Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენაკის დამწვარი ბაზრის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს


ხანძარი სენაკის ბაზარში
ხანძარი სენაკის ბაზარში

სენაკის დამწვარი ბაზრის მოვაჭრეებმა დღეს, 27 აგვისტოს, სენაკი-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალი ცოტა ხნით გადაკეტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ზარალის კომპენსაციას ითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, ადგილობრივი გამგეობა უძლურია და ამიტომ დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ:

„ვარ ლტოლვილი, სამჯერ დაზარალებული. არავითარი სახსრები არ გამაჩნია და ჩემნაირია აქ ყველა. ჩვენს სენაკს არ შეუძლია დახმარება რომ მოგვცეს, ამიტომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ვთხოვთ“.

„რა ვქნა? რამდენი ბანკია, იმდენი სესხი მაქვს, რით ვირჩინო თავი?“ - ამბობენ მოვაჭრეები. მათ საავტომობილო გზა პოლიციის ჩარევით გაათავისუფლეს და გადაინაცვლეს ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც საკუთარი დახლების დასუფთავება დაიწყეს. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა სენაკის სამხედრო ბაზის ჯარისკაცებმაც მიიღეს.

საკითხი მუშავდება, ვფიქრობთ და რაღაც ზომები ამ მიმართულებით იქნება მიღებული. რაიმეს თქმა კონკრეტულად გამიჭირდება, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და გამოძიება არ იქნება დასრულებული...
გოჩა დგებუაძე

გამგეობა მოვაჭრეებს ჰპირდება, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ბაზრის აღდგენა და შეკრებილებს ვაჭრობის საშუალება მიეცემათ. ბაზრის დაზარალებული თანამშრომლების განმარტებით კი, მოთხოვნების შესრულებამდე საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძის განცხადებით, ადგილობრივ ბიუჯეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ზარალი აუნაზღაურდეთ მოვაჭრეებს, თუმცა: „საკითხი მუშავდება, ვფიქრობთ და რაღაც ზომები ამ მიმართულებით იქნება მიღებული. რაიმეს თქმა კონკრეტულად გამიჭირდება, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და გამოძიება არ იქნება დასრულებული“.

საპროტესტო აქცია მოვაჭრეებმა 26 აგვისტოსაც გამართეს, როცა ჯერ სავაჭრო ცენტრის წინ მდებარე გზა, მოგვიანებით კი თბილისი-სენაკის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. მაშინაც გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება პოლიციის დახმარებით მოხერხდა. 26 აგვისტოს, საპროტესტო აქციების შემდეგ, დაზარალებული მოვაჭრეები გამგებლის შუამავლობით სხვადასხვა ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გამგებლის თქმით, საუბარი შეეხო საბანკო კრედიტების გადავადებას. შეხვედრა ადგილობრივი ფილიალის ხელმძღვანელებთან შედგა და, გოჩა დგებუაძის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას თბილისის სათავო ოფისები მიიღებენ. მიუხედავად ამისა, როგორც გამგებელი აცხადებს, უკვე არსებობს წინაპირობა, რომ ისინი წინადადებას დასთანხმდებიან და მოხდება დაზარალებული მოვაჭრეებისთვის სესხების გადავადება. მანამდე კი გრძელდება გამოძიება სენაკის ბაზარში გაჩენილი ხანძრის მიზეზების, მით უფრო, რომ, მოვაჭრეების მტკიცებით, ხანძარი შპს „სენაკის სუპერმარკეტის“ მფლობელის, მურად შამათავას პოლიტიკურ საქმიანობას უნდა უკევშირდებოდეს.

„ბენზინი რომ იყო დასხმული, ჩემი თვალით ვნახე. სპიჩქა რომ დააგდო ბენზინზე, აი, ისე მიდიოდა ცეცხლი. ამ ჩვენი დირექტორის ინტერესი ჰქონდათ და, აი, რა დაგვემართა ჩვენ, გაჭირვებულ ხალხს“, - ამბობს ბაზრის დაზარალებული მოვაჭრე.

7 წუთში 3 000-მდე ფართობის დაწვა გონივრულ ეჭვს იწვევს ჩემში, რომ დაგეგმილ ქმედებასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირი აქვს თუ არა, გამორიცხვით ვერ გამოვრიცხავ...
მურად შამათავა

ბაზრის მფლობელი მურად შამათავა სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. მან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დატოვა კოალიცია „ქართული ოცნება“ და სხვა პოლიტიკური სუბიექტის, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი გახდა. ხანძრის გაჩენის მიზეზებთან დაკავშირებით ის მოვაჭრეებს ეთანხმება:

„7 წუთში 3 000-მდე ფართობის დაწვა გონივრულ ეჭვს იწვევს ჩემში, რომ დაგეგმილ ქმედებასთან გვაქვს საქმე. პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირი აქვს თუ არა, გამორიცხვით ვერ გამოვრიცხავ“, - აცხადებს მურად შამათავა. სამაგიეროდ, ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენას რაიმე პოლიტიკური ნიშნით გამორიცხავს გამგებელი. გოჩა დგებუაძე ვარაუდობს, რომ ცეცხლი, შესაძლოა, ძველმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.

სენაკის ბაზარში ცეცხლი 25 აგვისტოს 21:00 საათისთვის გაჩნდა. დამწვარია 250-მდე მოვაჭრის საქონელი, მაღაზიები, აფთიაქი და სტომატოლოგიური კლინიკა. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ყველა სახანძრო სამსახურმა მიიღო. მიუხედავად ამისა, ხანარი სწრაფად გავრცელდა და სახანძრო სამსახურმა მხოლოდ მოვაჭრეების გამოყვანა შეძლო. ისინი საკუთარი სამრეწველო-სამეურნეო საქონლის გადარჩენას ამაოდ ცდილობდნენ. ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის.

XS
SM
MD
LG