Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მზადება რთვლისთვის


მიმდინარე კვირის ბოლოს "რთველი 2013" დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება. წლევანდელ სეზონზე, ჯამში, 150 000-მდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, ფერმერებისგან ყურძენს 80-მდე საწარმო ჩაიბარებს, რომელთა ნაწილში ახლა ტექნიკური გადაიარაღება მიმდინარეობს. გურჯაანში უკვე გაიხსნა რთვლის საკოორდინაციო შტაბი. მას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. დავითაშვილი ვარაუდობს, რომ წლევანდელი რთველი ნაკლები პრობლემებით ჩატარდება:

„მე ვფიქრობ, რომ წლევანდელი რთველი ნაკლებად ხარვეზიანი იქნება. გლეხებს არ მოუწევთ ვაუჩერების განაღდება, ორმაგ რიგში დგომა და ა.შ.“

რთვლის დაწყებამდე გახდა ცნობილი, რომ წელს ხარისხიანი ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი ერთი ლარი იქნება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განაცხადა, წელს პირველად სახელმწიფოსგან სუბსიდიას მიიღებენ ღვინის ქარხნები და არა პირდაპირ ფერმერები, როგორც აქამდე იყო. მინისტრი ამბობს, რომ ამით გამოირიცხება ყველა ის პრეტენზია, რომელიც სუბსიდიით გაცემის დროს იყო ხოლმე:

კარგია, რომ წელს ერთ კილოგრამ ყურძენს ერთ ლარად ჩაიბარებენ, თუმცა ჩემი სურვილია, რომ ცნობილ ბრენდ „მუკუზანში“ 20-30 თეთრით მეტი მაინც გადაიხადონ...
ზვიად სოლოღაშვილი
„’რთველი 2013’ იქნება ისეთი, რომ გლეხი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, ხოლო წარმოება - უფრო თანამედროვე. წელს მოხდება მეწარმეების პირდაპირი დაფინანსება. სუბსიდირება გავრცელდება სამ ჯიშზე. ეს არის: რქაწითელი, კახური მწვანე და საფერავი“.

ზვიად სოლოღაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში ცხოვრობს. მისი ყურძენი ჯერ არ დამწიფებულა, თუმცა გაიგო, რომ წელს ყურძნის ფასი ერთი ლარი იქნება. სოლოღაშვილი ამბობს, რომ ფასი მისაღებია, თუმცა ისურვებდა, რომ ის უფრო მაღალი იყოს:

„კარგია, რომ წელს ერთ კილოგრამ ყურძენს ერთ ლარად ჩაიბარებენ, თუმცა ჩემი სურვილია, რომ ცნობილ ბრენდ „მუკუზანში“ 20-30 თეთრით მეტი მაინც გადაიხადონ“.

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ისინი მზად არიან წელს ყურძენი ჩაიბარონ, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის ქარხანა, ჯამში, რამდენ ტონა მოსავალს მიიღებს. კომპანიის დირექტორის განცხადებით, შესაძლოა ხარისხიან ყურძენში ერთ ლარზე მეტიც იქნეს გადახდილი:

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნა. „მუკუზანზე“ გეტყვით: ეს ბრენდული ყურძენია და რუსეთში მასზე განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება...
ლევან დავითაშვილი
„აბსოლუტურად მისაღებია ყურძნის ფასი. ერთ ლარზე მეტი იმის მიხედვით იქნება გადახდილი, თუ როგორი ხარისხი აქვს პროდუქტს. ვფიქრობ, 1 ლარი იქნება მინიმუმი, რასაც ჩვენ გადავიხდით!“

გურჯაანში განთავსებულ რთვლის საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რომ წელს კახელ ფერმერს ხარისხიანი ღვინის რეალიზაციის პრობლემაც არ უნდა შეექმნას. შტაბის ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი ამის პირობას რუსეთის ბაზრის გახსნაში ხედავს:

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნა. „მუკუზანზე“ გეტყვით: ეს ბრენდული ყურძენია და რუსეთში მასზე განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება“.

რთვლის ორგანიზებულად ჩატარებაზე პასუხისმგებლობას იღებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაც. ახლად დანიშნული გამგებლის ემზარ ჯიქურაშვილის განცხადებით, პროცესში ჩართული იქნებიან სოფლის რწმუნებულებიც:

„სოფლის რწმუნებულთა აპარატებში ხდება ფერმერთა აღრიცხვა, რომლებსაც მოსავლის ჩაბარება სურთ. ამით ჩვენ წინასწარ გვეცოდინება, რამდენი ადამიანი აბარებს ყურძენს და შესაბამისად უზრუნველვყოფთ, რომ რიგები არ წარმოიქმნას“.

რთველი 31 აგვისტოდან დედოფლისწყაროს სოფლებიდან დაიწყება, ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჩაერთვებიან ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG