამდე გაზარდა”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლაშა ზაალიშვილი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” აღმასრულებელი დირექტორი. მას საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” და ორგანიზაცია ”ბემონის” მიერ ჩატარებული უკანასკნელი გამოკვლევის შედეგები მოჰყავს, რომელიც მარტში გამოქვეყნდა და რომლის მიხედვითაც, საქართველოში ნარკომომხმარებელთა რიცხვი გაზრდილია:

”მთელი ამ წლების განმავლობაში, ის მონაცემები, რომლებზეც პროკურატურა გვესაუბრებოდა, რომ ჩვენი პოლიტიკა არის ეფექტური, არ ყრია შპრიცები, აღარ შემოდის წამალი და ა.შ., ამან გამოიწვია ის, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. მათი რიცხვი კი ძირითადად გაიზარდა კუსტარული ნარკოტიკის მოხმარების ხარჯზე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხელოვნურად ვერანაირ პრობლემას ვერ აგვარებ და რეპრესია მხოლოდ და მხოლოდ ახალ პრობლემებს ბადებს”.

2007 წელს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის წარმოებას უკავშირებდა ყოფილი ხელისუფლება შედეგს, რომელიც პროკურატურამ 2011 წლისთვის მიიღო. როგორც პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოკვლევა იუწყებოდა, 2011 წლისთვის ნარკოდანაშაულის რიცხვი 53 პროცენტით იყო შემცირებული. ”მკაცრი რეპრესიული პოლიტიკის” პოზიტიურ შედეგებზე საუბრობდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც. საკანონმდებლო ორგანოში 2008 წელს დაწყებული მუშაობა, ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, 2012 წლის მაისში დასრულდა. სწორედ ამ პერიოდში გახშირდა დისკუსიები და მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოში ნარკოპოლიტიკა, ხისტი თუ ლიბერალური. კანონში შესული ცვლილებები, ვერ აღმოჩნდა საკმარისი ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ექსპერტებისათვის. ლაშა ზაალიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მზადდება სპეციალური მიმართვა ხელისუფლების სახელზე, რომლის საფუძველზეც ისინი მოითხოვენ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას.

საქართველოში ნარკოპოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს პაველ ბემი, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მას საქართველოს ხელისუფლებისათვის რამდენიმე რეკომენდაცია აქვს. მისი რეკომენდაციების სათავეში კი ნარკოპოლიტიკის შეცვლა დგას. ამ რეკომენდაციას ის საერთაშორისო გამოცდილებაზე მითითებით ამყარებს:

”უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკომომხმარებელთა დაპატიმრება და მათი დამნაშავეებად აღქმა ჯერ კიდევ ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. უკანასკნელი 20 წლის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა, რომ ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვა, პირველ რიგში, ძალიან არაეფექტურია და, მეორე, ძალიან ძვირი უჯდება სახელმწიფოს მათი ციხეში შენახვა. ამით კი ვკარგავთ რესურსს მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის”.

პაველ ბემის რეკომენდაციებს შორისაა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია. მისი სიტყვებით, დეკრიმინალიზაციას მთელი რიგი პოზიტიური შედეგები უნდა მოჰყვეს:

”დიდი ალბათობით, დეკრიმინალიზაციის პროცესში თქვენ გაცილებით იოლად გექნებათ წვდომა ე.წ. დამალულ ნარკომომხმარებლებთან, რომლებსაც არ აქვთ კონტაქტი ჯანდაცვის სფეროსთან. გამოკვლევების მიხედვით, საქართველოში არსებული 45 ათასი ნარკომომხმარებლიდან მხოლოდ ერთ მეოთხედს აქვს კონტაქტი ჯანდაცვის სერვისებთან. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი ნარკომომხმარებლები საფრთხეში არიან არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ თავად შეიძლება დაავადნენ შიდსით ან ცე ჰეპატიტით, არამედ ისინი საფრთხეს უქმნიან დანარჩენ საზოგადოებასაც”.

სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიისთვის გეგმავს საქართველოს პარლამენტი ნარკოკანონმდებლობის გადახედვას და მასში ცვლილებების შეტანას. გუგული მაღრაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ, პირველ რიგში, განიხილება საკითხი ნარკომომხმარებლების საპატიმრო სასჯელის თაობაზე. ნარკოპოლიტიკის შეცვლას ის ბეწვის ხიდზე გადასვლას ადარებს:

”ერთი მხრივ, საჭიროა, რომ შევაკავოთ და არ მოუნდეთ ადამიანებს ნარკოტიკის მოხმარება, რადგან დასჯის შიში აჩერებს მაინც მათ ნაწილობრივ. მაგრამ, ამავე დროს, მას, ვისაც უნდა მკურნალობა, უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იმკურნალოს და შესაძლოა ჯარიმებიდან გაკეთდეს სპეციალური ფონდი, რომ ეს ფონდი მკურნალობას მოხმარდეს. აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომ ისეთი ხისტი პოლიტიკა, რომელიც ადრე იყო, აღარ გაგრძელდეს და ნარკომანის ხარჯზე არ მდიდრდებოდეს ბიუჯეტი. თუკი ბიუჯეტში შევა ფული, ის ისევ ნარკომანების მკურნალობას უნდა მოხმარდეს”, - ამბობს გუგული მაღრაძე.
XS
SM
MD
LG